B6ვიტამინი (პირიდოქსინი) წარმოადგენს აუცილებელ ნივთიერებას ნახშირწყლების, ამინომჟავებისა და ცხიმების (ლიპიდების) მეტაბოლიზმის პროცესისთვის. ასევე მნიშვნელოვან როლს თამაშობს ნერვების ნორმალური ფუნქციონირების, სისხლის წითელი უჯრედების ფორმირების პროცესში. B6ვიტამინი ხელს უწყობს კანის სიჯანსაღეს.
რადგან B6ვიტამინი შედის არაერთი საკვები პროდუქტის შემადგენლობაში, მისი დეფიციტი იშვიათადაა განპირობებული არაადეკვატური კვებით. ამასთანავე აღსანიშნავია, რომ დეფიციტის მიზეზი შესაძლოა გახდეს საკვები პროდუქტების ხანგრძლივი დამუშავება, რაც საკვებში B6 ვიტამინის განადგურებას იწვევს.
დეფიციტი ხშირად განპირობეებულია მალაბსორბციული დაავადებით, ალკოჰოლიზმით ან მედიკამენტებით, რომლებიც ამოწურავენ ორგანიზმში არსებული B6ვიტამინის მარაგს. ამ მედიკამენტებს მიეკუთვნება ანტიბიოტიკი იზონიაზიდი, ანტიჰიპერტენზიული საშუალება ჰიდრალაზინი და სისტემური დაავადებების (რევმატოიდული ართრიტის და ვილსონის დაავადების) სამკურნალოდ გამოყენებული მედიკამენტი პენიცილინამინი.
B6ვიტამინის დეფიციტის შემთხვევაში, პაციენტს შესაძლოა განუვითარდეს კრუნჩხვები, ეს განსაკუთრებით ხშირია ახალშობილებში. ანტიკონვულსანტებით (კრუნჩხვის საწინააღმდეგო მედიკამენტები) მკურნალობა ასეთ დროს ზოგჯერ არაეფექტურია. მოზრდილებში ვიტამინის დეფიციტმა შესაძლოა გამოიწვიოს კანის ანთებითი დაზიანებები (დერმატიტი), სიწითლე, ცხიმიანობის მომატება, აქერცვლადი გამონაყარი. ვლინდება ხელებისა და ფეხების დაბუჟება და ნემსების ჩხვლეტის მსგავსი შეგრძნებები (პარესთეზიები). ენა ხდება მტკივნეული და წითელი, ხშირია ნახეთქების გაჩენა ტუჩის კუთხეებში. პაციენტები აღნიშნავენ გაღიზიანებას, დაბნეულობას, ყურადღების დეფიციტს და დეპრესიულ ჩივილებს.
რადგან ვიტამინი B6 მონაწილეობს სისხლის წითელი უჯრედების ფორმირებაში, მისი დეფიციტისას შესაძლოა განვითარდეს ანემია.
დიაგნოზს ადასტურებს სიმპტომები, დაავადების ან ისეთი მდგომარეობის არსებობა, რომელიც შეიძლება იწვევდეს B6ვიტამინის დეფიციტს და დადებითი შედეგი B6ვიტამინის ჩანაცვლებითი თერაპიისას. სისხლის ანალიზი დიაგნოზის დასადასტურებლად არ არის ადვილად ხელმისაწვდომი.
თუ შესაძლებელია, საჭიროა ვიტამინის დეფიციტის მიზეზის კორექცია. პაციენტებს, რომელთაც აქვთ გამოვლენილი B6ვიტამინის დეფიციტი ან იღებენ მედიკამენტებს, რომლებიც ამცირებენ ორგანიზმში ვიტამინის რაოდენობას, საჭიროებენ B6ვიტამინის დამატებით თერაპიას ორალური გზით.
B6ვიტამინის ძალიან მაღალ დოზებში გამოყენებისას შესაძლოა გამოვლინდეს ისეთი დარღვევები, როგორიც არის: მაჯის გვირაბის სინდრომი, პრემენსტრუალური სინდრომი და ნერვების დაზიანება (ნეიროპათია). B6ვიტამინის ჭარბად მიღების სარგებელი ძალიან დაბალია. სიმპტომებიდან აღსანიშნავია ზედა და ქვედა კიდურებში დაბუჟების და ნემსის ჩხვლეტის მსგავსი შეგრძნებები, დარღვეულია ვიბრაციული და პოზიციური მგრძნობელობა. თვალდახუჭულ პაციენტს არ შეუძლია ახსნას, რა პოზიციაშია მისი ხელები ან ფეხები და ვერ შეიგრძნობს ვიბრაციას. შესაბამისად, სიარული არის გაძნელებული.
დიაგნოზი ეფუძნება სიმპტომების არსებობას და გამოკითხვისას B6ვიტამინის ჭარბად მიღების ფაქტებს.
მკურნალობა გულისხმობს B6ვიტამინის მიღების შეწყვეტას. არსებული დარღვევის სრული აღდგენა ხდება თანდათანობით და დროში შესაძლოა გახანგრძლივდეს, პაციენტების უმრავლესობას გარკვეული პერიოდი კვლავ უჭირს სიარული.