1. თუთია (ელექტროლიტები და მინერალები)
  2. ელექტროლიტები და მინერალები
  3. კვებისა და მეტაბოლიზმის დარღვევები
თუთია (ელექტროლიტები და მინერალები)

თუთია მთელ სხეულშია განაწილებული. ის გვხვდება ძვლებში, კბილებში, თმაში, კანში, ღვიძლში, კუნთებში, სისხლის თეთრ უჯრედებსა და სათესლე ჯირკვლებში. თუთია დაახლოებით 100-ზე მეტი ფერმენტის შემადგენლობაში შედის, მათ შორის იმ ფერმენტებში, რომლებიც მონაწილეობენ რნმ-ს (რიბონუკლეინის მჟავა) და დნმ-ს (დეზოქსირიბონუკლეინის მჟავა) წარმოქმნაში. ორგანიზმში არსებული თუთის დონე დამოკიდებულია, მისი საკვების გზით მიღებულ რაოდენობაზე. თუთია აუცილებელი კომპონენტია ჯანსაღი კანისათვის, ჭრილობების შეხორცებისა და სხეულის ზრდისთვის. საკვების გზით მიღებული ჭარბი რაოდენობით თუთია ორგანიზმის მიერ არ შეიწოვება.

თუთიის დეფიციტი

  • თუთიის დეფიციტი მრავალი მიზეზით შეიძლება იყოს განპირობებული, მათ შორისაა: არასწორი კვება, სხვადასხვა სახის დაავადებები, ალკოჰოლიზმი და შარდმდენების გამოყენება;

  • პაციენტები უჩივიან მადის დაკარგვას, თმის ცვენას, ადვილად გაღიზიანებას ან პირიქით, ინერტულობას და ენერგიის დეფიციტს;

  • სისხლში თუთიის დონის განსაზღვრა შესაძლებელია, მაგრამ არ ითვლება საუკეთესო ტესტად ორგანიზმში მისი შემცველობის შეფასებისთვის;

  • თუთიის შემცველი პრეპარატების ორალური მიღებით სავსებით შესაძლებელია დეფიციტის შევსება.

სიმპტომები

საწყის სიმპტომს წარმოადგენს მადის დაქვეითება. ბავშვებსა და ახალშობილებში ხშირია ზრდა-განვითარების შეფერხება. შესაძლოა გამოვლინდეს ბუდობრივი თმის ცვენა, გაღიზიანებადობა ან ინერტულობა, გემოვნებისა და ყნოსვის გაუარესება, სხვადასხვა სახის გამონაყარი. მამაკაცებში სპერმის პროდუქციის დაქვეითება. ქვეითდება ორგანიზმის იმუნური სისტემა, ჭრილობების შეხორცება გაძნელებულია და ხშირად თან ახლავს გართულებები.

ორსულობის პერიოდში არსებული თუთიის დეფიციტისას, მოსალოდნელია ნაყოფის თანდაყოლილი დეფექტების განვითარება ან ნორმალურზე დაბალი წონის ახალშობილის დაბადება. ენტეროპათიული აკროდერმატიტის (მემკვიდრული დაავადებაა, ხასითდება ნაწლავებში თუთიის შეწოვის დარღვევით) სიმპტომები იწყება, როდესაც ახალშობილს უწყვეტენ ძუძუთი კვებას.

დიაგნოზი და მკურნალობა

ექიმი ვარაუდობს თუთიის დეფიციტს პაციენტის საცხოვრებელი გარემოს, სიმპტომების გათვალისწინებით და ჩანაცვლებით თერაპიაზე დადებითი პასუხის შემთხვევებში. სისხლისა და შარდის ანალიზის მონაცემები არ არის სარწმუნო ორგანიზმში არსებული თუთიის რაოდენობის ზუსტი განსაზღვრისთვის.

მკურნალობა მოიცავს თუთიის შემცველი მედიკამენტის გამოყენებას სიმპტომების გაქრობამდე.

თუთიის სიჭარბე

ადამიანები იშვიათად მოიხმარენ დიდი რაოდენობით თუთიას. ჩვეულებრივ, მისი ზედმეტი მოხმარება განპირობებულია მჟავე პროდუქტების ჭარბი მიღებით ან თუნუქის კონტეინერებში (მოთუნუქებული) არსებული სასმლის (წყლის გარდა) ხშირი სმით. გარკვეულ საწარმოებში თუთიის ოქსიდის ინჰალაციური გზით მიღება შესაძლოა გახდეს მისი ზედმეტი კონცენტრაციის მიზეზი.

თუთიის სიჭარბისას შესაძლოა გამოვლინდეს მეტალის გემო პირში, ღებინება, გულისრევა და დიარეა. თუ თუთიის მოხმარება 70-ჯერ მეტია დაშვებულ მაქსიმალურ დღიურ დოზაზე, რაც შეადგენს ყოველდღიურად 1 გრამზე მეტს, ეს შესაძლოა დასრულდეს ფატალურად. თუთიის ოქსიდის ხშირი ჩასუნთქვისას მოსალოდნელია სუნთქვის გახშირება, ოფლიანობა, ცხელება და მეტალის გემო პირში. აღნიშნული მდგომარეობა ლითონის ციებ-ცხელების სახელით არის ცნობილი.

დიდი რაოდენობით თუთიის ხანგრძლივად მოხმარებისას ფერხდება სპილენძის აბსორბცია, იწყება ანემია და იმუნური სისტემის დეფიციტი.

ექიმს ეჭვი მიაქვს დიაგნოზზე სიმპტომების და გარემო ფაქტორების გათვალისწინებით.

მკურნალობა გულისხმობს თუთიის მოხმარების შეზღუდვას. პაციენტებს, რომელთაც დაუდგინდებათ ლითონის ციებ-ცხელება, ჩვეულებრივ გამოჯანმრთელდებიან 12-24 საათში თუთიისაგან თავისუფალ გარემოში ყოფნით.