ცენტრალური უშაქრო დიაბეტი | მკურნალი.გე
  1. ცენტრალური უშაქრო დიაბეტი
  2. ჰიპოფიზის დაავადებები
  3. ენდოკრინული სისტემის დაავადებები
ცენტრალური უშაქრო დიაბეტი

ცენტრალურ უშაქრო დიაბეტს ანტიდიურეზული ჰორმონის ნაკლებობა იწვევს, რაც ვლინდება ძალიან განზავებული შარდის ჭარბი რაოდენობით წარმოქმნით (პოლიურია).

  • ცენტრალურ უშაქრო დიაბეტს რამდენიმე მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, მათ შორის ტვინის სიმსივნე, ტუბერკულოზი, თავის ტვინის ტრავმა ან ოპერაცია, სხვა დაავადებების ზოგიერთი ფორმა;

  • მთავარი სიმპტომებია: გაძლიერებული წყურვილი და დიდი რაოდენობით შარდის გამოყოფა;

  • დიაგნოზი ეფუძნება შარდისა და სისხლის ანალიზებს, წყლის შეზღუდვის ტესტს;

  • ცენტრალური უშაქრო დიაბეტის მქონე ადამიანებს ვაზოპრესინით ან დესმოპრესინით მკურნალობენ, ამ წამლების ცხვირში შესასხურებელი ფორმით.

მიზეზები

ცენტრალური უშაქრო დიაბეტის მიზეზი ხშირად ანტიდიურეზული ჰორმონის (ვაზოპრესინის) წარმოქმნის დაქვეითებაა, ნივთიერებისა, რომელიც ორგანიზმში წყლის რაოდენობის რეგულაციაში მონაწილეობს. ანტიდიურეზული ჰორმონი სხვებისგან იმით გამოირჩევა, რომ იგი ჰიპოთალამუსში წარმოიქმნება, მაგრამ გროვდება ჰიპოფიზში და სისხლშიც იქიდან გამოთავისუფლდება.

ცენტრალური უშაქრო დიაბეტი შეიძლება ჰიპოთალამუსის მიერ ანტიდიურეზული ჰორმონის არასაკმარისი გამომუშავებით იყოს გამოწვეული. არის შემთხვევები, როცა მიზეზი ჰიპოფიზიდან მისი სისხლში გამოთავისუფლების დარღვევაა. დაავადების განვითარება შეიძლება შემდეგი მდგომარეობებითაც იყოს განპირობებული: ოპერაციის დროს ჰიპოთალამუსის ან ჰიპოფიზის დაზიანება, თავის ტვინის ტრავმა (განსაკუთრებით კი ქალას ფუძის მოტეხილობის შემთხვევაში), სიმსივნე, სარკოიდოზი ან ტუბერკულოზი, ანევრიზმა (არტერიის კედლის გამობერილობა), თავის ტვინის მკვებავი არტერიების დახშობა, ენცეფალიტისა და მენინგიტის ზოგი ფორმა, იშვიათი დაავადება – ლანგერჰანსის უჯრედების ჰისტიოციტოზი. არსებობს უშაქრო დიაბეტის მეორე, თირკმლისმიერი ფორმაც, რომელიც ამ ორგანოში არსებული დარღვევებითაა გამოწვეული.

სიმპტომები და დიაგნოზი

სიმპტომები შეიძლება ნებისმიერ ასაკში, თანდათან ან უეცრად განვითარდეს. ხშირად მხოლოდ ორი რამ ვლინდება: გაძლიერებული წყურვილი და შარდის დიდი რაოდენობით გამოყოფა. ადამიანი შესაძლოა ძალიან ბევრ სითხეს სვამდეს – 3-30 ლიტრს დღეში, რათა შარდით დაკარგული რაოდენობა აღიდგინოს. ყველაზე ხშირად ამ დროს ყინულივით ცივი წყლის სმა სიამოვნებთ ხოლმე. თუკი ჭარბად გამოყოფილი სითხის მოცულობა არ შეივსო, სწრაფად ვითარდება გაუწყლოვნება, რაც არტერიული წნევის დაცემასა და შოკს იწვევს. ამ დაავადების დროს დიდი რაოდენობით განზავებული შარდი გამოიყოფა, რაც განსაკუთრებით ღამით არის შესამჩნევი.

ექიმებს ეჭვი უშაქრო დიაბეტზე მაშინ მიაქვთ, როცა პაციენტი დიდი რაოდენობით შარდს გამოყოფს. თავდაპირველად, დიაბეტის გამოსარიცხად, შარდში გლუკოზის შემცველობას საზღვრავენ. სისხლის ანალიზში მრავალი ელექტროლიტის დონის ცვლილება აღინიშნება, მათ შორის ნატრიუმის სიჭარბე. დიაგნოზის დასადასტურებლად საუკეთესო კვლევა წყლის შეზღუდვის ტესტია, რომლის დროსაც 12 საათის განმავლობაში წყლის მიღებისაგან თავის შეკავების ფონზე რეგულარულად განისაზღვრება შარდის რაოდენობა, სისხლში ელექტროლიტების დონე და სხეულის წონა. ამ პერიოდში პაციენტი წყალს საერთოდ არ სვამს. ექიმები მის მდგომარეობას მთელი კვლევის განმავლობაში აკვირდებიან. 12 საათის შემდეგ, ან უფრო მალე, თუ პაციენტის არტერიული წნევა დაეცა, გულისცემის სიხშირე გაიზარდა ან წონაში 5%-ზე მეტად დაიკლო – ექიმი წყვეტს კვლევას და შეჰყავს ანტიდიურეზული ჰორმონი. ცენტრალური უშაქრო დიაბეტის დიაგნოზი დასტურდება, თუკი ამ ნივთიერების შეყვანის საპასუხოდ დიდი რაოდენობით შარდის გამოყოფა წყდება, შარდი უფრო კონცენტრირებული ხდება, არტერიული წნევა იზრდება და გულისცემის სიხშირეც ნორმას უბრუნდება. ნეფროგენული უშაქრო დიაბეტის დიაგნოზი კი მაშინაა დადასტურებული, თუ ანტიდიურეზული ჰორმონის ინექციის შემდეგ დიდი მოცულობით შარდვა გრძელდება, შარდი განზავებული რჩება, არტერიული წნევა და გულისცემის სიხშირე კი არ იცვლება.

მკურნალობა

ვაზოპრესინის ან დესმოპრესინის (ვაზოპრესინის სახეშეცვლილი ფორმა) მიღება ცხვირში შესასხურებელი სპრეის სახით შეიძლება, დღეში რამდენიმეჯერ. დოზა ისე შეირჩევა, რომ ორგანიზმში წყლის ბალანსი დაცული იყოს, გამოყოფილი შარდის რაოდენობა კი – ნორმალური. ამ წამლის ჭარბი დოზით მიღებამ შესაძლოა სითხის შეკავება, შეშუპება და სხვა გართულებები გამოიწვიოს. ცენტრალური უშაქრო დიაბეტის მქონე პაციენტებს ოპერაციის დროს ან უგონოდ ყოფნისას ვაზოპრესინის ინექციებს უკეთებენ.

ზოგჯერ ამ დაავადების მართვა ისეთი წამლებითაც შეიძლება, რომლებიც ანტიდიურეზული ჰორმონის წარმოქმნის სტიმულაციას იწვევენ, მაგალითად, ქლორპროპამიდით, კარბამაზეპინით, კლოფიბრატითა და თიაზიდური შარდმდენებით. ეს მედიკამენტები ნაკლებად ეფექტურია სიმპტომების შესამსუბუქებლად უშაქრო დიაბეტის მძიმე ფორმის მქონე ადამიანებში.