ფთორი | მკურნალი.გე
  1. ფთორი
  2. ელექტროლიტები და მინერალები
  3. კვებისა და მეტაბოლიზმის დარღვევები
ფთორი

ორგანიზმში არსებული ფთორის ყველაზე დიდი რაოდენობა გვხვდება ძვლებსა და კბილებში. ფთორი აუცილებელი მიკროელემენტია ჯანსაღი ძვლებისა და კბილების ფორმირებისთვის.

ფთორის დეფიციტი

ფთორის დეფიციტმა შესაძლოა გამოიწვიოს კბილების დაზიანება და ოსტეოპოროზი. საკმარისი რაოდენობით ფთორის მიღება წარმოადგენს ერთგვარ პრევენციულ ქმედებას, კბილების კარიესის თავიდან ასაცილებლად და განაპირობებს ძვლების სიმკვრივეს. თუკი სასმელ წყალში ფთორის შემცველობა დაბალია, მისი ამ მინერალით გამდიდრება (ფთორიზაცია), ან ფთორის დანამატის სახით მიღება მკვეთრად ამცირებს კბილების დაზიანების რისკს. იმ რეგიონებში, სადაც წყალში არ არის დამატებული ფთორი, ბავშვებს აძლევენ ფთორის პრეპარატებს ორალურად.

ფთორის სიჭარბე

ფთორის სიჭარბე პაციენტებს, რომლებიც ცხოვრებენ იმ რეგიონში, სადაც წყალი ბუნებრივად შეიცავს ფთორის დიდ რაოდენობას, შესაძლოა განუვითარდეთ ფთორის სიჭარბე, რომელსაც ფლუოროზი ეწოდება. ამ დაავადების დროს ფთორი გროვდება კბილებში, განსაკუთრებით მუდმივ კბილებში. წარმოიქმნება არასწორკონტურებიანი მცირე ზომის თეთრი ლაქები კბილების მინანქრის ზედაპირზე. დროთა განმავლობაში ლაქები ჭუჭყიანდება და იღებს მოყვითალო ან მოყავისფრო შეფერილობას. მინანქარი ხდება აჭრელებული. აღნიშნული დარღვევა მინანქრის ცვლილებით შემოიფარგლება და ის ხდება მეტად მდგრადი კარიესისადმი.

გარდა კბილებისა, ზედმეტი ფთორი ლაგდება ძვლებში. იშვიათად ჭარბი ფთორის ხანგრძლივად მოხმარებისას ძვლები ხდება მასიური, მაგრამ მოუქნელი, ადგილი აქვს მათ პათოლოგიურ ზრდას, ხერხემლის არეში ვითარდება ძვლოვანი წანაზარდები და იოგოვან აპარატში – კალციუმის პათოლოგიური დაგროვება (კალციფიკაცია).

დიაგნოზი დაფუძნებულია სიმპტომებზე. მკურნალობა გულისხმობს ფთორის მოხმარების შეზღუდვას. ასე მაგ.: პაციენტებს, რომლებიც ცხოვრობენ იმ რეგიონში, სადაც წყალი ბუნებრივად შეიცავს ფთორის დიდ რაოდენობას, ეკრძალებათ ადგილობრივი წყლის დალევა ან დამატებით ფთორის მიღება.

ბავშვებს მუდმივად უნდა მიეცეთ დარიგება, არ გადაყლაპონ ფთორით მდიდარი კბილის პასტა.