კალორიები | მკურნალი.გე
  1. კალორიები
  2. კვების ზოგადი მიმოხილვა
  3. კვებისა და მეტაბოლიზმის დარღვევები
კალორიები

კალორია ენერგიის საზომი ერთეულია. საკვები შეიცავს კალორიებს. შესაბამისად, სხეული საკვების სახით იღებს ენერგიას. ორგანიზმში ენერგიის გამოთავისუფლება ხდება საკვების დაშლის და მონელების პროცესის დროს. ენერგია აუცილებელია უჯრედთა ფუნქციონირებისათვის, მათში ცილების და ორგანიზმისთვის აუცილებელი სხვა ნივთიერებების წარმოსაქმნელად. გამოთავისუფლებული ენერგიის გამოყენება შესაძლოა მოხდეს დაუყოვნებლივ ან შენახულ იქნეს მოგვიანებითი მოხმარებისთვის. როდესაც საკვების სახით ორგანიზმი იღებს ენერგიის დამატებით დოზას, რომელიც მას დაუყოვნებლივ არ სჭირდება, ზედმეტ ენერგიას ინახავს. ჭარბი ენერგიის უმეტესობა ინახება ცხიმის სახით, გარკვეული ოდენობა კი ნახშირწყლების სახით ღვიძლსა და კუნთოვან ქსოვილებში. შედეგად ხდება სხეულის წონის მატება. როგორც ცნობილია, ყოველდღიურად ზედმეტი 200 კალორიის შენახვის შემთხვევაში სხეული, 10 დღის განმავლობაში იმატებს 1/2 ფუნტს (1 ფუნტი = 0,453კგ), უპირატესად ცხიმის სახით.

როდესაც საკვებით მიღებული კალორიები ორგანიზმისთვის საჭიროზე ნაკლებია, სხეული ენერგიის მისაღებად იწყებს ნახშირწყლების მარაგის გამოყენებას, რომელიც შენახულია ღვიძლსა და კუნთოვან ქსოვილებში დეპოს სახით. იმის გათვალისწინებით, რომ ორგანიზმი სწრაფად უკეთებს მობილიზებას დეპოს სახით შენახულ ნახშირწყლებს, ხოლო წყალი ჩვეულებრივ გამოდევნის დეპოს, საწყის ეტაპზე წონაში კლება იწყება სწრაფად. აღნიშნული ნახშირწყლები ორგანიზმს ენერგიით უზრუნველყოფს ხანმოკლე პერიოდით, შემდგომ ენერგიის მისაღებად გამოიყენება სხეულში არსებული ცხიმის მარაგი. რადგან ცხიმის დაშლის შედეგად გამოიყოფა გაცილებით მეტი ენერგია, ვიდრე ნახშირწყლების დაჟანგვისას, წონაში კლების პროცესი ცხიმის მოხმარების დაწყებიდან ნელდება. აღსანიშნავია, რომ ცხიმოვანი ქსოვილი ორგანიზმში გაცილებით მეტია და შესაბამისად ენერგიით უზრუნველყოფა უფრო ხანგრძლივი დროითაა შესაძლებელი.

მხოლოდ ხანგრძლივი ენერგიის დეფიციტის შემთხვევაში ორგანიზმი იწყებს ცილების დაშლას. ნორმალურად ნაკვები ადამიანი სრული შიმშილის პირობებში (როდესაც არანაირ საკვებს არ იღებს) ცოცხალი ძლებს 8-12 კვირის განმავლობაში.

ენერგიის ყოველდღიური მოთხოვნილება საგრძნობლად განსხვავებულია, ვარირებს 1000-დან 4000-ზე მეტ კალორიამდე და დამოკიდებულია ასაკზე, სქესზე, წონაზე, ფიზიკურ აქტივობაზე, რაიმე თანმხლები დაავადების არსებობაზე და მეტაბოლური ცვლის სისწრაფეზე (კალორიების დაწვის ინტენსივობა). ზოგადად, როგორც ცნობილია, არსებული წონის შენარჩუნებისთვის ორგანიზმს ყოველდღიურად სჭირდება შემდეგი რაოდენობის კალორიები:

  • 1600 კალორია – ქალებს მჯდომარე ცხოვრების წესით, პატარა ბავშვებს და ხანში შესულ პირებს;

  • 2000 კალორია – მოზრდილ ბავშვებს, ფიზიკურად აქტიურ ახალგაზრდა ქალებს და კაცებს მჯდომარე ცხოვრების წესით;

  • 2400 კალორია – ფიზიკურად აქტიურ მოზარდ ბიჭებს და ახალგაზრდა მამაკაცებს.

24 საათის განმავლობაში მისაღები კალორიები ნაწილდება კვების ულუფებად პაციენტის მიერ. აღსანიშნავია, რომ დღის მანძილზე ორგანიზმის მიერ მოთხოვნილი კალორიების რაოდენობა განსხვავებულია სხვადასხვა პერიოდში და მკვეთრად დამოკიდებულია სხეულის ფიზიკურ აქტივობაზე. განსაკუთრებით აერობიკის ვარჯიშისას რეალურად იზრდება კალორიებზე მოთხოვნილება და პირიქით, ფიზიკური აქტივობის არარსებობისას – მცირდება.