ქრომი (ელექტროლიტები და მინერალები) | მკურნალი.გე
  1. ქრომი (ელექტროლიტები და მინერალები)
  2. ელექტროლიტები და მინერალები
  3. კვებისა და მეტაბოლიზმის დარღვევები
ქრომი (ელექტროლიტები და მინერალები)

ქრომი ხელს უწყობს ინსულინს (რომელიც აკონტროლებს სისხლში შაქრის დონეს) სრულყოფილ ფუნქციონირებაში და მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლის პროცესში (მეტაბოლიზმში), კერძოდ, ნახშირწყლების, ცხიმებისა და ცილების მარაგის შექმნაში. ქრომის მხოლოდ მცირე ნაწილი შეიწოვება საკვებიდან. ქრომი გაცილებით უკეთესად აბსორბირდება C ვიტამინისა და ნიაცინის შემცველ საკვებ პროდუქტებთან ერთად. მისი დანამატის სახით მიღებისას მამაკაცებში არ იზრდება კუნთების ძალა და მოცულობა.

დეფიციტი:ქრომის დეფიციტი ძალიან იშვიათად გვხვდება განვითარებულ ქვეყნებში. ბავშვებს, რომელთაც აქვთ არასაკმარისი კვება, შესაძლოა განუვითარდეთ ქრომის დეფიციტი, რაც ვლინდება ზრდაში ჩამორჩენით. არსებობს მდგომარეობები, რომლის დროსაც შემცირებულია ორგანიზმში ქრომის შემცველობა.

  • მარტივი ნახშირწყლებით, მაგ.: შაქრით მდიდარი კვების რაციონი, რაც იწვევს ქრომის გაძლიერებულ გამოყოფას შარდთან ერთად

  • ინფექცია

  • ენერგიული, დატვირთული ვარჯიში

  • ორსულობა და ძუძუთი კვება

  • ტრავმები

  • ინტრავენური კვება (ზოგადი პარენტერალური კვება) ხანგრძლივი დროის განმავლობაში

ქრომის დეფიციტის დროს ვლინდება: წონაში კლება, კონფუზია, კოორდინაციის დარღვევები და გლუკოზის (შაქრის) მიღებისას, ორგანიზმის არასათანადო პასუხი, რაც ზრდის დიაბეტის განვითარების რისკს.

მკურნალობა გულისხმობს ქრომის დანამატის სახით მიღებას, თუ ამის საჭიროება არსებობს.

სიჭარბე:ქრომის მცირე დოზით ორალური მიღება არ მოქმედებს ორგანიზმის საზიანოდ. არსებობს პროფესიული დამაზიანებელი ფაქტორების ზეგავლენა ორგანიზმზე, მათ შორის არის ქრომი, რომელსაც ხშირად იყენებენ სამრეწველო საქმიანობისას და მისი ნარჩენები ტოქსიკურ ზეგავლენას ახდენს ორგანიზმზე. შესაძლოა გამოვლინდეს კანის გაღიზიანება, ცხვირის ხრტილოვანი ნაწილის პათოლოგიები, ფილტვებისა და კუჭ-ნაწლავის სისტემის დისფუნქციები და ქრომი ფილტვის კიბოს გამომწვევი მიზეზიც გახდეს.