გალაქტორეა | მკურნალი.გე
  1. გალაქტორეა
  2. ჰიპოფიზის დაავადებები
  3. ენდოკრინული სისტემის დაავადებები
გალაქტორეა

გალაქტორეა ეწოდება რძის წარმოქმნას მამაკაცებში ან ქალებში, რომლებიც მეძუძური დედები არ არიან.

  • გალაქტორეის ყველაზე ხშირი მიზეზი ჰიპოფიზის სიმსივნეა.

  • ამან შეიძლება გამოიწვიოს რძის წარმოქმნის მოულოდნელად დაწყება ან უნაყოფობა ორივე სქესში.

  • დიაგნოსტიკა ეფუძნება სისხლში ჰორმონ პროლაქტინის შემცველობის განსაზღვრას.

  • მიზეზის დასადგენად გამოსახულებითი კვლევები ტარდება.

  • თუკი მხოლოდ წამლებით არ წყდება პროლაქტინის წარმოქმნა და სიმსივნე არ პატარავდება, შესაძლოა, ქირურგიული ჩარევა და სხივური თერაპიაც გახდეს საჭირო.

გალაქტორეის ყველაზე ხშირი მიზეზი ორივე სქესში ჰიპოფიზის პროლაქტინომაა, ანუ პროლაქტინის წარმომქმნელი სიმსივნე. პროლაქტინომები დიაგნოსტირებისას, როგორც წესი, ძალიან პატარა ზომისაა. ისინი კაცებში უფრო დიდია ხოლმე, ვიდრე ქალებში, ალბათ, იმიტომ, რომ მამრობითი სქესის პაციენტებში მათ უფრო გვიან აღმოაჩენენ. პროლაქტინის ჭარბი წარმოქმნა და გალაქტორეა შესაძლოა მედიკამენტებითაც იყოს გამოწვეული, მათ შორის, ფენოთიაზინებით, მაღალი არტერიული წნევის სამკურნალო ზოგი წამლით (განსაკუთრებით მეთილდოფათი), ოპიოიდებითა და ჩასახვის საწინააღმდეგო აბებით. პროლაქტინის მაღალი დონის გარდა გალაქტორეას სხვა მიზეზიც შეიძლება ჰქონდეს, მაგ. ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება (ჰიპოთირეოიდიზმი).

სიმპტომები

სარძევე ჯირკვლებში რძის წარმოქმნის უეცარი დაწყება შეიძლება პროლაქტინომის ერთადერთი სიმპტომი იყოს, თუმცა მრავალ ქალს იმავდროულად მენსტრუაციული ციკლის შეწყვეტა (ამენორეა) ან მენსტრუაციის გაიშვიათება აღენიშნება. პროლაქტინომის მქონე ქალბატონების ორგანიზმში ხშირად ესტროგენის შემცველობა დაბალია, რაც საშოს სიმშრალეს და სქესობრივი აქტის დროს დისკომფორტს იწვევს. ამ სიმსივნის მქონე მამაკაცთა ორ მესამედში კი სქესობრივი ლტოლვა (ლიბიდო) ქვეითდება და ერექციული დისფუნქციაც ვითარდება. პროლაქტინის მაღალი შემცველობა ორივე სქესში შეიძლება უნაყოფობის მიზეზი გახდეს.

თუ პროლაქტინომა დიდი ზომისაა, ის შესაძლოა თავის ტვინში ჰიპოფიზის ზემოთ მდებარე ნერვებს დააწვეს, რაც თავის ტკივილებს ან მხედველობის ველის ზოგ ნაწილში სიბრმავეს გამოიწვევს.

დიაგნოზი

ამ დაავადებაზე ექიმს ეჭვი მაშინ მიაქვს, თუკი ქალებში მენსტრუაციული ციკლი შეწყდა, მენსტრუაცია გაიშვიათდა ან რძის წარმოქმნა მოულოდნელად დაიწყო. მამაკაცებში კი გალაქტორეაზე მაშინ ეჭვობენ, როცა ლიბიდო და სისხლში ტესტოსტერონის დონე შემცირებულია, სარძევე ჯირკვლიდან კი რძე გამოიყოფა. დიაგნოზს ადასტურებს სისხლში პროლაქტინის მაღალი შემცველობის აღმოჩენა. პროლაქტინომის არსებობის დასადგენად კომპიუტერული ტომოგრაფია (კტ) ან მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (მრტ) კეთდება. თუკი სიმსივნური წარმონაქმნის პოვნა ვერ ხერხდება, პროლაქტინის სიჭარბის სხვა, თვალნათელი მიზეზი კი არ არსებობს (მაგ. რაიმე წამლის მიღება), დიდი ალბათობით ეს მაინც ჰიპოფიზის სიმსივნითაა გამოწვეული, განსაკუთრებით კი ქალებში. ამ შემთხვევაში წარმონაქმნი ალბათ იმდენად პატარაა, რომ ტომოგრაფიულ გამოსახულებაზე არ ჩანს.

თუკი კვლევებით დიდი ზომის პროლაქტინომა ინახა, პაციენტს ოფთალმოლოგი სინჯავს, რათა გამოიკვლიოს, სიმსივნე მხედველობაზე ხომ არ ახდენს გავლენას.

მკურნალობა

პაციენტს შეიძლება დაენიშნოს დოფამინის მასტიმულირებელი წამლები. დოფამინი თავის ტვინში გამომუშავებული ქიმიური ნივთიერებაა, რომელიც პროლაქტინის წარმოქმნას თრგუნავს. ასეთი მედიკამენტებია ბრომკრიპტინი და კაბერგოლინი. ისინი დასალევად ინიშნება და ეფექტურია მანამ, სანამ პაციენტი მათ მიღებას აგრძელებს. სიმსივნისგან განკურნება მედიკამენტური მკურნალობით იშვიათად მიიღწევა. ადამიანთა უმრავლესობაში მედიკამენტური მკურნალობის შედეგად პროლაქტინის დონე იმდენად მცირდება, რომ შესაძლებელია, მენსტრუაცია აღდგეს (ქალებში), გალაქტორეა შეწყდეს, ესტროგენის შემცველობა გაიზარდოს ქალებში, ტესტოსტერონისა კი მამაკაცებში. ზემოხსენებულის შედეგად ხშირად ნაყოფიერების აღდგენაც კი ხერხდება. ამასთანავე, სიმსივნე ზომაში პატარავდება და მხედველობაც გამოსწორდება. პატარა პროლაქტინომების შემთხვევაში ქირურგიულ ჩარევასაც კარგი შედეგი აქვს, მაგრამ ხშირად თავიდანვე არ კეთდება, რადგან წამლებით მკურნალობა უსაფრთხო, ეფექტური და მარტივია.

თუკი პაციენტის სისხლში პროლაქტინის დონე განსაკუთრებით მაღალი არ არის, კტ-ზე და მრტ-ზე კი ძალიან პატარა პროლაქტინომა ვლინდება, ან საერთოდ არ ჩანს სიმსივნე, ექიმმა, შესაძლოა, მკურნალობა საერთოდ არ დანიშნოს. ეს მიდგომა ალბათ შესაფერისია იმ ქალბატონებისთვის, ვისაც დაორსულების პრობლემა არ აქვს პროლაქტინის სიჭარბის გამო, რომელთა მენსტრუალური ციკლიც ნორმაშია და გალაქტორეა არც ისე შემაწუხებელია. მამაკაცებში მკურნალობისგან თავის შესაკავებლად ტესტოსტერონის დონე ნორმის ფარგლებში უნდა იყოს. ესტროგენის დაბალი შემცველობა ხშირად თან ახლავს ამენორეას და ქალებში ოსტეოპოროზის რისკს ზრდის. ამ უკანასკნელის მიზეზი მამაკაცებში ტესტოსტერონის ნაკლებობაა.

იმ ქალებში, რომლებსაც პატარა პროლაქტინომა აქვთ და არ სურთ დაორსულება, პროლაქტინომით გამოწვეული ესტროგენის სიმცირის სამკურნალოდ ინიშნება თავად ეს ჰორმონი ან მისი შემცველი ჩასახვის საწინააღმდეგო აბები. მიუხედავად იმისა, რომ არ დამტკიცებულა ესტროგენით მკურნალობის დროს მცირე ზომის პროლაქტინომების ზრდა, ექსპერტების უმრავლესობის აზრით კტ ან მრტ კვლევა ყოველწლიურად უნდა გაკეთდეს 2 წლის მანძილზე მაინც, რათა დავრწმუნდეთ, რომ სიმსივნე მნიშვნელოვნად არ იზრდება.

დიდი ზომის წარმონაქმნების მქონე პაციენტებს ექიმები, როგორც წესი, დოფამინის მასტიმულირებელი საშუალებებით (დოფამინის აგონისტებით – მაგ. ბრომკრიპტინი ან კაბერგოლინი) ან ქირურგიულად მკურნალობენ. თუკი წამლებით პროლაქტინის დონე შემცირდა და სიმპტომებიც ალაგდა, ოპერაცია შეიძლება საჭირო არც იყოს. ეს მედიკამენტები ზოგადად უსაფრთხოა, მაგრამ ბოლო ხანს მათი პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ გამოყენებისას დაფიქსირდა გულის სარქვლების ფიბროზისა და სარქვლების ნაკლოვანების განვითარების შემთხვევები. თუმცა აღნიშნული წამლები პარკინსონის დაავადების მკურნალობისას ბევრად უფრო მაღალი დოზებით გამოიყენება, ვიდრე პროლაქტინის სიჭარბის დროს ინიშნება. მაშინაც კი, თუკი ოპერაცია აუცილებელია, დოფამინის ანტაგონისტების დანიშვნა შეიძლება ქირურგიულ ჩარევამდე, სიმსივნის ზომაში შესამცირებლად. ისინი ხშირად ოპერაციის შემდეგაც გამოიყენება, რადგან მცირეა ალბათობა, რომ პროლაქტინის წარმომქმნელი დიდი ზომის სიმსივნე მხოლოდ ქირურგიული გზით განიკურნება.

იშვიათად პროლაქტინომები თავისით პატარავდება და დოფამინის აგონისტები შეიძლება მოიხსნას, რის შედეგადაც პროლაქტინის დონე ხელახლა აღარ იზრდება ხოლმე. ეს უფრო ხშირია პატარა სიმსივნეების დროს და ორსულობის შემდეგ.

ზოგჯერ სხივური თერაპიაც ხდება საჭირო, ჰიპოფიზის სხვა სიმსივნეების მკურნალობის მსგავსად, როცა წარმონაქმნის საწინააღმდეგოდ წამლები და ქირურგიულ ჩარევა არაეფექტურია.