E ვიტამინი (ტოკოფეროლი) წარმოადგენს ანტიოქსიდანტს. ის იცავს ნორმალურ უჯრედებს თავისუფალი რადიკალების დამაზიანებელი მოქმედებისაგან. თავისუფალი რადიკალები წარმოადგენენ უჯრედის ცხოველქმედების პროდუქტებს, რომლებიც გამოთავისუფლდებიან სხვადასხვა ქიმიური რეაქციის დროს. ამ რეაქციების გარკვეული ნაწილი შესაძლოა იყოს საზიანო. პაციენტების საკმაოდ დიდი ნაწილი იღებს E ვიტამინს დანამატის სახით, სხვადასხვა დაავადების პრევენციის მიზნით. ცნობილია, რომ E ვიტამინის დამატებითი მიღება არ იცავს პაციენტს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარებისაგან, თუმცა, ჯერ კიდევ სადავოა მისი პოზიტიური ზემოქმედება ისეთი დაავადებების განვითარების საწინააღმდეგოდ, როგორიცაა: ალცჰაიმერის დაავადება, გვიანი დისკინეზია (პირის, ენის, ხელების და ფეხების უნებლიე მოძრაობები) და პროსტატის კიბო.
კვების რაციონში ცხიმის მინიმუმამდე დაყვანა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზია ვიტამინის დეფიციტისა. E ვიტამინის ძირითად რესურსს მცენარეებში შემავალი ცხიმი წარმოადგენს. დაავადებები, რომლებიც აუარესებენ ცხიმის აბსორბციას, ასევე შესაძლოა დეფიციტის მიზეზი გახდეს ან ზრდიან E ვიტამინის დეფიციტის განვითარების რისკს.
E ვიტამინის დეფიციტის მაღალი რისკია ახალშობილებში, რადგან მათ ორგანიზმს თითქმის არ აქვს ვიტამინის მარაგი. E ვიტამინის ძალიან მცირე ნაწილი გადის ტრანსპლაცენტარულ ბარიერს და გადაეცემა დედიდან ნაყოფს მუცლადყოფნის პერიოდში. მოზრდილ პაციენტს E ვიტამინის საკმაოდ დიდი მარაგი აქვს ცხიმოვან ქსოვილებში. ამერიკის შეერთებულ შტატებში და სხვა განვითარებულ ქვეყნებში E ვიტამინის დეფიციტი საკმაოდ იშვიათად გვხვდება უფროსი ასაკის ბავშვებში ან ზრდასრულებში.
სიმპტომები მოიცავს: რეფლექსების შესუსტებას, სიარულის გაძნელებას, კოორდინაციის დარღვევას, პოზიციის შეგრძნების დაკარგვას (პაციენტს დახედვის გარეშე უჭირს აღწეროს საკუთარი კიდურის პოზიცია) და კუნთების სისუსტეს. E ვიტამინის დეფიციტმა შესაძლოა გამოიწვიოს ანემია, რომლის დროსაც ადგილი აქვს სისხლის წითელი უჯრედების დაშლას (ჰემოლიზური ანემია). ნაადრევად დაბადებული ახალშობილები, რომელთაც აღენიშნებათ E ვიტამინის დეფიციტი, იმყოფებიან აღნიშნული მძიმე დაავადების მაღალი რისკის ქვეშ. დღენაკლულ ახალშობილებში ასევე შესაძლოა განვითარდეს თავის ტვინში სისხლჩაქცევა (ჰემორაგია) ან თვალის სისხლძარღვების პათოლოგიური ზრდა (ამ დაავადებას დღენაკლულთა რეტინოპათია ეწოდება). ახალშობილებშიც ვლინდება კუნთების სისუსტე.
დიაგნოზი დაფუძნებულია სიმპტომებზე, არსებულ მდგომარეობებზე, რომლებიც ზრდის დეფიციტის რისკს (თუ არის ასეთი მდგომარეობა) და ფიზიკური გასინჯვის შედეგებზე. ლაბორატორიულად სისხლში E ვიტამინის განსაზღვრა არ განეკუთვნება ადვილად ხელმისაწვდომ ტესტებს.
მკურნალობა მოიცავს E ვიტამინის ჩანაცვლებით თერაპიას ორალური გზით. დღენაკლულ ახალშობილებში შესაძლებელია პრევენციული მიზნით ჩანაცვლებითი თერაპიის დაწყება, რათა თავიდან ავირიდოთ დაავადების განვითარება. დროული ახალშობილების უმრავლესობას არ ესაჭიროება E ვიტამინის დამატება, რადგან ისინი იღებენ საკმარისი რაოდენობით ვიტამინს დედის რძის ან ბავშვთა ხელოვნური საკვების გამდიდრებული ფორმულის გზით.
პაციენტების საკმაოდ დიდი ნაწილი თვეების და წლების განმავლობაში იღებს E ვიტამინს დანამატის სახით, გამოვლენილი ზიანის გარეშე. თუმცა ცნობილია, რომ მაღალ დოზებში E ვიტამინის გამოყენება ზრდის სისხლდენის განვითარების რისკს (იგულისხმება თავის ტვინში სისხლჩაქცევა, რომელიც იწვევს ინსულტს), რისკი მაღალია განსაკუთრებით იმ პირებში, რომლებიც ხანგრძლივად იღებენ ანტიკოაგულანტებს (როგორიც არის ვარფარინი). ზოგჯერ ძალიან მაღალ დოზებში ვიტამინის გამოყენებისას, ვითარდება კუნთების სისუსტე, დაღლილობა, გულისრევა და დიარეა.
დიაგნოზი დაფუძნებულია პაციენტის დეტალურ გამოკითხვაზე E ვიტამინის მოხმარებასთან დაკავშირებით. ზოგჯერ შესაძლოა საჭირო გახდეს K ვიტამინის გამოყენება, რომელსაც სისხლის შედედების უნარი აქვს, რათა შეაჩერონ სისხლდენა.