1. მაგნიუმი
  2. ელექტროლიტები და მინერალები
  3. კვებისა და მეტაბოლიზმის დარღვევები
მაგნიუმი

ორგანიზმში არსებული მაგნიუმის უმეტეს ნაწილს ძვლები შეიცავს. სისხლში მისი კონცენტრაცია ძალიან დაბალია. მაგნიუმი აუცილებელია ძვლისა და კბილების ფორმირებისთვის, ნერვებისა და კუნთების ნორმალური ფუნქციონირებისთვის. ამასთანავე არაერთი მნიშვნელოვანი ფერმენტის ნორმალური ფუნქციონირება დამოკიდებულია მაგნიუმზე. ადამიანი მაგნიუმს იღებს საკვებიდან და მისი გამოყოფა შარდთან და განავალთან ერთად ხდება.

ჰიპომაგნიემია

ჰიპომაგნიემიის დროს სისხლში მაგნიუმის დონე ძალიან დაბალია.

ჩვეულებრივ ჰიპომაგნიემიის მიზეზი, მაგნიუმის შემცველი საკვების მიღების დეფიციტი (უფრო ხშირად შიმშილი) ან კუჭ-ნაწლავის მიერ საკვების შეწოვის დარღვევაა (მალაბსორბცია). ზოგჯერ მიზეზი თირკმელებით და ნაწლავებით მაგნიუმის ჭარბად გამოყოფაა. ჰიპომაგნიემიის შესაძლო მიზეზებია:

  • ალკოჰოლის ქრონიკულად ჭარბად მოხმარება, რაც ამცირებს მოთხოვნილებას საკვებზე (რაც მაგნიუმის მიღების საშუალებაა) და აძლიერებს შარდის გამოყოფას (მასთან ერთად ძლიერდება მაგნიუმის ექსკრეციაც);

  • გახანგრძლივებული დიარეა, რომლის დროსაც იზრდება მაგნიუმის გამოყოფა;

  • ალდოსტერონის, ანტიდიურეზული და თირეოიდული ჰორმონების მაღალი დონე, რაც ზრდის ექსკრეციას (გამოყოფას);

  • წამლები, რომლებიც ზრდიან ექსკრეციას, დიურეტიკები, ანტიფუნგალური მედიკამენტები და ქიმიოთერაპიული მედიკამენტები ცისპლატინის ჩათვლით;

  • ძუძუთი კვება, რომლის დროსაც გაზრდილია მაგნიუმის მოხმარება.

ჰიპომაგნიემიამ შეიძლება გამოიწვიოს გულისრევა, ღებინება, ძილიანობა, სისუსტე, პიროვნული ცვლილებები, კუნთების სპაზმი, კანკალი და მადის დაკარგვა. თუ განვითარდა მძიმე დეფიციტი, მოსალოდნელია გულყრები, განსაკუთრებით ბავშვებში.

დიაგნოზის დადგენა შესაძლებელია სისხლის ანალიზით, სადაც ვლინდება მაგნიუმის დაბალი დონე.

მკურნალობა მოწოდებულია ჰიპომაგნიემიის სიმპტომების გამოვლენისას ან მისი მუდმივად არსებობისას. მოწოდებულია მაგნიუმის ორალური მიღება. ალკოჰოლიზმით დაავადებულ ყველა პირს ეძლევა მაგნიუმის დამატებითი დოზა. თუ ჰიპომაგნიემია იწვევს მძიმე სიმპტომებს ან მაგნიუმის პერორალურად მიღება შეუძლებელია, მკურნალობა ტარდება საინექციო ფორმით ინტრავენურად ან ინტრამუსკულურად (კუნთში).

ჰიპერმაგნიემია

ჰიპერმაგნიემიის დროს სისხლში მაგნიუმის დონე ძალიან მაღალია.

ჰიპერმაგნიემია ძირითადად ვითარდება მაშინ, როდესაც თირკმლის უკმარისობით დაავადებულ პაციენტს ეძლევა მაგნიუმის მარილები ან იღებს მაგნიუმის შემცველ მედიკამენტებს (მაგ: ანტაციდი ან საფაღარათო საშუალებები).

მაგნიუმის ჭარბმა კონცენტრაციამ შეიძლება გამოიწვიოს სისუსტე, სისხლის დაბალი წნევა (ჰიპოტენზია) და სუნთქვის გაძნელება. როდესაც ჰიპერმაგნიემია მძიმეა, გულისცემის შეწყვეტაც არის მოსალოდნელი.

დიაგნოზი დაფუძნებულია სისხლის ანალიზებზე, სადაც ვლინდება მაგნიუმის მაღალი დონე.

პაციენტებს მძიმე ჰიპერმაგნიემიით ენიშნებათ კალციუმის გლუკონატი ინტრავენურად. დიურეტიკებს (განსაკუთრებით ინტრავენურად გამოყენებისას) შეუძლია გამოიწვიოს მაგნიუმის ექსკრეციის გაზრდა თირკმლის საშუალებით, თუმცა თირკმლის ფუნქციის გაუარესებისას (რაც ტიპურია ჰიპერმაგნიემიის დროს) ან მაგნიუმის ძალიან მაღალი კონცენტრაციისას, საჭირო ხდება დიალიზის წარმოება.