1. პარაფილია
  2. სექსუალობა
  3. ფსიქიკური დაავადებები
პარაფილია

პარაფილია არის ხშირი, ინტენსიური, სექსუალურად ამგზნები ფანტაზიები ან ქცევა უსულო საგნების, ბავშვების ან ქმედუუნარო მოზრდილების გამოყენებით, საკუთარი თავის ან პარტნიორის ტანჯვით ან დამცირებით.

სექსუალური აგზნება შეიძლება დაკავშირებული იყოს ზემოთ მოხსენიებულთაგან რომელიმესთან. მას შემდეგ, რაც გვიანი ბავშვობის ან ადრეულ პუბერტატულ ასაკში სექსუალური აგზნების მახასიათებლები ყალიბდება, ისინი ხშირად მთელი ცხოვრების განმავლობაში ნარჩუნდება.

ჯანმრთელი მოზრდილების სექსუალურ ურთიერთობებსა და ფანტაზიებში აქტივობის სხვადასხვა სახეებია გავრცელებული. როდესაც ადამიანები ურთიერთშეთანხმებით მონაწილეობენ უჩვეულო ბუნების უწყინარ სექსუალურ აქტივობაში, ეს ქცევა მათი სიყვარულის და ზრუნვის გამოხატულება შეიძლება იქნეს; მაგრამ თუ ის უკიდურეს ფორმას იღებს, მაშინ მას პარაფილიას უწოდებენ – ფსიქოსექსუალურ აშლილობას, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირებს ურთიერთსიყვარულზე დაფუძნებული სექსუალური აქტივობის შესაძლებლობას. პარაფილიის მქონე პირის პარტნიორი თავს გრძნობს როგორც ობიექტი, სექსუალურ ურთიერთობაში სრულიად უსარგებლო და უმნიშვნელო. პარაფილია სერიოზულ დისტრესს იწვევს და აუარესებს ცხოვრებას. დისტრესი შეიძლება გამოიწვიოს სხვა ადამიანების რეაქციამ ან სოციალურად მიუღებელი ქცევის გამო დანაშაულის განცდამ.

პარაფილიის ყველაზე გავრცელებული ტიპებია ფეტიშური ტრანსვესტიზმი, პედოფილია, ექსჰიბიციონიზმი და ვუაიერიზმი, ასევე სექსუალური მაზოხიზმი და სადიზმი. მამაკაცებს უფრო ხშირად აქვთ პარაფილია და, როგორც წესი, ერთზე მეტი ტიპისა. ზოგიერთ მათგანს პიროვნული აშლილობაც აღენიშნება, მაგალითად, ანტისოციალური ან ნარცისული პიროვნება. პარაფილიას ზოგიერთი ტიპი კანონსაწინააღმდეგოა.

ფეტიშიზმი

ფეტიშიზმი არის ფიზიკური საგნის (ფეტიშის) გამოყენება სექსუალური აგზნების უპირატეს საშუალებად.

ფეტიშიზმის მქონე ადამიანს შეიძლება სექსუალური სტიმულირება და კმაყოფილება მიანიჭოს სხვა პირის ქვედა საცვლების ჩაცმამ, რეზინის ან ტყავის ტანსაცმლის ტარებამ, სხვადასხვა ობიექტის, მაგალითად, მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ხელში დაკავებამ, ხახუნმა ან სუნმა. ადამიანებმა ამ აშლილობით შეიძლება ვერ შეძლონ ნორმალური სექსუალური აქტივობა ფეტიშის გარეშე. ფეტიშმა შეიძლება შეცვალოს პარტნიორთან ჩვეულებრივი სექსუალური აქტივობა ან პარტნიორის თანხმობით, შესაძლოა, ინტეგრირებული იქნეს სექსუალურ აქტივობაში.

ფეტიშური ტრანსვესტიზმი: ფეტიშური ტრანსვესტიზმის დროს მამაკაცი უპირატესობას ანიჭებს ქალის ტანისამოსის ტარებას ან, უფრო იშვიათად, ქალი ანიჭებს უპირატესობას მამაკაცის ტანისამოსის ტარებას. ამავე დროს, მათ არ აქვთ სქესის შეცვლის სურვილი, როგორც ტრანსსექსუალიზმის დროს. ტრანსვესტიზმმა შეიძლება არ ავნოს წყვილების სექსუალურ ურთიერთობებს, თუმცა, თუ პარტნიორი არ დათანხმდა, ტრანსვესტისტი შეიძლება გაღიზიანდეს, დანაღვლინდეს, გაუჩნდეს დანაშაულის ან სირცხვილის განცდა თავისი ლტოლვების გამო.

ფეტიშური ტრანსვესტიზმი ფსიქიკურ აშლილობად განიხილება, თუ ახლავს დისტრესი, ზემოქმედებს ცხოვრებაზე, ყოფაზე ან მოიცავს ისეთ სარისკო ქცევას, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ტრავმა, სამსახურის დაკარგვა ან სამართალდარღვევა. ტრანსვესტისტი საპირისპირო სქესის ტანსაცმელს იცვამს არა მხოლოდ სექსუალური სტიმულაციისათვის, არამედ, მაგალითად, აგზნების შესამცირებლად, დასასვენებლად ან, მამაკაცი ტრანსვესტისტის შემთხვევაში, თავისი ქალური ნაწილის შესაგრძნობად. ზოგიერთ ადამიანს, რომელიც მოზარდობის ან 20 წლის ასაკიდან არის ტრანსვესტისტი, მოგვიანებით ასაკში უვითარდება გენდერული იდენტობის აშლილობა და შეიძლება მიმართოს ჰორმონულ თერაპიას ან სქესის შეცვლის ოპერაციას. ძალიან ცოტა ცდილობს მკურნალობას. ამ შემთხვევაში მათი მოტივაცია შეიძლება იყოს მეუღლის უკმაყოფილება ან მათი სექსუალური ქცევის გავლენა მათ შრომით საქმიანობასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე. ზოგჯერ სამედიცინო დახმარებას სხვა მიზეზით მიმართავენ, როგორიცაა ფსიქოაქტიური ნივთიერებების ავად მოხმარება ან დეპრესია. მკურნალობა გულისხმობს ფსიქოთერაპიას, რომელიც შეიძლება დაეხმაროს საკუთარი თავის მიღებასა და პრობლემური ქცევის კონტროლში.

პედოფილია

პედოფილია ბავშვებთან სექსუალური აქტივობაა.

დასავლურ საზოგადოებაში პედოფილიას განმარტავენ როგორც 16 წლის და უფრო მეტი ასაკის პირის სექსუალურ ფანტაზიას ან სექსუალურ ურთიერთობას პრეპუბერტატული ასაკის ბავშვთან (13 წლამდე). ზოგიერთი პედოფილი ხშირად გარკვეული ასაკისა და განვითარების დონის ბავშვებს ანიჭებს უპირატესობას. სხვებს მიზიდულობა აქვთ როგორც ბავშვებისადმი, ისე მოზრდილებისადმი. პედოფილები შეიძლება არჩევდნენ ბიჭებს, გოგონებს ან ორივეს, მაგრამ უმეტესობა უპირატესობას ანიჭებს საპირისპირო სქესის ბავშვებს. როგორც წესი, ბავშვი იცნობს პედოფილს, რომელიც შეიძლება იყოს ოჯახის წევრი, მამინაცვალი ან ავტორიტეტული პირი (მაგალითად, მასწავლებელი). ბავშვის ყურება და შეხება, როგორც ჩანს, უფრო ხშირია, ვიდრე სასქესო ორგანოებზე შეხება და სქესობრივი აქტი. მიუხედავად იმისა, რომ შეერთებულ შტატებში კანონმდებლობა განსხვავდება შტატების მიხედვით, კანონი, როგორც წესი, მიიჩნევს, რომ 18 წელზე უფროსი პირი სჩადის გაუპატიურებას, თუ მსხვერპლი 16 წლის ან უფრო ნაკლები ასაკისა არის. გაუპატიურების შემთხვევები ხშირად არ ესადაგება პედოფილიის კრიტერიუმებს, რადგან სამედიცინო და იურიდიული ასაკობრივი ზღურბლი გარკვეულწილად ხშირად ზუსტად არ არის განსაზღვრული. ბევრ სხვა ქვეყანასა და კულტურაში 12 წლის ბავშვები შეიძლება კანონიერად დაქორწინდნენ, რაც კიდევ უფრო ართულებს პედოფილიისა და გაუპატიურების განმარტებას.

პედოფილია უფრო გავრცელებულია მამაკაცებს შორის, ვიდრე ქალებში. მსხვერპლი შეიძლება იყოს როგორც ბიჭი, ასევე გოგონა, თუმცა უფრო ხშირად – გოგონები. პედოფილი შეიძლება არჩევდეს მხოლოდ ოჯახის წევრ ბავშვს (ინცესტი) ან შეიძლება ეძებდეს ბავშვებს ოჯახს გარეთ. ბავშვების სექსუალური ჩართვისთვის შეიძლება გამოიყენოს ფიზიკური ძალა ან იძულება და მუქარა (მაგალითად, ბავშვის ან ბავშვის შინაური ცხოველის დაზიანების მუქარა), რომ ბავშვმა მომხდარი არ გაამხილოს.

ბევრ პედოფილს აქვს წამალდამოკიდებულება ან დეპრესია. ისინი ხშირად დარღვეული ოჯახებიდან არიან ან ხშირი ოჯახური კონფლიქტები აქვთ.

მკურნალობა

პედოფილიის მკურნალობა შესაძლებელია ხანგრძლივი ფსიქოთერაპიით და მედიკამენტებით, რომლებიც ცვლიან სექსუალურ ლტოლვას და ამცირებენ ტესტოსტერონის დონეს. შედეგები განსხვავებულია. ეფექტი უკეთესია, როცა მკურნალობა ნებაყოფლობითია, ინდივიდი მონაწილეობს სოციალური უნარების ტრენინგში და მკურნალობს სხვა პრობლემებსაც (მაგალითად, წამალდამოკიდებულება და დეპრესია). მკურნალობა, რომელიც ტარდება კრიმინალური ქცევის შემდეგ, ნაკლებად ეფექტიანია. პატიმრობა, ხანგრძლივი ვადითაც კი, არ ცვლის პედოფილის ლტოლვას ან ფანტაზიებს. თუმცა, ზოგიერთი დაპატიმრებული პედოფილი, რომელსაც ჩაუტარდა ხანგრძლივი ფსიქოთერაპია (ჩვეულებრივ, მედიკამენტებთან ერთად), თავს იკავებს პედოფილური ქმედებებისგან და საზოგადოებაში ინტეგრირებულია.

მედიკამენტური მკურნალობისთვის შეერთებული შტატების ექიმები არჩევენ მედროქსიპროგესტერონის აცეტატს (კუნთებში ინექციის სახით). ეს მედიკამენტი (პროგესტინი) მსგავსია ქალის ჰორმონის – პროგესტერონის. ალტერნატივაა მედიკამენტი ლეუპროლიდი და გოსერელინი, რომლებიც თრგუნავს ჰიპოფიზში სათესლე ჯირკვლებში ტესტოსტერონის გამომუშავების მასტიმულირებელ სიგნალს, რომელიც ჰიპოფიზში წარმოიქმნება. არ არის ნათელი, რამდენად გამოდგება ეს მედიკამენტები ქალი პედოფილებისთვის.

ექსჰიბიციონიზმი

ექსჰიბიციონიზმი გულისხმობს სექსუალური აგზნებისთვის გენიტალიების ჩვენებას ან ძლიერ სურვილს, სხვების თვალწინ განახორციელოს სექსუალური აქტი.

ექსჰიბიციონისტები (ჩვეულებრივ, მამაკაცები) სექსუალურად იგზნებიან, როცა გენიტალიებს აჩვენებენ უცხო ადამიანებს, რომლებისთვისაც ეს მოულოდნელობაა. მათ შეიძლება გაცნობიერებული ჰქონდეთ მოთხოვნილება, სხვისი გაკვირვების, შოკირების, უნებლიე დამკვირვებელზე შთაბეჭდილების მოხდენის მოთხოვნილება. მსხვერპლი, როგორც წესი, ქალია ან ნებისმიერი სქესის ბავშვი. რეალურ სექსუალურ კონტაქტს თითქმის არასოდეს ცდილობს, ამიტომ ექსჰიბიციონისტი იშვიათად აუპატიურებს. ექსჰიბიციონიზმი, როგორც წესი, ვლინდება 20-40 წლის ასაკში. პაციენტების უმეტესობა დაქორწინებულია, თუმცა ქორწინება წარუმატებელია.

სექსუალური დანაშაულის ჩამდენი მამაკაცების დაახლოებით 30% ექსჰიბიციონისტია. ისინი, როგორც წესი, განაგრძობენ მათთვის ჩვეულ ქცევას; დაახლოებით 20-50% განმეორებით აღმოჩნდება ხოლმე საპატიმროში. გენიტალიების უცხო ადამიანებისთვის მოულოდნელად ჩვენების სურვილი ქალებს შორის იშვიათია. ქალები სხვა გზას პოულობენ დემონსტრაციისათვის: პროვოკაციული ჩაცმულობა (რომელიც სულ უფრო მკვიდრდება, როგორც ნორმა), სხვადასხვა სატელევიზიო და გასართობ აქტივობებში მონაწილეობა. ამ ტიპის აქტიურობა შეიძლება არ მიუთითებდეს ფსიქიკურ აშლილობაზე. ზოგიერთი ადამიანისთვის ექსჰიბიციონიზმი გამოიხატება სურვილით, სხვებმა უყურონ მის სექსუალურ აქტს. ამ შემთხვევაში არჩევენ ადამიანებს, რომლებიც ნებაყოფლობით ხდებიან მოხსენიებული მაყურებლები. ამ ტიპის ექსჰიბიციონისტმა შეიძლება გადაიღოს პორნოგრაფიული ფილმი ან ჩაერთოს გართობის ინდუსტრიაში. ისინი იშვიათად არიან შეშფოთებულნი თავისი ლტოლვების გამო და შეიძლება არც ჰქონდეთ ფსიქიკური აშლილობა.

მკურნალობა

მკურნალობა, ჩვეულებრივ, იწყება ექსჰიბიციონისტის დაპატიმრების შემდეგ. მკურნალობა გულისხმობს ფსიქოთერაპიას, მხარდამჭერ ჯგუფებს, ანტიდეპრესანტების, სეროტონინის უკუმიტაცების სელექციურ ინჰიბიტორებს (სუსი-ები). თუ ეს მედიკამენტები არაეფექტიანია, შეიძლება დაინიშნოს წამლები, რომლებიც ცვლის სექსუალურ ლტოლვას და ამცირებს ტესტოსტერონის დონეს. ამ მკურნალობის ჩატარება ინფორმირებულ თანხმობას მოითხოვს. მკურნალობისას პერიოდულად სისხლის ანალიზი ტარდება ღვიძლის ფუნქციის და სისხლის შრატში ტესტოსტერონის დონის შესამოწმებლად.

ვუაიერიზმი

ვუაიერიზმი გულისხმობს სექსუალური აგზნების მიღწევას სხვა ადამიანებისთვის ტანსაცმლის გახდის, გაშიშვლების ან სექსუალური აქტივობის ყურებით.

ვუაიერიზმის დროს სწორედ დაკვირვების აქტი (თვალთვალი) იწვევს აგზნებას და არა სექსუალური აქტივობა დაკვირვების სუბიექტთან. ვუაიერიზმის დროს არ ცდილობენ სექსუალურ კონტაქტს მასთან, ვისაც უთვალთვალებენ. თვალთვალი შეიძლება კანონდარღვევად ჩაითვალოს.

ვუაიერიზმი, ჩვეულებრივ, მოზარდობის ან ადრეული მოწიფულობის ასაკში იწყება. ის მეტნაკლებად არის გავრცელებული ბიჭებსა და მამაკაცებს შორის, აგრეთვე, სულ უფრო ხშირად, ქალებს შორის. საზოგადოება ვუაიერიზმის მსუბუქ ფორმებს ნორმად მიიჩნევს, თუ ზრდასრული ადამიანები საკუთარი ნებით მონაწილეობენ მასში. სექსუალური სურათებისა და შოუების ნახვა, რომელიც ფართოდ არის გავრცელებული თანამედროვე საზოგადოებაში ინტერნეტის საშუალებით, ვუაიერიზმად არ მიიჩნევა, რადგან არ შეიცავს საიდუმლოდ დაკვირვების ელემენტს, რაც ამ მოვლენის დამახასიათებელი, განმასხვავებელი ნიშანია.

როგორც აშლილობა, ვუაიერიზმი უფრო გავრცელებულია მამაკაცებს შორის. როდესაც ვუაიერიზმი აშლილობაა, პირი მუდმივად ცდილობს, იპოვოს თვალთვალის შესაძლებლობა. ეს შეიძლება გახდეს სექსუალური აქტიურობის უპირატესი საშუალება და საათობით გაგრძელდეს.

მკურნალობა

მკურნალობა, ჩვეულებრივ, იწყება ვუაიერისტის დაპატიმრების შემდეგ და გულისხმობს ფსიქოთერაპიის, მხარდამჭერი ჯგუფების, ანტიდეპრესანტების, სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორების (სუსი-ები) გამოყენებას. თუ ეს მედიკამენტები არაეფექტიანია, შეიძლება დაინიშნოს წამლები, რომლებიც ცვლიან სექსუალურ ლტოლვას და ამცირებენ ტესტოსტერონის დონეს. ადამიანებმა ასეთ მკურნალობაზე ინფორმირებული თანხმობა უნდა განაცხადონ. პერიოდულად სისხლის ანალიზი ტარდება ღვიძლის ფუნქციის და სისხლის შრატში ტესტოსტერონის დონის შესამოწმებლად.

სექსუალური მაზოხიზმი და სადიზმი

სექსუალური მაზოხიზმი გულისხმობს სექსუალური აგზნების მიღწევას ტანჯვის, ცემის, დამცირების ან სხვაგვარი შეურაცხყოფის განცდის გზით. სექსუალური სადიზმი გულისხმობს სექსუალური აგზნების მიღწევას სხვა ადამიანის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ტანჯვის გზით.

სადიზმისა და მაზოხიზმის გარკვეული ელემენტები გავრცელებულია სექსუალურ თამაშებში ჯანსაღი სექსუალური ურთიერთობების დროს და ურთიერთდამოკიდებული ადამიანები ხშირად ეძებენ ერთმანეთს. მაგალითად, აბრეშუმის ცხვირსახოცის გამოყენება მონობის სიმულაციისთვის და პარტნიორების შეთანხმებით მსუბუქი გაწკეპლვა არ ითვლება სადომაზოხიზმად.

სადისტების უმეტესობა ურთიერთობს პარტნიორთან, რომელიც თანახმაა (რომელიც შეიძლება მაზოხისტი იყოს). ამ ურთიერთობებში დამცირება და ცემა უბრალოდ, გათამაშებულია, პარტნიორებმა იციან, რომ თამაშია და ცდილობენ მოერიდონ რეალურ დამცირებასა და ტრავმებს. ტოტალური კონტროლისა და დომინირების ფანტაზია ხშირად წამყვანია და სადისტი ცდილობს პარტნიორის დაბმას, მისთვის პირში ბურთის ჩაჩრას სხვადასხვა საშუალებით.

ამის საპირისპიროდ, აშლილობის დროს, მაზოხისტური და სადისტური ქმედებები უკიდურეს ფორმას იღებს ან სექსუალურ აქტივობებში მსხვერპლი მისი თანხმობის გარეშეა ჩართული და ამიტომ დანაშაულია. ზოგიერთი ქმედება სერიოზულ ფიზიკურ ან ფსიქოლოგიურ ტრავმებს და ზოგჯერ სიკვდილსაც კი იწვევს. მაგალითად, მაზოხისტური სექსუალური აქტივობა შეიძლება მოიცავდეს ასფიქსოფილიას, რომლის დროსაც პირი ნაწილობრივ იხრჩობა (ან პარტნიორი ახრჩობს, ან თავად შემოიკრავს მარყუჟს კისერზე). ტვინში ჟანგბადის მიწოდების დროებით შემცირება ორგაზმის დროს, როგორც სექსუალური გათავისუფლების გაძლიერების საშუალება, ისე განიხილება. ასეთი პრაქტიკა შეიძლება შემთხვევით ფატალურად დასრულდეს.

მაზოხიზმისა და სადიზმის მკურნალობა, როგორც წესი, არაეფექტიანია.


12013 წელს გამოიცა დიაგნოსტიკური და სტატისტიკური სახელმძღვანელოს მე-5 გამოცემა (DSM-V).

2DSM-5

-ის მიხედვით – სომატურ სიმპტომთა აშლილობა.