რიბოფლავინი | მკურნალი.გე
  1. რიბოფლავინი
  2. ვიტამინები (კვებისა და მეტაბოლიზმის დარღვევები)
  3. კვებისა და მეტაბოლიზმის დარღვევები
რიბოფლავინი

რიბოფლავინი (ვიტამინი B2) აუცილებელი მიკროელემენტია ნახშირწყლების (ენერგიის მაპროდუცირებელი ნივთიერებები) და ამინომჟავების მეტაბოლიზმისთვის. ის ასევე ხელს უწყობს ლორწოვანი გარსების (ისეთი, როგორიცაა პირის ღრუს ამომფენი ლორწოვანი) მთლიანობის შენარჩუნებას. რიბოფლავინი არ არის ტოქსიკური.

რიბოფლავინის დეფიციტი

  • პაციენტებს უვითარდებათ მტკივნეული ნახეთქები ტუჩის კუთხეებში და ტუჩებზე. აქერცვლადი უბნები თავის თმიან ნაწილში, წითელი ლაქები პირში და ენაზე;

  • დიაგნოზი ეფუძნება სიმპტომებს, შარდის ანალიზს და რიბოფლავინის დამატებისას ავადმყოფის გაუმჯობესებას;

  • ორალურად მაღალ დოზებში მიღებულმა რიბოფლავინმა შესაძლოა გამოასწოროს დეფიციტი.

რიბოფლავინის დეფიციტი ჩვეულებრივ თან ახლავს სხვა B ჯგუფის ვიტამინების დეფიციტს. ის, როგორც წესი, არასაკმარისი რაოდენობით ცილებისა და კალორიების მოხმარების შედეგია.

ქრონიკული დაავადებების არსებობა (როგორიცაა განმეორებითი დიარეა, ღვიძლის დაავადებები და ქრონიკული ალკოჰოლიზმი) და მალაბსორბციული დაავადებები ზრდიან რიბოფლავინის დეფიციტის რისკს. ასევე რისკი იზრდება ჰემოდიალიზის ან პერიტონეალური დიალიზის შემთხვევებშიც, პროცედურა გულისხმობს სისხლის გაფილტვრას.

სიმპტომები

სიმპტომები განსხვავებულია. მტკივნეული ნახეთქები ტუჩის კუთხეებში და ტუჩებზე. ენა და პირის ღრუ ანთებითია, ენა მკვეთრად წითელი შეიძლება გახდეს. ვლინდება წითელი ცხიმიანი აქერცვლადი ელემენტები (სებორეული) თავის თმიან ნაწილზე, ცხვირის გარშემო, ტუჩ-ცხვირის არეში, ყურისა და ქუთუთოების მიდამოებში და გენიტალურ არეებში.

დიაგნოზი და მკურნალობა

დიაგნოზი ეფუძვნება სიმპტომებს და დადასტურებულ საერთო კვებითი დეფიციტის არსებობას. დამატებით დამადასტურებელ კრიტერიუმად ითვლება შარდში რიბოფლავინის დონის განსაზღვრა და რიბოფლავინის დამატებითი მიღებისას ავადმყოფის სიმპტომების შემცირება, თუკი ისინი რიბოფლავინის დეფიციტის შედეგია.

პრევენციული ღონისძიებები მოწოდებულია პაციენტებთან, რომლებსაც უტარდებათ ჰემოდიალიზი ან პერიტონეალური დიალიზი ან აქვთ მალაბსორბციული დაავადება. პრევენცია გულისხმობს რიბოფლავინის დამატებით მიცემას.

მკურნალობისას მაღალი დოზებით რიბოფლავინი პაციენტს ეძლევა ორალურად მანამ, სანამ სიმპტომები არ აღმოიფხვრება. თუ აღნიშნული მკურნალობა არაეფექტურია, რიბოფლავინი ინიშნება კუნთში ინექციის სახით. ასევე მოწოდებულია B ჯგუფის სხვა ვიტამინების დამატება.