იდენტობის დისოციაციური აშლილობის დროს (ადრე მრავლობით პიროვნულ აშლილობას უწოდებდნენ), ერთსა და იმავე ინდივიდში ორი ან მეტი პიროვნული მდგომარეობის მონაცვლეობა აღინიშნება.
მოსახლეობის დაახლოებით 1%-ს შეიძლება ჰქონდეს იდენტობის დისოციაციური აშლილობა.
იდენტობის დისოციაციური აშლილობა, როგორც ჩანს, სხვადასხვა ფაქტორის ურთიერთქმედებით არის გამოწვეული. ეს ფაქტორებია:
განვითარების პროცესში ბავშვმა უნდა ისწავლოს რთული და განსხვავებული ტიპის ინფორმაციისა და გამოცდილების ინტეგრირება ერთ მთლიან იდენტურობაში. ბავშვებმა, რომლებიც ძალადობის მსხვერპლნი იყვნენ, დანაკარგი ან ტრავმა განიცადეს, შეიძლება გაიარონ ფაზები, როდესაც ისინი საკუთარ და სხვების ემოციას და აღქმას განცალკევებულად ინახავენ. ამ განცალკევებამ შეიძლება გამოიწვიოს რამდენიმე "პიროვნების" ჩამოყალიბება. თუმცა, ამ ბავშვების უმრავლესობაზე უფროსები ზრუნვენ და ამიტომ მათ იდენტობის დისოციაციური აშლილობა არ უვითარდებათ.
იდენტობის დისოციაციური აშლილობის მქონე პირები ხშირად აღწერენ სიმპტომებს, რომლებიც სხვა ფსიქიკური აშლილობის, აგრეთვე, მრავალი ფიზიკური დაავადების სიმპტომების მსგავსია. მაგალითად, მათ, ჩვეულებრივ, აქვთ ძლიერი ტკივილები თავის ან რომელიმე სხვა არეში, შეიძლება უჩიოდნენ სექსუალურ დისფუნქციას. სიმპტომთა განსხვავებული ჯგუფები სხვადასხვა დროს იჩენს თავს. ზოგიერთი ამ სიმპტომებიდან შეიძლება მიანიშნებდეს სხვა დაავადების არსებობაზე ან წარსულის გამოცდილების აწმყოში შემოჭრის შედეგი იყოს. მაგალითად, სევდა შეიძლება თანმხლები დეპრესიის ნიშანი იყოს, მაგრამ იმავდროულად შეიძლება მიუთითებდეს, რომ ერთ-ერთი "პიროვნება" წარსულში გადატანილ უბედურებასთან დაკავშირებულ ემოციებს განიცდის.
ინდივიდები მიდრეკილნი არიან თვითდაზიანებისადმი. ნარკოტიკების ავად მოხმარება, ასოთდამშავებლობის ეპიზოდები და თვითმკვლელობის მცდელობები საკმაოდ ხშირია. ზოგიერთი ინდივიდი მიჯაჭვული რჩება იმ ადამიანებზე, რომლებიც მას ულმობლად მოექცნენ.
იდენტობის დისოციაციური აშლილობის დროს ზოგიერთმა "პიროვნებამ" შეიძლება იცოდეს ინდივიდის მნიშვნელოვანი პერსონალური ინფორმაცია, რომლის შესახებ სხვა "პიროვნებებმა" არაფერი იციან. ზოგჯერ "პიროვნებები", როგორც ჩანს, იცნობენ ერთმანეთს და აქვთ ერთმანეთთან ურთიერთობა წარმოსახვით შინაგან სამყაროში.
მაგალითად, A "პიროვნება" შეიძლება იცნობდეს B "პიროვნებას" და იცოდეს, რას აკეთებს, თითქოს აკვირდება მის ქცევას. ამავე დროს B "პიროვნებამ" შეიძლება იცოდეს ან არ იცოდეს A "პიროვნების", ასევე სხვა "პიროვნებების" არსებობის შესახებ.
"პიროვნებების" ცვალებადობა და სხვა "პიროვნების" ქცევის შესახებ ნაკლები ინფორმირებულობა ხშირად ცხოვრებას ქაოსურს ხდის. იმის გამო, რომ "პიროვნებებს" ხშირად აქვთ ურთიერთობა ერთმანეთთან, ამ აშლილობის მქონე ინდივიდს ხშირად ესმის მათი საუბარი ან სხვა "პიროვნებების" კომენტარი საქციელზე.
იდენტობის დისოციაციური აშლილობის მქონე პირებს აღენიშნებათ დროის აღრევა, მაგალითად, შეცდომები დროის მსვლელობის შეფასებაში ან ამნეზია. ამნეზიის შემდეგ ზოგჯერ ინდივიდი ნახულობს საგნებს ან ხელნაწერებს, რომლებსაც ვერ ცნობს ან ვერ იხსენებს. ის ასევე შეიძლება აღმოჩნდეს სხვადასხვა ადგილზე (რომლებიც განსხვავდება იმ ადგილისგან, ბოლოს რომ დაამახსოვრდა) და ვერ გაიხსენოს, როგორ ან რატომ მივიდა იქ. პაციენტმა შეიძლება ვერ გაიხსენოს, რა გააკეთა ან ვერ განმარტოს საკუთარი საქციელი. ზოგჯერ ადამიანი საკუთარ თავს მოიხსენიებს ნაცვალსახელებით "ჩვენ", "ის", "მან" და შეიძლება, ვერ ხვდებოდეს, რატომ აკეთებს ამას. ადამიანთა უმეტესობას უჭირს ბევრი რამის გახსენება ცხოვრების პირველი 3-5 წლის შესახებ. იდენტობის დისოციაციური აშლილობის დროს კი ადამიანები უფრო მეტად 6-დან 11 წლამდე პერიოდს ვერ იხსენებენ.
ამ აშლილობის მქონე ადამიანი შეიძლება განიცდიდეს საკუთარი "მე"-ს დისტანცირებას (დეპერსონალიზაცია), ნაცნობებსა და გარემოცვას აღიქვამდეს როგორც უცხოს, უცნაურს ან არარეალურს (დერეალიზაცია); ხშირად აწუხებდეს როგორც თვითკონტროლის, ისე სხვებზე წარმოსახვითი კონტროლის საკითხები.
იდენტობის დისოციაციური აშლილობა ქრონიკულად მიმდინარეობს და პერსპექტივაში შეზღუდულ შესაძლებლობებს ან ფატალურ დასასრულს იწვევს, თუმცა ბევრი ინდივიდი ახერხებს ნორმალურად ცხოვრებას, წარმატებულ და შემოქმედებით საქმიანობას.
ექიმები ატარებენ საფუძვლიან ფსიქოლოგიურ ინტერვიუს და იყენებენ სპეციალურ კითხვარს, რომელიც შემუშავებულია იდენტობის დისოციაციური აშლილობის დასადგენად. შეიძლება საჭირო გახდეს სხვა გამოკვლევაც იმის განსაზღვრისთვის, ხომ არ არის რომელიმე სომატური დაავადება, რომლის არსებობითაც შეიძლება აიხსნას ზოგიერთი სიმპტომი. ინტერვიუ შეიძლება ხანგრძლივი იყოს და საჭირო გახდეს ჰიპნოზის ან სედაციური საშუალებების ინტრავენური გამოყენება ინდივიდის რელაქსაციისათვის (წამლით გაშუალებული ინტერვიუ). სედაციურმა მედიკამენტებმა შეიძლება ექიმს საშუალება მისცეს, აღმოაჩინოს სხვა "პიროვნებები" ან დაეხმაროს ინდივიდს, გაიხსენოს დავიწყებული დროის მონაკვეთი. თუმცა, ზოგიერთი ექიმი მიიჩნევს, რომ ჰიპნოზის და წამლით გაშუალებული ინტერვიუს გამოყენება არ არის სასურველი, რადგან ხსენებულმა თავად შეიძლება გამოიწვიოს იდენტობის დისოციაციური აშლილობა.
ზოგიერთი სიმპტომი შეიძლება სპონტანურად გამოვლინდეს და გაქრეს, თუმცა, იდენტობის დისოციაციური აშლილობა თავისით არ იკურნება. ინდივიდის გამოჯანმრთელება დამოკიდებულია სიმპტომებსა და მათ თავისებურებებზე. მაგალითად, სხვა სერიოზული ფსიქიკური აშლილობა, ნორმალური ფუნქციონირების სირთულე ან მოძალადეზე მიჯაჭვულობა ხელს უშლის გამოჯანმრთელებას. ამ შემთხვევაში, მკურნალობა შეიძლება უფრო ხანგრძლივად იყოს საჭირო, მაგრამ ის ნაკლებად ეფექტიანია.
მკურნალობის მიზანი, ჩვეულებრივ, არის რამდენიმე "პიროვნების" ერთ პიროვნებად გაერთიანება. ეს ყველა შემთხვევაში არ არის შესაძლებელი. წარუმატებლობის შემთხვევაში მკურნალობის მიზანია "პიროვნებებს" შორის უფრო ჰარმონიული ურთიერთობების დამყარება, რომ ინდივიდმა შეძლოს ცხოვრების ნორმალურად გაგრძელება.
მედიკამენტურმა თერაპიამ შეიძლება შეამსუბუქოს ზოგიერთი სპეციფიკური თანმხლები სიმპტომი, როგორიცაა შფოთვა ან დეპრესია, მაგრამ უშუალოდ აშლილობაზე ის არ მოქმედებს.
ფსიქოთერაპია ხშირად ხანგრძლივია, რთული და ემოციურად მძიმედ გადასატანი. ადამიანებმა შეიძლება მრვალგზის განიცადონ ემოციური კრიზისი "პიროვნებების" მოქმედებების, მკურნალობის დროს ტრავმული მოვლენების გახსენებით გამოწვეული სასოწარკვეთის გამო. შეიძლება რამდენჯერმე გახდეს საჭირო ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოთავსება, რაც დაეხმარება პაციენტს რთული პერიოდის და, განსაკუთრებით, მტკივნეული მოგონებების გადატანაში. როგორც წესი, ფსიქოთერაპიული სესია ტარდება კვირაში ორჯერ ან მეტჯერ, არანაკლებ 3-6 წლის განმავლობაში.