1. შიზოფრენია (შიზოფრენია და ბოდვითი აშლილობა)
  2. შიზოფრენია და ბოდვითი აშლილობა
  3. ფსიქიკური დაავადებები
შიზოფრენია (შიზოფრენია და ბოდვითი აშლილობა)

შიზოფრენია არის ფსიქიკური აშლილობა, რომელსაც ახასიათებს რეალობასთან კავშირის დაკარგვა (ფსიქოზი), ჰალუცინაციები (ჩვეულებრივ, სმენითი), მყარი, მცდარი აზრები (ბოდვა), პათოლოგიური აზროვნება, ემოციური რეაგირების გაღარიბება (აფექტური გასადავება), მოტივაციის დაქვეითება, მუშაობის უნარის და სოციალური აქტივობის დაქვეითება.

  • მემკვიდრეობა და გარემო ფაქტორები, როგორც ჩანს, ხელს უწყობს შიზოფრენიის განვითარებას;

  • პაციენტს შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა სიმპტომი, დაწყებული უცნაური ქცევითა და დაუკავშირებელი, დეზორგანიზებული მეტყველებით, დამთავრებული ემოციის დაკარგვით, მეტყველების დარღვევით ან არარსებობით, კონცენტრირებისა და დამახსოვრების შეუძლებლობით;

  • დიაგნოზი ეფუძნება სიმპტომებს, სხვა შესაძლო მიზეზების გამოსარიცხავად ჩატარებული გამოკვლევის შედეგებს;

  • ინდივიდის მდგომარეობა მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული მედიკამენტების მიღებაზე ექიმის მითითების შესაბამისად;

  • მკურნალობა მოიცავს ანტიფსიქოზურ მედიკამენტებს, რეაბილიტაციას, სათემო მხარდამჭერ აქტივობას და ფსიქოთერაპიას.

შიზოფრენია მთელ მსოფლიოში ჯანდაცვის უმწვავესი პრობლემაა. დაავადება, როგორც წესი, ახალგაზრდა ასაკში იწყება, სწორედ მაშინ, როცა პიროვნება დამოუკიდებელ ცხოვრებას იწყებს; მან შეიძლება გამოიწვიოს შესაძლებლობების შეზღუდვა მთელი ცხოვრების განმავლობაში და სამუდამო სტიგმა. როგორც პიროვნული, ისე ეკონომიკური შიზოფრენია ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დაავადებაა.

შიზოფრენია მსოფლიოში შეზღუდული შესაძლებლობების მე-9 წამყვანი მიზეზია. დაავადებულია მოსახლეობის დაახლოებით 1%, ქალები და მამაკაცები ერთნაირად ხშირად ავადდებიან. შეერთებულ შტატებში შრომისუუნარობის გამო სოციალური უზრუნველყოფის ყოველი 5 დღიდან 1 დღე და მთელი ჯანდაცვის ხარჯის 2.5% შიზოფრენიაზე მოდის. შიზოფრენია უფრო გავრცელებულია, ვიდრე ალცჰაიმერის დაავადება ან გაფანტული სკლეროზი.

შიზოფრენიის დასაწყისის (შეტევის დასაწყისი) განსაზღვრა ხშირად გაძნელებულია; სიმპტომების არცოდნამ შეიძლება გამოიწვიოს სამედიცინო დახმარების წლობით დაგვიანება. შიზოფრენიის დაწყების ასაკია მამაკაცებისთვის 18 წელი, ქალებისთვის – 25 წელი. ბავშვობასა და ადრეულ მოზარდობაში, აგრეთვე გვიან ასაკში დაავადება იშვიათია.

სოციალური ყოფის გაუარესებამ შეიძლება წამალდამოკიდებულება, სიღარიბე და უსახლკარობა გამოიწვიოს. შიზოფრენიით დაავადებულმა ადამიანებმა, რომლებიც არ მკურნალობენ, შეიძლება დაკარგონ ოჯახთან და მეგობრებთან კავშირი და ხშირად დიდი ქალაქების ქუჩებში ცხოვრობენ.

მიზეზები

შიზოფრენიის მიზეზები ცნობილი არ არის, მაგრამ თანამედროვე კვლევები მიუთითებს, რომ მიზეზია მემკვიდრეობითი და გარემო ფაქტორების ურთიერთქმედება, თუმცა ის თავისი არსით ბიოლოგიური პრობლემაა (აღინიშნება ცვლილებები თავის ტვინში) და არ არის გამოწვეული არასწორი აღზრდით ან ფსიქიკურად არაჯანსაღი გარემოთი. იმ ადამიანებში, რომელთა მშობელს ან და-ძმას შიზოფრენია აქვს, დაავადების განვითარების რისკი 10%-ს შეადგენს, მაშინ, როცა საერთო პოპულაციაში შიზოფრენიის განვითარების რისკი 1%-ს არ აღემატება. იდენტურ ტყუპში, თუ ერთ-ერთ ტყუპისცალს შიზოფრენია აქვს, მეორე ტყუპისცალისთვის შიზოფრენიის განვითარების რისკი დაახლოებით 50%-ს აღწევს. ეს სტატისტიკა მემკვიდრული კომპონენტის მნიშვნელობაზე მიუთითებს.

სხვა მიზეზები შეიძლება იყოს დაბადებამდე, მშობიარობის დროს ან დაბადების შემდეგ განვითარებული პრობლემები, როგორიცაა, დედის დაავადება გრიპით ორსულობის მეორე ტრიმესტრში, მშობიარობის დროს ნაყოფის ჰიპოქსია, ახალშობილის დაბალი წონა და დედისა და ჩვილის სისხლის ჯგუფის შეუთავსებლობა.

სიმპტომები

შიზოფრენია შეიძლება მოულოდნელად დაიწყოს, დღეების ან კვირების განმავლობაში იჩინოს თავი, ან თანდათანობით და შემპარავად – წლების განმავლობაში. მიუხედავად იმისა, რომ შიზოფრენიის სიმპტომების სიმძიმე და ხასიათი განსხვავებულია სხვადასხვა ინდივიდში, როგორც წესი, სიმპტომები საკმაოდ მწვავეა; ინდივიდს უძნელდება მუშაობა, ადამიანებთან ურთიერთობა და საკუთარ თავზე ზრუნვა. ზოგიერთ ინდივიდში შიზოფრენია კოგნიტური ფუნქციების შეფერხებას იწვევს, რაც ყურადღების დეფიციტის, აბსტრაქტული აზროვნებისა და პრობლემის გადაჭრის შესაძლებლობის დაქვეითების მიზეზი ხდება. ფსიქიკური შესაძლებლობების დაქვეითება მნიშვნელოვანწილად განაპირობებს შიზოფრენიით დაავადებული პირის ზოგადი შესაძლებლობების შეზღუდვას.

სიმპტომები შეიძლება განვითარდეს ან გაუარესდეს სტრესული გარემოს, სტრესული მოვლენების ზემოქმედებით. ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს ან დაამძიმოს სიმპტომები.

კატეგორიები: საერთო ჯამში შიზოფრენიის სიმპტომები 4 ძირითად კატეგორიას მიეკუთვნება:

  • პოზიტიური სიმპტომები

  • ნეგატიური სიმპტომები

  • დეზორგანიზაციული სიმპტომები

  • კოგნიტური გაუარესება

ადამიანს შეიძლება ჰქონდეს რომელიმე ერთი ან ყველა კატეგორიის სიმპტომები.

პოზიტიური სიმპტომები მოიცავს ყოფასა და საქმიანობაში ზომაგადასულობას ან მათ დარღვევას. პოზიტიურ სიმპტომებს მიეკუთვნება:

  • ბოდვა მცდარი რწმენაა, რომელიც, როგორც წესი, მოიცავს აღქმისა და გამოცდილების არასწორ ინტერპრეტაციას. მაგალითად, შიზოფრენიით დაავადებულ პირს შეიძლება ჰქონდეს დევნის ბოდვა – აზრი, რომ მას დასდევენ, რაღაცას უწყობენ, ატყუებენ ან უთვალთვალებენ; შეიძლება ჰქონდეს დამოკიდებულების ბოდვა – დარმუნებულია, რომ წიგნის, გაზეთის ან სიმღერის ტექსტებში კონკრეტულად მასზეა საუბარი; აზრების წართმევის (მითვისების) ან აზრების "ჩანერგვის" ბოდვის დროს ინდივიდს უჩნდება განცდა, რომ მისი საკუთარი აზრები სხვებს გადაეცემა ან თავად მას უნერგავს გარეშე ძალები აზრებსა და იმპულსებს.

  • ჰალუცინაციები: შიზოფრენიის დროს გვხვდება ხმოვანი, მხედველობის, ყნოსვის, გემოვნების ან ტაქტილური ჰალუცინაციები, თუმცა, ხმოვანი ჰალუცინაციები (სმენითი ჰალუცინაციები) ყველაზე უფრო ხშირია. ინდივიდს შეიძლება ესმოდეს "ხმები", რომლებიც აფასებენ მის ქცევას, კრიტიკულ და შეურაცხმყოფელ შენიშვნებს აძლევენ მას, ერთმანეთს ესაუბრებიან.

ნეგატიური სიმპტომები მოიცავს ნორმალური ფუნქციონირების უნარის დაქვეითებას ან დაკარგვას.

  • ემოციური სიჩლუნგე გულისხმობს ემოციების გასადავებას. ამ დროს ინდივიდის სახე შეიძლება უმოძრაო იყოს, თვალით კონტაქტი სუსტია ან საერთოდ არ არსებობს, ემოციური რეაქციები დაქვეითებულია. მოვლენები, რომლებიც ჩვეულებრივ სიცილს ან ტირილს იწვევს, ემოციური რეაგირების გარეშე რჩება;

  • მეტყველების გაღარიბება გულისხმობს მეტყველების მოცულობის შემცირებას. ინდივიდი კითხვებს პასუხობს მოკლედ, ზოგჯერ ერთი ან ორი სიტყვით, რჩება შინაგანი სიცარიელის შთაბეჭდილება;

  • ანჰედონია გულისხმობს სიამოვნების განცდის უნარის დაქვეითებას. ინიდივიდი კარგავს ინტერესს ჩვეული საქმიანობების მიმართ და უმეტეს დროს უმიზნოდ ატარებს.

  • ასოციალურობა გულისხმობს სხვა ადამიანებთან ურთიერთობის ინტერესის დაკარგვას. ეს ნეგატიური სიმპტომი უფრო ხშირად დაკავშირებულია მოტივაციის, მიზნებისა და საზრისის ზოგად დაქვეითებასთან.

დეზორგანიზაცია მოიცავს აზროვნების დარღვევასა და უცნაურ ქცევას:

  • აზროვნების დარღვევა გულისხმობს დეზორგანიზებულ აზროვნებას, რომლის დროსაც მეტყველება არათანამიმდევრულია ან ერთი თემიდან მეორეზე გადადის. მეტყველება შეიძლება ზომიერად დეზორგანიზებული იყოს ან სრულიად დაუკავშირებელი და გაუგებარი.

  • უცნაური ქცევის დროს შეიძლება გამოხატული იყოს ბავშვურად სულელური ქცევა, აჟიტაცია, შეუსაბამო გარეგნობა, ჰიგიენა ან ქცევა. კატატონია უცნაური ქცევის უკიდურესი გამოხატულებაა, ამ დროს ინდივიდი ხანგრძლივად ინარჩუნებს უჩვეულო პოზას და ეწინააღმდეგება პოზის ნებისმიერ ცვლილებას ან, პირიქით, ავლენს უმიზნო და სპონტანურ მოტორულ აქტივობას.

კოგნიტური გაუარესება გულისხმობს კონცენტრაციის, მეხსიერების, დაგეგმვის, ორგანიზებისა და პრობლემის გადაჭრის შესაძლებლობის დაქვეითებას. ზოგიერთი ინდივიდი ვერ ახერხებს ყურადღების კონცენტრაციას წიგნის კითხვისას, ფილმის ან სატელევიზიო სიუჟეტის ნახვისას, არ შეუძლია მითითებების შესრულება; ადვილად ეფანტებათ ყურადღება და არ შეუძლიათ საქმეზე ფოკუსირება; შესაბამისად, ისეთი სამუშაოს შესრულება, რომელიც მოითხოვს დეტალების მიმართ ყურადღებას, რთული პროცედურების ჩატარებას და გადაწყვეტილების მიღებას, შეუძლებელი ხდება.

შიზოფრენიის ქვეტიპები: ზოგიერთი მკვლევარის აზრით, შიზოფრენია ცალკე დაავადებაა, სხვები ვარაუდობენ, რომ ის სინდრომია (სიმპტომების ერთობლიობა), რომელიც სხვადასხვა აშლილობის გამოვლენას წარმოადგენს. შიზოფრენიის ქვეტიპების გამოყოფა იყო მცდელობა, პაციენტების კლასიფიცირებისა ცალკეულ ჯგუფებად. ამავე დროს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დროთა განმავლობაში შესაძლებელია დაავადების ქვეტიპი შეიცვალოს.

შიზოფრენიის ქვეტიპებია:

  • პარანოიდული: დამახასიათებელია ბოდვა ან სმენითი ჰალუცინაციები. დეზორგანიზებული მეტყველება და შეუსაბამო ემოციები ნაკლებად შესამჩნევია;

  • დეზორგანიზებული: მეტყველება და ქცევა დეზორგანიზებულია, ახასიათებს შეუსაბამო ემოციები ან ემოციური სიჩლუნგე;

  • კატატონიური: სიმპტომები უმეტესად ფიზიკური ხასიათისაა; გამოხატულია უმოძრაობა, მოტორული აქტივობა ან უჩვეულო პოზის შენარჩუნება.

  • არადიფერენცირებული: ადამიანებს აქვთ სხვადასხვა ქვეტიპის შერეული სიმპტომები: ბოდვა და ჰალუცინაცია, აზროვნების დარღვევა და უცნაური ქცევა, ნეგატიური სიმპტომები.

  • რეზიდუალური: ადამიანებს შიზოფრენიის გამოკვეთილი სიმპტომები აღენიშნებოდათ წარსულში, რასაც მოჰყვა მსუბუქი ნეგატიური სიმპტომების ხანგრძლივი პერიოდი.

დიაგნოზი

შიზოფრენიის დიაგნოზის დამადასტურებელი სპეციფიკური ტესტი არ არსებობს. დიაგნოზი ეფუძნება ანამნეზისა და სიმპტომების სრულფასოვანი შესწავლის შედეგებს. შიზოფრენია დიაგნოსტირდება, თუ სიმპტომები გრძელდება არანაკლებ 6 თვის განმავლობაში და სკოლაში, სამსახურში, სხვა სოციალურ გარემოში საქმიანობის მნიშვნელოვან გაუარესებას იწვევს. დაავადების დასაწყისის დასადგენად ოჯახის წევრების, მეგობრების ან მასწავლებლების მიერ მოწოდებული ინფორმაცია მნიშვნელოვანია.

ლაბორატორიული გამოკვლევა ტარდება, რომ გამოირიცხოს წამალდამოკიდებულება, ან – ფსიქოზის მახასიათებლების მქონე ნებისმიერი სამედიცინო, ნევროლოგიური ან ჰორმონული აშლილობის გამოსარიცხავად. ეს შეიძლება იყოს თავის ტვინის სიმსივნე, საფეთქლის წილის ეპილეფსია, ფარისებრი ჯირკვლის დაავადება, აუტოიმუნური დაავადება, ჰანტინგტონის დაავადება, ღვიძლის დაავადება, ნარკოტიკების გვერდითი ეფექტები. ზოგჯერ ტარდება ფსიქოაქტიური ნივთიერებების ავად მოხმარების ტესტი.

შიზოფრენიით დაავადებულებს აქვთ პათოლოგიური ცვლილებები თავის ტვინში, რომლებიც შეიძლება გამოვლინდეს კომპიუტერული ტომოგრაფიით (კტ) ან მაგნიტურ-რეზონანსული კვლევით (მრკ). თუმცა, ეს ცვლილებები არ არის საკმარისად სპეციფიკური, დაადასტუროს შიზოფრენიის დიაგნოზი.

პროგნოზი

შიზოფრენიით დაავადებულ პირთა პროგნოზი მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია მედიკამენტური მკურნალობის რეჟიმის დაცვაზე. მკურნალობის გარეშე, დიაგნოზის დასმიდან პირველი წლის განმავლობაში პაციენტთა დაახლოებით 70-80%-ს აქვს განმეორებითი ეპიზოდი. უწყვეტი მედიკამენტური მკურნალობით შესაძლებელია ამ მაჩვენებლის 20%-30%-მდე შემცირება და სიმპტომების შემსუბუქება. თუ საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ პაციენტი არ აგრძელებს დანიშნულ მკურნალობას, დიდი ალბათობით, მომდევნო ერთი წლის განმავლობაში ის კვლავ მოხვდება საავადმყოფოში; მედიკამენტების დანიშნულების მიხედვით მიღება მნიშვნელოვნად ამცირებს განმეორებითი ჰოსპიტალიზაციის ალბათობას.

მიუხედავად მედიკამენტური მკურნალობის დადასტურებული ეფექტიანობისა, შიზოფრენიით დაავადებულთა ნახევარი დანიშნულ მკურნალობას არ იღებს. ზოგიერთი მათგანი არ თვლის თავს ავადმყოფად და უარს ამბობს მკურნალობაზე, სხვები თავს ანებებენ მკურნალობას წამლების არასასიამოვნო გვერდითი ეფექტების გამო. მეხსიერების პრობლემები, არაორგანიზებულობა ან უბრალოდ, ფულის ნაკლებობა, ასევე შეიძლება გახდეს მკურნალობის შეწყვეტის მიზეზი.

მკურნალობის რეჟიმის დაცვა შესაძლებელია, თუ მისი იგნორირების კონკრეტული მიზეზები იქნება შესწავლილი. თუ წამლის გვერდითი ეფექტია ძირითადი პრობლემა, სხვა წამლის გამოყენება შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს. თანამიმდევრული და ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობა ექიმსა და პაციენტს შორის, შეიძლება დაეხმაროს ინდივიდს, გააცნობიეროს თავისი ავადმყოფობა და მკურნალობის საჭიროება.

გრძელვადიან პერსპექტივაში შიზოფრენიის პროგნოზი განსხვავებულია. ზოგადად, ადამიანთა ერთ მესამედს მნიშვნელოვანი და მყარი გაუმჯობესება აღენიშნება; ერთი მესამედი გარკვეულ გაუმჯობესებას აღწევს პერიოდული გამწვავებებითა და მსუბუქი შესაძლებლობის შეზღუდვით; ერთ მესამედს უვითარდება მძიმე და მუდმივი შეზღუდვა შესაძლებლობისა. კეთილსაიმედო პროგნოზის ხელშემწყობი ფაქტორებია:

  • დაავადების მწვავე დასაწყისი

  • დაავადების დაწყების გვიანი ასაკი

  • დაავადებამდე უნარებისა და მიღწევების კარგი დონე

  • პოზიტიური სიმპტომების სიჭარბე, ნეგატიურ სიმპტომებთან შედარებით

არაკეთილსაიმედო პროგნოზის ხელშემწყობი ფაქტორებია:

  • დაავადების დასაწყისი ახალგაზრდა ასაკში

  • დაავადებამდე სოციალური და პროფესიული ფუნქციონირების დაბალი დონე

  • შიზოფრენიის ოჯახური ისტორია

  • ნეგატიური სიმპტომების სიჭარბე, პოზიტიურ სიმპტომებთან შედარებით

შიზოფრენიით დაავადებულ პირთა დაახლოებით 10% სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებს.

მკურნალობა

მკურნალობის ზოგადი მიზნებია:

  • ფსიქოზური სიმპტომების შემსუბუქება

  • დაავადების ეპიზოდების განმეორების და მასთან დაკავშირებული ფუნქციონირების გაუარესების თავიდან აცილება

  • მხარდაჭერა და ფუნქციონირების შესაძლო უმაღლესი დონის მიღწევა

ანტიფსიქოზური მედიკამენტები, რეაბილიტაცია და სათემო მხარდაჭერა, ფსიქოთერაპია მკურნალობის ძირითადი კომპონენტებია.

ანტიფსიქოზური მედიკამენტები: მედიკამენტები ეფექტიანი შეიძლება აღმოჩნდეს ისეთი სიმპტომების შემცირების ან სრული ალაგებისთვის, როგორიცაა ბოდვა, ჰალუცინაციები და დეზორგანიზებული აზროვნება. სიმპტომების გაქრობის შემდეგ, ანტიფსიქოზური მედიკამენტების უწყვეტი გამოყენება მნიშვნელოვნად ამცირებს დაავადების ეპიზოდის განმეორების ალბათობას. თუმცა, ანტიფსიქოზურ პრეპარატებს აქვს გამოხატული გვერდითი მოვლენები, როგორიცაა ძილიანობა, კუნთების დაჭიმულობა, კანკალი, წონის მატება და მოტორული მოუსვენრობა. ანტიფსიქოზურმა მედიკამენტმა ასევე შეიძლება გამოიწვიოს ტარდიული დისკინეზია – უნებლიე მოძრაობები ტუჩებისა და ენის წოვითი მოძრაობების სახით ან ხელებისა და ფეხების გრეხა. ტარდიული დისკინეზია შეიძლება შენარჩუნდეს მედიკამენტების მოხსნის შემდეგაც. არ არსებობს მყარი ტარდიული დისკინეზიის მკურნალობის ეფექტიანი მეთოდი. ანტიფსიქოზური პრეპარატების იშვიათი, მაგრამ პოტენციურად ფატალური გვერდითი მოვლენაა ავთვისებიანი ნეიროლეფსიური სინდრომი. მას ახასიათებს კუნთების რიგიდობა, ცხელება, მაღალი არტერიული წნევა და ფსიქიკური ფუნქციების შეცვლა (ცნობიერების აბნევა და ლეთარგია).

ზოგიერთ ახალ ანტიფსიქოზურ პრეპარატს ე.წ. "მეორე თაობის პრეპარატების" ჯგუფიდან, გვერდითი ეფექტები ნაკლები აქვს. ამავე დროს, ვარაუდობენ, რომ ეს მედიკამენტები იწვევს წონის მატებას, ზრდის მეტაბოლური სინდრომის განვითარების ალბათობას. ამ სინდრომის დროს გამოხატულია აბდომინური სიმსუქნე, სისხლში ტრიგლიცერიდების (ცხიმი) მომატებული დონე, მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების (ე.წ. "კარგი" ქოლესტერინი) დაბალი დონე და მაღალი არტერიული სისხლის წნევა. ამავე დროს, ინსულინი ნაკლებად ეფექტიანია (ეწოდება ინსულინრეზისტენტობა), რაც ზრდის დიაბეტის რისკს. მეორე თაობის პრეპარატები, ძველი თაობის პრეპარატებთან შედარებით, უფრო ეფექტიანად მოქმედებს პოზიტიურ სიმპტომებზე (მაგალითად, ჰალუცინაციები), ნეგატიურ სიმპტომებზე (როგორიცაა ემოციური რეაქციის ნაკლებობა) და კოგნიტურ დარღვევებზე (მაგალითად, ფსიქიკური ფუნქციების დაქვეითება და ყურადღების გაფანტვა), თუმცა, ზოგიერთი ექიმი მათ უპირატესობას ეჭვქვეშ აყენებს.

კლოზაპინი, მეორე თაობის პრეპარატების პირველი წარმომადგენელი, ეფექტიანია იმ პაციენტთა თითქმის ნახევარში, რომლებიც არ რეაგირებენ სხვა ანტიფსიქოზურ პრეპარატებზე. ამავე დროს, კლოზაპინს შეიძლება ჰქონდეს სერიოზული გვერდითი ეფექტები, როგორიცაა კრუნჩხვები ან ძვლის ტვინის აქტივობის პოტენციურად ფატალური დათრგუნვა (რაც გულისხმობს სისხლის უჯრედების წარმოქმნის დათრგუნვას). ამიტომ ამ პრეპარატს უფრო ხშირად ნიშნავენ, როცა პაციენტი არ რეაგირებს სხვა ანტიფსიქოზურ მედიკამენტზე. კლოზაპინის დანიშვნის შემთხვევაში, სულ ცოტა პირველი 6 თვის განმავლობაში, აუცილებელია სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის ყოველკვირეული შემოწმება; მათი რაოდენობის შემცირების დადგენისთანავე კლოზაპინი დაუყოვნებლივ უნდა მოიხსნას.

რეაბილიტაცია და სათემო მხარდაჭერა: სათემო მხარდამჭერი საქმიანობა გულისხმობს ადამიანის სამუშაოდან მოუცილებლად სწავლებას, რისი მიზანიც საზოგადოებაში ცხოვრებისთვის აუცილებელი უნარების განვითარებაა. ეს უნარები ეხმარება შიზოფრენიით დაავადებულ პირს, იმუშაოს, იაროს საყიდლებზე, იზრუნოს საკუთარ თავზე, მოუაროს სახლს და შეძლოს ადამიანებთან ურთიერთობა. საავადმყოფოში მოთავსება შეიძლება საჭირო გახდეს მდგომარეობის გამწვავების დროს, თუმცა, თუ პაციენტი საფრთხეს უქმნის თავის თავს ან სხვას, არანებაყოფლობითი ჰოსპიტალიზაციაა საჭირო. ძირითადი მიზანია, ადამიანების თემში ცხოვრებისთვის ხელშეწყობა. ამ მიზნის მისაღწევად, ზოგიერთი ადამიანი სპეციალურ ბინაში ან საერთო სახლში ცხოვრობს, სადაც მედიკამენტების დროულ მიღებაზე მეთვალყურეობა არის დაწესებული.

შიზოფრენიით დაავადებულ პირთა მცირე ნაწილს არ შეუძლია დამოუკიდებლად ცხოვრება მძიმედ გამოხატული, მუდმივი სიმპტომების ან თემში ცხოვრების უნარების არქონის გამო. ისინი, როგორც წესი, 24-საათიან ზრუნვას საჭიროებენ უსაფრთხო და დაცულ დაწესებულებაში.

ფსიქოთერაპია: ზოგადად, ფსიქოთერაპიის მიზანია ინდივიდისთვის დახმარების გაწევა ოჯახის წევრებსა და ექიმებთან თანამშრომლობის ჩამოყალიბებაში. ამ გზით ადამიანებმა შეიძლება უკეთ გააცნობიერონ საკუთარი დაავადება, ისწავლონ მისი მართვა, მედიკამენტების მიღება დანიშნულების მიხედვით, აგრეთვე, გაუმკლავდნენ სტრესს, რომელმაც შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ავადმყოფობის მიმდინარეობაზე. ექიმსა და პაციენტს შორის კარგი ურთიერთობა ხშირად წარმატებული მკურნალობის ძირითადი განმსაზღვრელია. ზოგ შემთხვევაში ფსიქოთერაპია ამცირებს სიმპტომებს, სხვა შემთხვევაში – იცავს პაციენტს გამწვავებისგან.