1. იოდი
  2. ელექტროლიტები და მინერალები
  3. კვებისა და მეტაბოლიზმის დარღვევები
იოდი

ორგანიზმში არსებული იოდის დიდი ნაწილი ფარისებრ ჯირკვალშია ლოკალიზებული. იოდი ფარისებრ ჯირკვალში ხელს უწყობს თირეოიდული ჰორმონის წარმოქმნას. იოდით მდიდარია ზღვის წყალი, მისი მცირე რაოდენობა ხვდება ატმოსფეროში და წვიმის სახით ჩაედინება გრუნტის წყლებსა და ნიადაგში ზღვის სიახლოვეს. ბევრ ქვეყანაში, მათ შორის აშშ-შიც, სუფრის მარილი გაჯერებულია იოდით, რათა მოსახლეობამ საკმარისი იოდი მიიღოს.

იოდის ნაკლებობა

იოდის ნაკლებობა მთელ მსოფლიოშია გავრცელებული, თუმცა მისი დეფიციტი იშვიათია იმ რეგიონებში, სადაც სუფრის მარილს იოდი აქვს დამატებული. ნაკლებობის რისკი მეტია იმ ადამიანებში, ვინც ზღვისგან მოშორებით, ზღვის დონიდან დიდ სიმაღლეზე ცხოვრობს, რადგან მათი საარსებო გარემო ნაკლებ იოდს შეიცავს.

როდესაც ორგანიზმში იოდის ნაკლებობაა, ფარისებრი ჯირკვალი იზრდება ზომაში და ფორმირდება ჩიყვი, ჯირკვალი ცდილობს, შეინარჩუნოს რაც შეიძლება მეტი იოდი ფარისებრი (თირეოიდული) ჰორმონის საწარმოებლად. დროთა განმავლობაში ფარისებრი ჯირკვალი ხდება უფუნქციო და ძალიან ცოტა ჰორმონს გამოიმუშავებს. ამ მდგომარეობას ჰიპოთირეოზი ეწოდება. ჰიპოთირეოზის დროს პიროვნების ინტელექტულური შესაძლებლობები შეიძლება შემცირდეს. მცირდება ფერტილობაც. ზრდასრულებში ჰიპოთირეოზმა შეიძლება აგრეთვე გამოიწვიოს კანის შეშუპება, დისფონია (ხმის ჩახლეჩა), მენტალური შესაძლებლობების შესუსტება, მშრალი და ქერცლიანი კანი, თმის გათხელება და გაუხეშება, სიცივის აუტანლობა და წონაში მომატება.

ორსულობის დროს იოდის ნაკლებობა ზრდის აბორტის და ნაადრევი მშობიარობის რისკს. შესაძლოა გამოვლინდეს ნაყოფის ზრდის შეფერხება ან თავის ტვინის ანომალიები. თუ იოდის დეფიციტით დაბადებულ ბავშვს დროულად არ აღმოუჩინეს სათანადო მკურნალობა, ვითარდება გონებრივი ჩამორჩენილობა და კრეტინიზმი. ახალშობილს შესაძლოა ჰქონდეს თანდაყოლილი ჰიპოთირეოზი ან რაიმე სახის დეფექტი.

დიაგნოზი და მკურნალობა

იოდის ნაკლებობის დადგენა ხდება ლაბორატორიული კვლევით, რომლის დროსაც ვლინდება სისხლში თირეოიდული ჰორმონების ნაკლებობა ან თირეოიდ-მასტიმულირებელი ჰორმონის (TSH) მაღალი მაჩვენებელი. ზრდასრულებში იოდის დეფიციტის ერთ-ერთ გამოვლინებად ითვლება ჩიყვის არსებობა. თავად იოდის რაოდენობა ისაზღვრება შარდში, რაც უფრო დაბალია შარდში იოდის დონე, სავარაუდოდ მით მძიმეა დეფიციტი.

დამატებით სადიაგნოზო კვლევად მიჩნეულია ულტრასონოგრაფია და ფარისებრი ჯირკვლის სკანირება, რათა გაიზომოს ფარისებრი ჯირკვლის ზომა და შეფასდეს ანომალიები.

მკურნალობა გულისხმობს ორგანიზმში არსებული იოდის დეფიციტის პერორალურად შევსებას. ახალშობილებს შესაძლოა დასჭირდეთ იოდჩანაცვლებითი თერაპია მთელი ცხოვრების განმავლობაში.

იოდის სიჭარბე

იოდის გადაჭარბებული მოხმარება საკმაოდ იშვიათია. იოდის სიჭარბე უფრო ხშირად გვხვდება, იოდის დეფიციტის დროს დანიშნული ფარმაკოთერაპიის გადაჭარბებული დოზირების შედეგად. ზოგჯერ, ადამიანები, რომლებიც ზღვის სიახლოვეს ცხოვრობენ, ჭარბად იღებენ იოდს, რადგან მიირთმევენ ზღვის პროდუქტებსა და წყალმცენარეებს, სვამენ იოდის შემცველ წყალს, მაგალითად, ეს ხდება ჩრდილოეთ იაპონიაში.

ბევრი იოდის მიღება, როგორც წესი, არ ახდენს უარყოფით გავლენას ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციაზე, თუმცა ზოგჯერ გამონაკლისებიც გვხვდება. იოდმა შეიძლება გამოიწვიოს ფარისებრი ჯირკვლის გააქტიურება და თირეოიდული ჰორმონის ჭარბად გამოყოფა (ჰიპერთირეოიდიზმი). შედეგად ფარისებრი ჯირკვალი იზრდება და ყალიბდება ე.წ. ჩიყვი. ზედმეტი იოდის მოხმარებისას, შესაძლოა გამოვლინდეს პირში იოდის გემო და დაიწყოს ნერწყვის ჭარბად გამოყოფა. გაღიზიანდეს საჭმლის მომნელებელი სისტემა და გამოვლინდეს ტანზე გამონაყარი.

ზედმეტი იოდის მიღებისას, შეიძლება განვითარდეს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის შესუსტება, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია მანამდეც დარღვეული იყო.

დიაგნოზი და მკურნალობა

ექიმს ჰიპერთირეოზის ან ჰიპოთირეოზის არსებობაზე ეჭვი მიაქვს სიმპტომების საფუძველზე, საყურადღებოა პაციენტები, რომლებიც იღებენ იოდის შემცველ პრეპარატებს ან ცხოვრობენ ფარისებური ჯირკვლის დაავადებების მაღალი რისკის რეგიონში. მაგ.: ზღვასთან ახლოს, სადაც საკვებად ჭარბად გამოიყენება ზღვის პროდუქტები და ზღვის მცენარეები. მაღალი რისკის პოპულაციაში განისაზღვრება თიროიდული ჰორმონები და თიროიდ-მასტიმულირებელი ჰორმონი, აგრეთვე ტარდება რადიოლოგიური კვლევები (ულტრაბგერითი გამოკვლევა).

ჭარბი იოდის შემცველ რეგიონებში რეკომენდებულია მარილის გამოყენება, რომელიც არ შეიცავს იოდს, აგრეთვე უნდა შეიზღუდოს იოდის შემცველი პროდუქტების მოხმარება. ჭარბი იოდის მიღებით გამოწვეული ჰიპოთირეოზის მკურნალობისთვის ხშირად საკმარისია მხოლოდ იოდის შეზღუდვა, თუმცა არის შემთხვევები, როცა პაციენტს მთელი სიცოცხლის მანძილზე ესაჭიროება თირეოიდული ჰორმონების მიღება.