1. უკონტროლო კვებასთან დაკავშირებული აშლილობა
  2. კვებითი აშლილობები
  3. ფსიქიკური დაავადებები
უკონტროლო კვებასთან დაკავშირებული აშლილობა

უკონტროლო კვებასთან დაკავშირებულ აშლილობას ახასიათებს დიდი რაოდენობით საკვების მიღება და კონტროლის დაკარგვის შეგრძნება. უკონტროლო კვებასთან დაკავშირებულ აშლილობას არ ახლავს სხეულის ზედმეტი საკვებისაგან გაწმენდის მცდელობა.

  • უკონტროლო კვებასთან დაკავშირებული აშლილობა უფრო ხშირია მსუქან ადამიანებს შორის;

  • ადამიანები სწრაფად იღებენ დიდი რაოდენობით საკვებს, არ მიმართავენ გაწმენდას და ძალიან შეწუხებულნი არიან საკუთარი საქციელით;

  • დიაგნოზი ეფუძნება ადამიანების მიერ საკუთარი ქცევის აღწერას;

  • წონის დაკლების პროგრამები და წონის დასაკლები ტაბლეტები, როგორიცაა სიბუტრამინი, შეიძლება სასარგებლო გამოდგეს წონის კონტროლისთვის, კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპია – კვების კონტროლისთვის, სეროტონინის უკუმიტაციების სელექციური ინჰიბიტორები (ანტიდეპრესანტების ტიპი) – ორივე მიზნის მისაღწევად.

საერთო ჯამში, დაახლოებით ქალების 3.5%-ს და მამაკაცთა 2%-ს აქვს უკონტროლო კვებასთან დაკავშირებული აშლილობა. დაავადება უფრო ხშირია ჭარბწონიანთა შორის; ასე მაგალითად, სხეულის წონის დაკლების ზოგიერთ პროგრამაში მონაწილე მსუქანი ადამიანების დაახლოებით 30%-ს აქვს უკონტროლო კვებასთან დაკავშირებული აშლილობა.

უკონტროლო კვებასთან დაკავშირებული აშლილობის მქონე პირთა უმრავლესობას სიმსუქნე აქვს. მოხსენიებული ხელს უწყობს ზედმეტი კალორიების მოხმარებას. ამის საპირისპიროდ, ნერვული ბულიმიით დაავადებულთა უმეტესობის წონა ნორმის ან ნორმასთან მიახლოებულ ფარგლებში მერყეობს, ხოლო ნერვული ანორექსიის მქონე ადამიანები, როგორც წესი, გამხდრები არიან. უკონტროლო კვებასთან დაკავშირებული აშლილობის მქონე პირები უფრო ასაკოვანნი არიან, ვიდრე ნერვული ანორექსიით ან ნერვული ბულიმიით დავადებულები; მათგან დაახლოებით ნახევარი მამაკაცია.

სიმპტომები

უკონტროლო კვება არის დიდი რაოდენობით საკვების სწრაფად მიღება; ეს რაოდენობა საგრძნობლად აღემატება ადამიანთა უმეტესობის მიერ დროის იმავე მონაკვეთსა და იმავე გარემოებებში მიღებული საკვების რაოდენობას. უკონტროლო კვების დროს და მის შემდეგ ადამიანებს კონტროლის დაკარგვის განცდა აქვთ. უკონტროლო კვება ეპიზოდურია, განსხვავებით ჭარბი კვებისგან, რომელიც უწყვეტი ხასიათისაა. უკონტროლო კვებასთან დაკავშირებული აშლილობის დროს ადამიანებს ახასიათებთ შემდეგი:

  • ჩვეულებრივთან შედარებით, საკვების ბევრად უფრო სწრაფად მიღება

  • საკვების მიღება მანამ, სანამ არ იგრძნობენ შემაწუხებელ ძღომას

  • დიდი რაოდენობით საკვების მიღება, როდესაც არ აქვთ შიმშილის გრძნობა

  • საკვების მარტო მიღება უხერხულობის განცდის გამო

  • საკვების ჭარბად მიღების შემდეგ ზიზღის, დეპრესიის ან დანაშაულის განცდა

უკონტროლო კვებასთან დაკავშირებული აშლილობის დროს ადამიანები შეწუხებულნი არიან, განსაკუთრებით, თუ წონის დაკლებას ცდილობენ. სიმსუქნის მქონე პირებს შორის, დაახლოებით 50%, ვისაც ეს დაავადება აქვს, დეპრესიულია, მაშინ, როდესაც ამ დაავადების გარეშე დეპრესიის გავრცელების სიხშირე მოხსენიებულ ჯგუფში 5%-ზე ნაკლებია.

დიაგნოზი

დიაგნოზი ეფუძნება საკვების უკონტროლო მიღების ეპიზოდების არსებობას კვირაში 2 დღე, სულ მცირე 6 თვის განმავლობაში, კვების დროს კონტროლის სრული დაკარგვის შეგრძნებით. ექიმმა შეიძლება დიაგნოზი ამ ინფორმაციის გარეშეც დასვას, თუ სიმპტომები ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს დაავადების არსებობაზე.

მკურნალობა

პაციენტების უმრავლესობა მკურნალობს სტანდარტული წონის დაკლების ქცევითი პროგრამით. მიუხედავად იმისა, რომ ეს პროგრამები ნაკლებ ყურადღებას უთმობს უკონტროლო ჭამასთან დაკავშირებულ სპეციფიკურ საკითხებს, ადამიანებისთვის მაინც მისაღებია, რადგან ისინი უფრო მეტად წონის პრობლემით არიან შეწუხებულნი, ვიდრე უკონტროლო კვებით. სტანდარტული წონის დაკლების პროგრამები ეფექტიანია არა მხოლოდ წონის დასაკლებად; მათი დახმარებით შეიძლება კვებაზე კონტროლის აღდგენა. ამ პროგრამებში უკონტროლო კვება, როგორც ჩანს, არ ზღუდავს წონის კლებას.

სასარგებლო შეიძლება აღმოჩნდეს ქვემოთ ჩამოთვლილი მეთოდები:

  • კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპია შეიძლება დაეხმაროს ინდივიდს უკონტროლო კვებაზე კონტროლის აღდგენაში, მაგრამ ნაკლებად მოქმედებს სხეულის წონაზე;

  • სიბუტრამინიწონის დასაკლები საშუალებაა; ეხმარება ადამიანებს წონის დაკლებაში, ოდნავ ამცირებს უკონტროლო კვების ეპიზოდების სიხშირეს;

  • სეროტონინის უკუმიტაციების სელექციური ინჰიბიტორებით (ანტიდეპრესანტების ტიპი), როგორიცაა ფლუოქსეტინი, შეიძლება შემცირდეს უკონტროლო კვების ეპიზოდების სიხშირე და დაქვეითდეს წონა, მაგრამ მედიკამენტის შეწყვეტა ხშირად უკონტროლო კვების ხელახალ შეტევებს იწვევს;

  • თვითდახმარების ჯგუფები, რომლებიც ანონიმური ალკოჰოლიკების მსგავსია (ანონიმური ღორმუცელები, ანონიმური კვებითი ნარკომანები), საკმაოდ გავრცელებულია, მაგრამ მათი ეფექტიანობა დადგენილი არ არის.

  • ოპერაცია შეიძლება ჩატარდეს სიმსუქნის სამკურნალოდ, მაგრამ მისი ზეგავლენა უკონტროლო კვებაზე გაურკვეველია.