ჰიპერთირეოზი (ჰიპერთირეოიდიზმი) | მკურნალი.გე
  1. ჰიპერთირეოზი (ჰიპერთირეოიდიზმი)
  2. ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები (ენდოკრინული სისტემის დაავადებები)
  3. ენდოკრინული სისტემის დაავადებები
ჰიპერთირეოზი (ჰიპერთირეოიდიზმი)

ჰიპერთირეოზი ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის ჭარბად მომატებას ნიშნავს, რაც შესაბამისი ჰორმონების დონის ზრდას და ორგანიზმში ცხოველქმედების პროცესების აჩქარებას იწვევს.

  • ჰიპერთირეოიდიზმის ყველაზე ხშირი მიზეზი გრეივსის დაავადებაა;

  • გულისცემის სიხშირე და არტერიული წნევა შეიძლება გაიზარდოს, გულის რიტმი დაირღვეს, განვითარდეს ჭარბი ოფლიანობა, აგზნებულობა და შფოთვა, ძილის დარღვევა და უმიზეზო კლება წონაში;

  • დიაგნოზის დადასტურება სისხლის ანალიზებითაა შესაძლებელი;

  • ჰიპერთირეოზის სამკურნალოდ ხშირად პროპილთიოურაცილი ან მეთიმაზოლი გამოიყენება.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ჰიპერთირეოიდიზმი მოსახლეობის 1%-ს აქვს. იგი ნებისმიერ ასაკში შეიძლება განვითარდეს, მაგრამ ყველაზე ხშირია ქალებში მენოპაუზის დროს და მშობიარობის შემდეგ.

მიზეზები

ჰიპერთირეოზს რამდენიმე მიზეზი აქვს, მათ შორისაა გრეივსის დაავადება, თირეოიდიტი, მომწამვლელი ნივთიერებებით ან დასხივებით გამოწვეული ანთება, ფარისებრი ჯირკვლის ტოქსიკური კვანძები და მისი ჭარბი სტიმულაცია ზედმეტად აქტიური ჰიპოფიზის მიერ.

გრეივსის დაავადება, რომელიც ჰიპერთირეოიდიზმის ყველაზე ხშირი მიზეზია, ავტოიმუნური დარღვევაა და მას სისხლში პათოლოგიური ცილების (ანტისხეულების) არსებობა იწვევს. ეს ცილები ფარისებრ ჯირკვალში ჭარბი რაოდენობით ჰორმონების წარმოქმნასა და გამოყოფას ასტიმულირებენ. ჰიპერთირეოზის ეს ფორმა ხშირად მემკვიდრეობითია, განსაკუთრებით კი ქალებში და ამ დროს ფარისებრი ჯირკვალი ყოველთვის დიფუზურად ანუ მთლიანად დიდდება.

თირეოიდიტი ფარისებრი ჯირკვლის ანთებაა. ქვემწვავე თირეოიდიტის, ფარული ლიმფოციტური თირეოიდიტის და ბევრად იშვიათად, ჰაშიმოტოს თირეოიდიტის დროს, ჰიპერთირეოიდიზმი ვითარდება ანთებად ჯირკვალში დაგროვილი ჰორმონების გამოთავისუფლების გამო. ამას ხშირად ჰიპოთირეოზი მოჰყვება, რადგან ჰორმონების მარაგი გამოიფიტება. საბოლოოდ, ჩვეულებრივ, ორგანო ნორმალურ მუშაობას უბრუნდება.

ჰიპერთირეოიდიზმი, თირეოიდიტის სამი მთავარი ფორმის მსგავსად, შეიძლება ტოქსიკური ნივთიერებებით ან დასხივებით გამოწვეულმა ანთებამაც გამოიწვიოს.

ფარისებრი ჯირკვლის ტოქსიკური (ჰიპერფუნქციური) კვანძი (ადენომა) ჯირკვლის ქსოვილის ადგილობრივი პათოლოგიური ზრდის კერაა. აღნიშნული ქსოვილი თირეოიდულ ჰორმონებს თირეოიდმასტიმულირებელი ჰორმონის (TSH) ზემოქმედების გარეშეც კი გამოიმუშავებს. შესაბამისად, კვანძი ხელიდან უსხლტება ფარისებრი ჯირკვლის ნორმალური ფუნქციის მარეგულირებელ სისტემას და დიდი რაოდენობით გამოიმუშავებს ჰორმონებს. ტოქსიკური მრავალკვანძოვანი ჩიყვი (პლამერის დაავადება) დიდი რაოდენობით კვანძების არსებობით ხასიათდება. იგი იშვიათია მოზარდებსა და ახალგაზრდებში და უფრო ხშირდება ასაკის მატებასთან ერთად.

ჰიპერთირეოზი ზოგმა წამალმა და იოდმაც შეიძლება გამოიწვიოს. ასეთი მედიკამენტებიდან აღსანიშნავია ამიოდარონი, ალფა-ინტერფერონი და იშვიათად, ლითიუმი. ამ დაავადების მიზეზი ორგანიზმში ჭარბი რაოდენობით იოდის მოხვედრაც შეიძლება გახდეს, მაგ., ზოგიერთი ამოსახველებელი საშუალების მიღებისას ან რენტგენოგრაფიის დროს იოდის შემცველი საკონტრასტო ნივთიერების გამოყენებისას.

ზედმეტად აქტიურად მოფუნქციონირე ჰიპოფიზმა შეიძლება ჭარბად გამოყოს TSH, რაც, თავის მხრივ ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების გაძლიერებულ გამომუშავებას გამოიწვევს. თუმცა ეს ჰიპერთირეოიდიზმის ძალზე იშვიათი მიზეზია.

სიმპტომები

ჰიპერთირეოიდიზმით დაავადებულთა უმრავლესობას ფარისებრი ჯირკვლის ზომაში მატებაც აღენიშნება, რასაც ჩიყვი ეწოდება. ჯირკვალი შესაძლოა მთლიანად გადიდდეს, ან სხვადასხვა ადგილას კვანძები განვითარდეს. ჯირკვალი შეიძლება იყოს მტკივნეული ან მგრძნობიარე. ჰიპერთირეოზის სიმპტომები, მიუხედავად მისი გამომწვევი მიზეზისა, ორგანიზმში ცხოველქმედების პროცესების აჩქარებას ასახავს: გაზრდილია გულისცემის სიხშირე და არტერიული წნევა, ვითარდება გულის რიტმის დარღვევა (არითმიები), ჭარბი ოფლიანობა, მტევნების ტრემორი (კანკალი), აგზნებულობა და შფოთვა, ძილის დარღვევა (ინსომნია), წონაში კლება მომატებული მადის ფონზე, გაზრდილი აქტიურობა დაღლილობისა და სისუსტის მიუხედავად, კუჭის მოქმედების გახშირება, ზოგჯერ დიარეაც. ჰიპერთირეოიდიზმის მქონე მოხუცებს ზემოთ აღწერილი დამახასიათებელი სიმპტომატიკა შეიძლება არ განუვითარდეთ და სანაცვლოდ ჩამოუყალიბდეთ ე.წ. დუნე ანუ შენიღბული ჰიპერთირეოიდიზმი. ამ დროს ვლინდება სისუსტე, ძილიანობა, ცნობიერების აბნევა, ჩაკეტილობა და დეპრესია. ჰიპერთირეოზის დროს ცვლილებები თვალების მხრივაც ვითარდება. ამ დარღვევის მქონე ადამიანი თითქოს რაღაცასაა მიშტერებული.

თუკი ჰიპერთირეოიდიზმის მიზეზი გრეივსის დაავადებაა, თვალის მხრივ სიმპტომები მოიცავს შეშუპებას თვალების გარშემო, გაძლიერებულ ცრემლდენას, გაღიზიანებას და უჩვეულო მგრძნობიარობას სინათლის მიმართ. ამასთან, ვითარდება ორი განსაკუთრებული სიმპტომი: თვალების წინ წამოწევა – გადმოკარკვლა (პროპტოზი) და მხედველობის გაორება (დიპლოპია). თვალების წინ წამოწევის მიზეზი თვალბუდეში, კაკლების უკან მიმდინარე ანთებითი პროცესია. ამის გამო თვალების მამოძრავებელი კუნთები ვეღარ ფუნქციონირებენ, რაც აძნელებს ან შეუძლებელს ხდის თვალების გადაადგილებასა და მათი მოძრაობის კოორდინაციას. ეს კი მხედველობის გაორებას იწვევს. ქუთუთოები შესაძლოა ბოლომდე ვერ დაიხუროს, რაც ზრდის უცხო საგნებით თვალების დაზიანებისა და გამოშრობის რისკს. ეს ცვლილებები შესაძლოა ჰიპერთირეოზის სხვა სიმპტომების გამოვლენამდე განვითარდეს, რაც გრეივსის დაავადებაზე მიანიშნებს, მაგრამ უფრო ხშირად პაციენტები მათ სხვა ჩივილებთან ერთად ამჩნევენ. თვალის მხრივ სიმპტომები შეიძლება გამოიხატოს ან გაუარესდეს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების სიჭარბის მკურნალობისა და გაკონტროლების შემდეგაც კი.

როცა გრეივსის დაავადება თვალებსაც აზიანებს, შესაძლოა, ასევე განვითარდეს კანის გასქელება, ძირითადად წვივის წინა ზედაპირზე, რის გამოც, იგი ფორთოხლის ქერქის შესახედაობას იღებს. გასქელებული უბანი შეიძლება ექავებოდეს პაციენტს, გაწითლდეს და ხელის დაჭერით მაგარი იყოს. თვალის უკან ანთების მსგავსად, ეს სიმპტომიც ჰიპერთირეოიდიზმის სხვა გამოვლინებებამდე ან მათ შემდეგ ვითარდება.

დიაგნოზი

ექიმებს ეჭვი ამ დაავადებაზე პაციენტის ჩივილების მიხედვით მიაქვთ. დიაგნოზის დასადასტურებლად სისხლის ანალიზები კეთდება. ხშირად თავდაპირველად TSH-ს ზომავენ. თუკი ფარისებრი ჯირკვალი ზედმეტად აქტიურად მუშაობს, ამ ჰორმონის დონე დაბალია. თუმცაღა, იშვიათ შემთხვევებში, როცა ჰიპოფიზია ჭარბად აქტიური, TSH-ის შემცველობა ნორმაშია ან მაღალია. თუკი შრატში თირეოიდმასტიმულირებელი ჰორმონის დონე დაბალია, ექიმები სისხლში ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების რაოდენობას განსაზღვრავენ. როცა, სავარაუდოა, რომ ჰიპერთირეოიდიზმის მიზეზი გრეივსის დაავადებაა, კეთდება სისხლის ანალიზი ანტითირეოიდული ანტისხეულების აღმოსაჩენად. შესაძლებელია უფრო სპეციფიკური ანტისხეულების რაოდენობაც გაიზომოს, მაგრამ ეს კვლევა იშვიათადაა საჭირო.

თუკი სავარუდო მიზეზი ფარისებრი ჯირკვლის ტოქსიკური კვანძია, ჯირკვლის სკანირებით დგინდება, ეს წარმონაქმნი ზედმეტად აქტიურია თუ არა, ანუ ჭარბად ხომ არ გამოყოფს ჰორმონებს. ასეთი კვლევით გრეივსის დაავადების დადგენაც შეიძლება. ამ დაავადების არსებობისას სკანირება აჩვენებს, რომ მთლიანი ჯირკვალი ფუნქციონირებს ზედმეტად აქტიურად და არა მისი რომელიმე ერთი უბანი. თირეოიდიტის დროს სკანირების სურათი ამ ორგანოს დაბალ აქტივობას ასახავს.

პროგნოზი და მკურნალობა

ჰიპერთირეოზის მკურნალობა მის გამომწვევ მიზეზზეა დამოკიდებული. შემთხვევათა უმრავლესობაში დაავადება იკურნება, სიმპტომები ალაგდება ან მნიშვნელოვნად მსუბუქდება. მკურნალობის გარეშე ჰიპერთირეოიდიზმი გულისა და სხვა ორგანოების ძლიერ დატვირთვას იწვევს.

სიმპტომების შესამსუბუქებლად ბეტა-ბლოკერები გამოიყენება, მაგ. პროპრანოლოლი. ეს წამლები ამცირებს გულისცემის სიხშირეს, კანკალსა და შფოთვას. შესაბამისად, ექიმები ამ მედიკამენტებს განსაკუთრებით მაშინ ამჯობინებენ, თუკი პაციენტს მკვეთრად გამოხატული ჰიპერთირეოზი აქვს ან შემაწუხებელი, საშიში სიმპტომები, რომლებიც სხვა სახის მკურნალობას არ პასუხობს. თუმცა, ბეტა-ბლოკერები არ აქვეითებენ ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ჭარბ წარმოქმნას. შესაბამისად, ამ ნივთიერებების შემცველობის ნორმის ფარგლებში დასაბრუნებლად მკურნალობის სხვა ხერხებიც არის საჭირო.

ჰიპერთირეოიდიზმის დროს ყველაზე ხშირად პროპილთიოურაცილი და მეთიმაზოლი გამოიყენება. ისინი ფარისებრი ჯირკვლის მიერ თირეოიდული ჰორმონების წარმოქმნას ამცირებენ. ორივე მათგანი დასალევად ინიშნება, თავიდან მაღალი დოზებით, შემდეგ კი სისხლის ანალიზის შედეგების მიხედვით, თანდათან კლებადი დოზებით. მათი მეშვეობით ჯირკვლის ფუნქცია 6-12 კვირაში რეგულირდება. ამ წამლების უფრო დიდი რაოდენობით დანიშვნას შესაძლოა უფრო სწრაფი ეფექტი ჰქონდეს, მაგრამ გვერდითი მოვლენების რისკი იზრდება. ორსულები, რომლებიც პროპილთიოურაცილს ან მეთიმაზოლს იღებენ, ექიმის დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან, რადგან ამ წამლებს პლაცენტაში გაღწევა და ნაყოფის ჩიყვის ან ჰიპოთირეოიდიზმის გამოწვევა შეუძლიათ. კარბიმაზოლი, რომელიც ევროპაში ფართოდ გამოყენებული წამალია, ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ მეთიმაზოლად გარდაიქმნება.

ჰიპერთირეოზის სამკურნალოდ ზოგჯერ იოდი ინიშნება დასალევად. იგი იმ შემთხვევაში გამოიყენება, თუ სწრაფი მკურნალობაა საჭირო. ამ წამალს იმ პაციენტებსაც უნიშნავენ, რომელთა ჰიპერთირეოიდიზმის გაკონტროლება ოპერაციამდეა საჭირო. იოდი ხანგრძლივად არ გამოიყენება.

ფარისებრი ჯირკვლის ქსოვილის ნაწილის დასაშლელად რადიოაქტიურ იოდს ნიშნავენ. მთლიანობაში ორგანიზმზე გამოსხივების ძალიან მცირე დოზა მოქმედებს, მაგრამ მისი დიდი ნაწილი ფარისებრ ჯირკვლამდე მიიტანება, რადგან სწორედ ეს ორგანო შებოჭავს იოდს და აგროვებს მას. ამისთვის საავადმყოფოში დაწოლა იშვიათადაა საჭირო. მკურნალობის შემდეგ პაციენტი ჩვილებთან და პატარა ბავშვებთან ახლოს არ უნდა იმყოფებოდეს 2-4 დღის მანძილზე. არ არის საჭირო რაიმე განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა სამსახურში ან პარტნიორთან ერთად ძილისას. ქალებმა დაორსულებისგან თავი უნდა შეიკავონ დაახლოებით 6 თვის მანძილზე. რადიოაქტიური იოდით მკურნალობიდან რამდენიმე კვირის განმავლობაში აეროპორტებსა და სხვა დაწესებულებებში გავლისას შესაძლოა რადიოაქტიური ნივთიერებების საწინააღმდეგო სიგნალიზაცია ჩაირთოს, შესაბამისად, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას ადამიანს ყოველთვის თან უნდა ჰქონდეს ექიმის ცნობა, სადაც მკურნალობის ეს მეთოდია აღწერილი.

ზოგი სპეციალისტი ცდილობს, რადიოაქტიური იოდის ისეთი დოზა დანიშნოს, რომ ფარისებრი ჯირკვლის იმდენი ქსოვილი განადგურდეს, რაც ჰორმონების წარმოქმნის ნორმამდე შესამცირებლადაა საჭირო და ორგანოს ფუნქციონირების ზედმეტად დაქვეითებას არ გამოიწვევს. ზოგი ექიმი უფრო დიდ დოზას იყენებს, რაც სრულიად შლის ჯირკვალს. შემთხვევათა უმრავლესობაში, იმ ადამიანებს, ვისაც ეს მკურნალობა ჩაუტარდა, მთელი სიცოცხლის მანძილზე უწევთ ფარისებრის ჰორმონების ჩანაცვლებითი მკურნალობა. ყოფილა შემთხვევები, როცა გამოუთქვამთ შეშფოთება რადიოაქტიური იოდის მიერ ავთვისებიანი სიმსივნის გამოწვევის საშიშროებაზე. თუმცა, კვლევებით არასდროს დადასტურებულა, რომ ამ ნივთიერებით ნამკურნალებ ადამიანებში კიბოს განვითარების რისკი გაზრდილია. რადიოაქტიური იოდი არ ინიშნება ორსულ ან მეძუძურ ქალებში, რადგან ის გაივლის პლაცენტას, გამოიყოფა რძით და შეიძლება ნაყოფის ან დედის რძით ნაკვები ჩვილის ფარისებრი ჯირკვალი დაშალოს.

ფარისებრი ჯირკვლის ქირურგიულად ამოკვეთას თირეოიდექტომია ეწოდება. მას ჰიპერთირეოზის მქონე ახალგაზრდა პაციენტებში მიმართავენ. ოპერაცია მათთვისაც შესაფერისია, ვისაც ძალიან დიდი ჩიყვი აქვს და ვინც ჰიპერთირეოიდიზმის სამკურნალო წამლების მიმართ ალერგიულია ან მათი გამოყენებისას მძიმე გვერდითი მოვლენები უვითარდება. ოპერაციული მკურნალობის შემდეგ ეს დარღვევა პაციენტთა 90%-ზე მეტში გამოსწორდება. ქირურგიულ ჩარევას ხშირად თან მოჰყვება ჰიპოთირეოიდიზმის განვითარება, ამიტომ ამ ადამიანებს მთელი სიცოცხლის მანძილზე უწევთ ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ჩანაცვლებითი მკურნალობა. ოპერაციის იშვიათი გართულებებია სახმო იოგების დამბლა და ფარისებრახლო ჯირკვლების დაზიანება (ისინი ფარისებრი ჯირკვლის უკან მდებარე მცირე ზომის ორგანოებია, რომლებიც სისხლში კალციუმის დონეს არეგულირებს).

გრეივსის დაავადების შემთხვევაში თვალისა და კანის სიმპტომების გამოსასწორებლად შეიძლება დამატებითი მკურნალობაც გახდეს საჭირო. თვალის მხრივ გამოვლინებების შემსუბუქებისთვის კარგია საწოლის თავის ამაღლება, თვალის წვეთების გამოყენება, ძილის დროს ქუთუთოების დახურულ მდგომარეობაში დაფიქსირება წებოვანი ლენტით და ზოგჯერ, შარდმდენების მიღებაც (წამლები, რომლებიც სითხის გამოყოფას აძლიერებენ). მხედველობის გაორების სამკურნალოდ სპეციალური პრიზმული სათვალეები გამოიყენება. დაბოლოს, თვალების მხრივ მკვეთრად გამოხატული სიმპტომების შემთხვევაში შესაძლოა დაინიშნოს კორტიკოსტეროიდები (დასალევად), თვალბუდის რენტგენის სხივებით მკურნალობა ან თვალების ოპერაცია. კანის ქავილსა და გამაგრებას კორტიკოსტეროიდების კრემები ან მალამოები ხსნის. ხშირად ეს გამოვლინებები მკურნალობის გარეშეც თავისით ქრება რამდენიმე თვის ან წლის შემდეგ.