დისოციაციური ფუგა | მკურნალი.გე
  1. დისოციაციური ფუგა
  2. დისოციაციური აშლილობები
  3. ფსიქიკური დაავადებები
დისოციაციური ფუგა

დისოციაციურ ფუგას ახასიათებს სახლიდან წასვლის უეცარი, მოულოდნელი, მაგრამ მიზანდასახული ერთი ან მეტი ეპიზოდი, რომელთა დროსაც ინდივიდი ვერ იხსენებს წარსულ ცხოვრებას ან მის მომენტებს, თავის ვინაობას. ამ ეპიზოდებს ფუგა ეწოდება.

  • დისოციაციური ფუგა შეიძლება გამოიწვიოს ძლიერმა სტრესმა ან ტრავმულმა მოვლენამ;

  • ფუგის დროს ინდივიდი `ქრება ჩვეული ყოველდღიურობიდან, მას მთლიანად ან ნაწილობრივ ავიწყდება თავისი ცხოვრება; შეიძლება ახალი იდენტობა მოიგონოს;

  • დიაგნოზი ეფუძნება ანამნეზურ მონაცემებს, აგრეთვე იმ მოვლენების შესახებ ინფორმაციას, რომლებიც წინ უსწრებდა გამგზავრებას, თავად მგზავრობის შესახებ მოძიებულ ინფორმაციას, მონაცემებს ალტერნატიული ცხოვრების დაწყების შესახებ;

  • როგორც წესი, ფუგა გრძელდება საათების ან დღეების განმავლობაში და შემდეგ თავისთავად წყდება;

  • მეხსიერების აღდგენის მეთოდების (ჰიპნოზი და წამლით გაშუალებული ინტერვიუ) გამოყენება შესაძლებელია, თუმცა ზოგჯერ უშედეგოა.

შეერთებულ შტატებში დისოციაციური ფუგა ემართება 1000-დან დაახლოებით 2 ადამიანს. ის უფრო ხშირია იმ პირებს შორის, რომლებმაც ომი, ავტოსაგზაო შემთხვევა ან ბუნებრივი კატასტროფა გადაიტანეს.

მიზეზები

დისოციაციური ფუგის გამომწვევია მძიმე ტრავმა, როგორიცაა ომი, ავტოსაგზაო შემთხვევა, ბუნებრივი კატასტროფა ან ბავშვობაში სექსუალური ძალადობა.

დისოციაციურ ფუგას ხშირად შეცდომით მიიჩნევენ სიმულაციად, რადგან ორივე მდგომარეობა ადამიანებს მოვალეობებისთვის (მაგალითად, უიღბლო ქორწინება), საკუთარ საქციელზე პასუხისმგებლობისთვის ან მოსალოდნელი საფრთხისთვის (მაგალითად, ბრძოლის დროს) თავის არიდების შესაძლებლობას აძლევს. სიმულაციისგან განსხვავებით, დისოციაციური ფუგა მოულოდნელად წარმოიშობა და ყალბი არ არის.

ხშირ შემთხვევაში ფუგა, როგორც ჩანს, შენიღბული სურვილის შესრულებაა (მაგალითად, გაქცევა მძიმე სტრესისგან, როგორიცაა განქორწინება ან ფინანსური მარცხი). სხვა შემთხვევაში ფუგა დაკავშირებულია უარყოფის ან დაშორების განცდასთან, ან ის შეიძლება წარმოიქმნას სუიციდური, ან ჰომიციდური იმპულსების ნაცვლად.

სიმპტომები

ფუგა შეიძლება გაგრძელდეს საათების, კვირების, თვეების განმავლობაში, ზოგჯერ უფრო ხანგრძლივად. ადამიანები ამ მდგომარეობაში კარგავენ პიროვნულ იდენტობას, ხშირად ქრებიან მათი ჩვეული გარემოდან, ტოვებენ ოჯახს და სამსახურს. თუ ფუგა ხანმოკლეა, შეიძლება ისე ჩანდეს, რომ ადამიანმა უბრალოდ გააცდინა სამსახური ან შინ გვიან დაბრუნდა. თუ ფუგა რამდენიმე დღე გაგრძელდა, ინდივიდი შეიძლება სახლიდან შორს აღმოჩნდეს, ახალი სამსახური დაიწყოს ახალ იდენტობასთან ერთად და წარმოდგენა არ ჰქონდეს, რომ მის ცხოვრებაში ცვლილება მოხდა.

ფუგის დროს ადამიანები შეიძლება ნორმალურად გამოიყურებოდნენ და არ იქცევდნენ ყურადღებას. თუმცა, რაღაც მომენტში მათ შეიძლება გააცნობიერონ, რომ მეხსიერება დაკარგეს ან დაიბნენ საკუთარი იდენტობის გამო. დაბნევის შემთხვევაში, შეიძლება მიმართონ სამედიცინო ან იურიდიულ სამსახურებს. ფუგის დროს ადამიანებს, როგორც წესი, არ აქვთ რაიმე სიმპტომი; იშვიათად ოდნავ შეცბუნებულები შეიძლება ჩანდნენ, თუმცა, ფუგის დასრულების შემდეგ მოსალოდნელია დეპრესია, დისკომფორტი, წუხილის და სირცხვილის გრძნობა, ძლიერი კონფლიქტი და სუიციდური ან აგრესიული იმპულსები.

დიაგნოზი

ექიმმა შეიძლება ეჭვი მიიტანოს დისოციაციურ ფუგაზე, თუ ადამიანი დაბნეული ჩანს თავისი იდენტობის გამო ან ვერ ერკვევა წარსულში, ან როდესაც რაღაც წინააღმდეგობა დაუძლეველია მისი ახალი იდენტობისთვის ან მისი არარსებობისთვის. ექიმმა ყურადღებით უნდა შეისწავლოს სიმპტომები, ჩაატაროს ფიზიკური გამოკვლევა, რომ გამორიცხოს სომატური დაავადება, რომელიც შეიძლება იწვევდეს ან ხელს უწყობდეს მეხსიერების დაკარგვას. ტარდება ფსიქოლოგიური გამოკვლევაც.

ზოგ შემთხვევაში დისოციაციური ფუგის ამოცნობა არ ხერხდება მანამ, სანამ ინდივიდი უეცრად არ დაუბრუნდება თავის იდენტობას და არ დაეწყება განცდები უცხო გარემოში აღმოჩენის გამო. დიაგნოზი, ჩვეულებრივ, რეტროსპექტულად ისმება, როდესაც ექიმი შეისწავლის ანამნეზს და შეაგროვებს მონაცემებს იმის თაობაზე, თუ რა გარემოებაში მიატოვა ინდივიდმა საცხოვრებელი, როგორ იმგზავრა და როგორ დაიწყო ახალი ცხოვრება.

მკურნალობა

უფრო ხშირად ფუგა საათების ან დღეების განმავლობაში გრძელდება, რის შემდეგაც თავისით წყდება.

მკურნალობის საჭიროებისას იყენებენ ჰიპნოზს და წამლით გაშუალებულ ინტერვიუს (ინტერვიუ ტარდება რელაქსაციის გამოწვევის მიზნით სედაციური საშუალებების ინტრავენურად შეყვანის შემდეგ). თუმცა, ფუგის დროს მომხდარი მოვლენების გახსენების მცდელობა, როგორც წესი, უშედეგოა.

თერაპევტი, მომავალში ფუგების თავიდან ასაცილებლად, შეიძლება დაეხმაროს პაციენტს სხვადასხვა სიტუაციის, კონფლიქტის მართვის მისეული მახასიათებლების, ჩვევების, თუ განწყობილების შესწავლაში, რომლებიც ფუგას იწვევს.