1. რკინა (ელექტროლიტები და მინერალები)
  2. ელექტროლიტები და მინერალები
  3. კვებისა და მეტაბოლიზმის დარღვევები
რკინა (ელექტროლიტები და მინერალები)

ადამიანის ორგანიზმში არსებული რკინის უდიდეს ნაწილს შეიცავს ჰემოგლობინი. ჰემოგლობინი არის სისხლის წითელი უჯრედების (ერითროციტების) შემადგენელი კომპონენტი, რაც მათ ჟანგბადის ტრანსპორტირების საშუალებას აძლევს. ერითროციტების მიერ გადატანილი ჟანგბადი მიიტანება სხეულის ყველა ქსოვილში. რკინა აგრეთვე მნიშვნელოვანი კომპონენტია კუნთოვან უჯრედებში. ის აუცილებელია ორგანიზმში არაერთი ფერმენტის ფორმირებისთვის.

ორგანიზმი მასში არსებულ რკინას არაერთხელ გადაამუშავებს: ერითროციტების დაშლის შემდეგ გამოთავისუფლებული რკინა ბრუნდება ძვლის ტვინში, რათა ხელახლა იქნეს გამოყენებული ახალი უჯრედების (ერითროციტების) შექმნისას. რკინის მცირე რაოდენობა იკარგება ყოველდღიურად, ძირითადად ნაწლავებიდან – ამომფენი უჯრედების საშუალებით, თუმცა ამ დანაკარგის შევსება ხდება ყოველდღიური საკვების გზით მიღებული რკინით (1 ან 2 მგ რკინა).

საკვებ პროდუქტებში 2 ტიპის რკინა გვხვდება:

  • ჰემის რკინა: ჰემის რკინით მდიდარია ცხოველური პროდუქტები, ის გაცილებით უკეთესად აბსორბირდება ჰემის გარეშე რკინასთან შედარებით.

  • რკინა ჰემის გარეშე გვხვდება პროდუქტების საკმაოდ დიდ ნაწილში და რკინის დანამატებში. ნორმალურ დღიურ რაციონში მისი შემცველობა 85%-ს აჭარბებს, თუმცა ორგანიზმის მიერ შეიწოვება მხოლოდ 20%. რკინა ჰემის გარეშე უკეთესად შეიწოვება, როცა მოიხმარენ ცხოველურ ცილებთან ან C ვიტამინთან ერთად.

რკინის დეფიციტი

  • მოზრდილებში რკინის დეფიციტი ძირითადად გამოწვეულია სისხლის დაკარგვით, მაგრამ ბავშვებსა და ორსულებში მიზეზი შეიძლება იყოს არასრულფასოვანი კვების რაციონი;

  • ანემიის განვითარებისას პაციენტები ხდებიან ფერმკრთალები, გრძნობენ დაღლას და სისუსტეს;

  • ექიმი დიაგნოზს ადგენს სიმპტომებისა და სისხლის ანალიზის საშუალებით;

  • ექიმი ცდილობს სისხლდენის კერის აღმოჩენას და თუ გამოავლინა, იწყებს მის მკურნალობას;

  • ხშირ შემთხვევაში საჭიროა რკინის დანამატის სახით მიღება, ორალური გზით.

რკინის დეფიციტი არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მინერალების დიფიციტებს შორის. ის იწვევს ანემიას ბავშვებში, კაცებსა და ქალებში.

მოზრდილებში რკინის დეფიციტი ძირითადად გამოწვეულია სისხლის დაკარგვით. პრემენოპაუზის ასაკში მყოფ ქალებში მიზეზი შესაძლოა მენსტრუალური სისხლდენაც იყოს. მამაკაცებსა და პოსტმენოპაუზის ასაკის ქალებში რკინის დეფიციტი უმეტესად მიუთითებს სისხლდენაზე, ყველაზე ხშირად საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან, მაგალითად, სისხლდენა კუჭის წყლულიდან ან მსხვილი ნაწლავის პოლიპიდან. ქრონიკულ სისხლდენას იწვევს კოლინჯის კიბო, რომელიც სერიოზულ მიზეზად არის მიჩნეული საშუალო ასაკისა და მოხუცებულ პაციენტებში.

რკინის დეფიციტის ერთ-ერთი მიზეზი არასრულფასოვანი კვებაა, აღნიშნული უფრო მეტად გვხვდება ახალშობილებსა და მცირე ასაკის ბავშვებში, რომლებიც ზრდის პროცესში გაძლიერებულად მოიხმარენ რკინას. ასევე რკინის დეფიციტის განვითარების მაღალი ალბათობა აქვთ მოზარდ გოგონებს, რომლებიც არ ჭამენ ხორცს. მათ ეწყებათ მენსტრუალური ციკლი და ამასთანავე იზრდებიან ინტენსიურად, რაც რკინის გაძლიერებულ მოხმარებას გულისხმობს. დეფიციტის მაღალი რისკ-ჯგუფია ორსული ქალები, ვინაიდან ნაყოფის ზრდასთან ერთად იზრდება მოთხოვნილება რკინაზე.

სიმპტომები

როდესაც ორგანიზმში რკინის დეფიციტია (მარაგი არ არის საკმარისი), ვითარდება ანემია. ანემია იწვევს სიფერმკრთალეს, სისუსტეს, დაღლილობის შეგრძნებას. პაციენტებს ჩვეულებრივ შეუმჩნეველი რჩებათ კანის სიფერმკრთალე, ვინაიდან ეს პროცესი თანდათანობით მიმდინარეობს. გარემოში კონცენტრაციისა და დასწავლის უნარ-ჩვევები სუსტდება, როდესაც ანემია აღწევს კრიტიკულ ნიშნულს, პაციენტებს ეწყებათ ჰაერის უკმარისობა, თავბრუხვევა და ტაქიკარდია. შესაძლოა გამოვლინდეს ტკივილი გულმკერდის არეში და გულის უკმარისობის ნიშნები. ზოგჯერ მენსტრუალური ციკლის დარღვევები, უმადობა, კოვზის ფორმის ფრჩხილების განვითარება და ფეხის კუნთების კრუნჩხვები (კრამპი) ღამით. იშვიათად ვლინდება ყლაპვის გაძნელება, რომლის მიზეზიც საყლაპავის გასწვრივ თხელი მემბრანის განვითარებაა.

დიაგნოზი

დიაგნოზი დგინდება სიმპტომებისა და ლაბორატორიული კვლევების საფუძველზე. სისხლის ანალიზში ვლინდება ჰემოგლობინის, ჰემატოკრიტის და სისხლის წითელი უჯრედების დაბალი დონე, ამასთანავე – პათოლოგიურად მცირე ზომის ერითროციტები. დამატებითი სისხლის ტესტებით განისაზღვრება:

  • ტრანსფერინი: წარმოადგენს ცილას, რომელსაც გადააქვს ჰემოგლობინი სისხლში, როდესაც რკინა სისხლის წითელი უჯრედების გარეთაა. ლაბორატორიული შესწავლისას, თუ ტრანსფერინში რკინის შემცველობა 10%-ზე დაბალია, საფიქრებელია რკინის დეფიციტის არსებობა;

  • ფერიტინი: რკინის შემნახველი ცილაა. როდესაც ფერიტინის დონე დაბალია, დასტურდება რკინის დეფიციტი, თუმცა ფერიტინის ნორმალური ან მაღალი მაჩვენებლის დროსაც არ არის გამორიცხული რკინის ნაკლებობა. ასეთი შემთხვევები ხშირია ანთებითი პროცესის, ინფექციის, კიბოს ან ღვიძლის დაზიანების დროს.

ზოგჯერ, დიაგნოზის დასასმელად ძვლის ტვინის გამოკვლევა ხდება საჭირო. ძვლის ტვინის ნიმუშს იღებენ ჩვეულებრივ თეძოს ძვლიდან და მიკროსკოპით იკვლევენ რკინის შემცველობას.

მკურნალობა

ვინაიდან რკინის დეფიციტის ყველაზე ხშირი მიზეზი სისხლდენაა, ექიმები მკურნალობის დაწყებამდე ეძებენ სისხლდენის წყაროს. თუ მიზეზი არის ჭარბი მენსტრუაცია ან მედიკამენტები, როგორიც არის ორალური კონტრაცეპტივები, საჭიროა შესაბამისი ჩარევა და კონტროლი. მკურნალობის ქირურგიულ მეთოდს მიმართავენ სისხლმდენი წყლულის ან ნაწლავის პოლიპის მოსაშორებლად. სისხლის ტრანსფუზია აუცილებელია, თუ ანემია კრიტიკულია.

ადეკვატური კვების რაციონით რკინის მიღება შეიძლება არ იყოს საკმარისი დეფიციტის შესავსებად, ვინაიდან საკვები რაციონიდან მიღებული რკინის მხოლოდ 20% შეიწოვება ორგანიზმის მიერ. რკინის დანამატის სახით მიღება საჭიროა დღეში ერთხელ ან 2-ჯერ რკინის დეფიციტის შესავსებად. რკინის პრეპარატების მიღებისას, მისი ყველაზე უკეთ აბსორბცია ხდება მშიერ კუჭზე, კვებამდე ნახევარი საათით ადრე ან კვებიდან 2 საათის შემდეგ. სასურველია რკინის პრეპარატი არ დაემთხვეს იმ პროდუქტების მიღებას, რომლებიც იწვევს რკინის აბსორბციის შემცირებას, როგორიცაა ბოსტნეული, ქატო, ყავა და ჩაი. საყურადღებოა, რომ ამ რეჟიმში რკინის მიღებას შესაძლოა მოჰყვეს დისპეფსია და შეკრულობა. ასეთ შემთხვევაში რკინის მიღება რეკომენდებულია საკვებთან ერთად. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ანტაციდები და კალციუმის პრეპარატები აფერხებენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან რკინის შეწოვას. C ვიტამინისშემცველი წვენების ან ამ ვიტამინის, როგორც დანამატის, სახით მიღებისას იზრდება რკინის აბსორბცია, ისევე როგორც მცირე ულუფა ხორცის მიღებისას, რომელიც შეიცავს მარტივად აბსორბირებად (ჰემის შემცველ) რკინას. რკინის პრეპარატების მიღება თითქმის ყოველთვის იწვევს განავლის ფერის შეცვლას (გაშავებას), რომელიც უვნებელი გვერდითი ეფექტია.

იშვიათად ანემიის მკურნალობისას, რკინა გამოიყენება ინექციის სახით. ინექცია აუცილებელია პაციენტებისთვის, რომლებიც ვერ იღებენ რკინას ტაბლეტირებული ფორმით ან საჭმლის მომნელებელი სისტემიდან არ ხდება მისი საკმარისი რაოდენობით აბსორბცია. თუ სისხლდენა შეჩერებულია, ანემიის კორეგირება ჩვეულებრივ გრძელდება 3 დან 6 კვირამდე, ანემიის აღმოფხვრის შემდეგ რკინის პრეპარატის მიღება უნდა გაგრძელდეს 6 თვის განმავლობაში, სანამ არ შეივსება ორგანიზმში რკინის რეზერვები.

უნდა შემოწმდეს პერიოდულად სისხლის ანალიზები, რათა გაკონტროლდეს, სწორად მიმდინარეობს თუ არა მკურნალობის პროცესი. რკინის ნაკლებობის დროს მენოპაუზაში მყოფმა ქალებმა (ან ქალებმა, რომელთაც არ აქვთ მენსტრუალური ციკლი) ან მამაკაცებმა არ შეიძლება მიიღონ მულტივიტამინები ან რკინის პრეპარატები ექიმის დანიშნულების გარეშე. მსგავსი საშუალებების მიღებამ შეიძლება გააძნელოს სისხლდენის დიაგნოსტირება, რომელიც ზოგჯერ გამოწვეულია ისეთი სერიოზული დაავადებით, როგორიც არის მსხვილი ნაწლავის კიბო.

რადგანაც ნაყოფის ზრდა-განვითარებისას ორგანიზმში რკინაზე მოთხოვნილება გაზრდილია, ორსულების უმრავლესობაში რეკომენდებულია რკინის დანამატების მიღება. უმეტესობა ახალშობილებს, განსაკუთრებით ნაადრევად დაბადებულებს ან მცირეწონიანებს, ესაჭიროება დამატებით რკინის მიღება. ხელოვნურ კვებაზე მყოფ ჩვილებს ეძლევათ განსაკუთრებული რკინით მდიდარი ფორმულის შემცველი საკვები, ხოლო ძუძუთი კვების შემთხვევაში – რკინის დანამატი სითხის სახით.

რკინის სიჭარბე

ორგანიზმში შეიძლება დაგროვდეს ზედმეტი რკინა. ჭარბი რკინის დაგროვების მიზეზები შეიძლება იყოს:

  • სისხლის განმეორებითი ტრანსფუზიები

  • რკინის პრეპარატებით ხანგრძლივი მკურნალობა

  • ქრონიკული ალკოჰოლიზმი

  • რკინის გადაჭარბებული დოზით მიღება

  • მემკვიდრული დაავადება, რომელიც ჰემოქრომატოზის სახელითაა ცნობილი

რკინის ჭარბად დაგროვების საწყისი სიმპტომებია: ღებინება, დიარეა, ნაწლავთა და სხვა ორგანოების დაზიანების ნიშნები. ორგანიზმში რკინის დაგროვება დროთა განმავლობაში აზიანებს კორონარულ არტერიებსაც.

სამკურნალო მიზნით ხშირად გამოიყენება დეფეროქსამინი ინტრავენურად. მედიკამენტი იერთებს რკინას და გამოაქვს ის ორგანიზმიდან შარდთან ერთად (საშარდე სისტემით). ჰემოქრომატოზის დროს მოწოდებულია სისხლის გამოშვებაც (ფლებოტომია).

ჰემოქრომატოზი

ჰემოქრომატოზი არის მემკვიდრული დაავადება, რომლის დროსაც ორგანიზმის მიერ ხდება რკინის დიდი რაოდენობით შეწოვა, შედეგად სხეულში აკუმულირებულია ჭარბი რკინა.

  • ორგანიზმში ჭარბად დაგროვებულ რკინას, შეუძლია დააზიანოს სხეულის ნებისმიერი ნაწილი;

  • მოსალოდნელია განვითარდეს ციროზის, დიაბეტის ან უბრალოდ დაღლილობის სიმპტომები;

  • სისხლის ანალიზით შესაძლებელია იმ პირების იდენტიფიცირება, რომელთაც დამატებით უტარდებათ გენეტიკური ტესტირება დიაგნოზის დასაზუსტებლად;

  • პერიოდულად მოწოდებულია სისხლის გამოშვება (ფლებოტომია), შემდგომი დაზიანებების პრევენციის მიზნით.

აშშ-ში ჰემოქრომატოზით დაავადებულია დაახლოებით 1 მლნ-ზე მეტი ადამიანი. ეს დაავადება პოტენციურად ფატალურია, მაგრამ ჩვეულებრივ არსებობს მკურნალობის შესაძლებლობა. ჰემოქრომატოზთან ასოცირებული გენები იდენტიფიცირებულია.

სიმპტომები

ჰემოქრომატოზის სიმპტომები ჩვეულებრივ ვითარდება თანდათანობით და ხშირად კლინიკურად ვლინდება შუა ასაკის პირებში ან უფრო მოგვიანებით. ქალებში უმეტესად მანიფესტირდება მენოპაუზის დადგომის შემდეგ, ვინაიდან მენსტრუალური ციკლის დროს სისხლის კარგვა და ორსულობის დროს რკინაზე გაზრდილი მოთხოვნილება აკომპენსირებს დაავადებას.

სიმპტომები განსხვავებულია (ვარიაბელურია), ვინაიდან რკინის დაგროვებამ შეიძლება დააზიანოს სხეულის ნებისმიერი ნაწილი – ტვინის, ღვიძლის, პანკრეასის, ფილტვისა და გულის ჩათვლით. პირველადი გამოვლინებები, განსაკუთრებით მამაკაცებში, შეიძლება იყოს ღვიძლის დაზიანების ნიშნები უკვე განვითარებული ციროზით ან შაქრის კონცენტრაციის დარღვევა სისხლში – დიაბეტი (პანკრეასის დაზიანება). ქალებში ხშირად საწყისი ნიშნები ბუნდოვანი და ზოგადია, მაგალითად, საერთო დაღლილობის შეგრძნება. ღვიძლის ფუნქციების დარღვევა ყველაზე დამახასიათებელი ნიშანია. გარდა ამისა, შესაძლოა გამოვლინდეს:

  • ბრინჯაოსფერი კანი

  • გულის უკმარისობა (იშვიათად)

  • სახსრების ტკივილი

  • ღვიძლის კიბოს განვითარების გაზრდილი რისკი

  • უნაყოფობა

  • ფარისებური ჯირკვლის აქტივობის შემცირება (ჰიპოთირეოზი)

  • ქრონიკული დაღლილობა

მამაკაცების უმეტესობას უქვეითდება მამაკაცის სასქესო ჰორმონების დონე. შეიძლება განვითარდეს ერექციული დისფუნქცია (იმპოტენცია). მოსალოდნელია არსებული ნევროლოგიური დარღვევების გაუარესება.

დიაგნოზი

სიმპტომების მიხედვით დიაგნოზის გამოცნობა ძნელია, თუმცა სისხლში რკინის და ორი დამატებითი ნივთიერების განსაზღვრის საფუძველზე, შესაძლებელია იმ პაციენტების იდენტიფიცირება, რომლებიც საჭიროებენ შემდგომ გამოკვლევებს. დამატებით ნივთიერებებში იგულისხმება ფერიტინი – ცილა, რომელიც ინახავს რკინას და რკინის შემცველობა ტრანსფერინში, რომელიც რკინის მატრანსპორტირებელი ცილაა. ტრანსფერინს რკინა გადააქვს სხვადასხვა მიმართულებით, მაშინ, როცა ის სისხლის წითელი უჯრედების (ერითროციტების) გარეთაა. თუ ფერიტინის დონე და ტრანსფერინში რკინის შემცველობა (პროცენტულობა) მაღალია, დიაგნოზის დასადასტურებლად ჩვეულებრივ ტარდება გენეტიკური ტესტები. შეიძლება აუცილებელი გახდეს ღვიძლის ბიოფსია, მისი დაზიანების ხარისხის შესაფასებლად. გენეტიკური ტესტები რეკომენდებულია ჰემოქრომატოზით დაავადებულებისა და მათი პირველი რიგის ნათესავებისთვისაც.

მკურნალობა

სისხლის გამოშვება (ფლებოტომია) მკურნალობის საუკეთესო მეთოდად არის მიჩნეული. მისი საშუალებით შესაძლებელია სხვა ორგანოების დაზიანების პრევენცია, თუმცა ვერანაირ გავლენას ვერ ახდენს უკვე არსებულ დაზიანებაზე. ფლებოტომია ტარდება კვირაში ერთხელ ან შესაძლებელია 2-ჯერაც. ყოველ ჯერზე ხდება დაახლოებით 500 მლ სისხლის გამოღება, ფლებოტომია გრძელდება მანამ, სანამ სისხლში რკინის კონცენტრაცია და ტრანსფერინში მისი პროცენტული შემცველობა არ ჩამოვა ნორმულ მაჩვენებელზე.

ჰემოქრომატოზის ადრეული დიაგნოსტირება და მკურნალობა პაციენტებს აძლევს ხანგრძლივი სიცოცხლის შესაძლებლობას, ცხოვრების ხარისხის გაუარესების გარეშე.