ჰაშიმოტოს თირეოიდიტი | მკურნალი.გე
  1. ჰაშიმოტოს თირეოიდიტი
  2. ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები (ენდოკრინული სისტემის დაავადებები)
  3. ენდოკრინული სისტემის დაავადებები
ჰაშიმოტოს თირეოიდიტი

ჰაშიმოტოს თირეოიდიტი (ავტოიმუნური თირეოიდიტი) ფარისებრი ჯირკვლის ქრონიკული, ავტოიმუნური ანთებაა.

  • ჰაშიმოტოს თირეოიდიტი მაშინ ვითარდება, როცა ორგანიზმი საკუთარი ფარისებრი ჯირკვლის უჯრედებს ესხმის თავს, რასაც ავტოიმუნური რეაქცია ეწოდება;

  • ხშირად ვლინდება დაღლილობა და სიცივის აუტანლობა;

  • დიაგნოზი ეფუძნება გასინჯვასა და სისხლის ანალიზის შედეგებს;

  • ჰიპოთირეოზის მქონე ადამიანთა უმრავლესობას ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების მიღება მთელი სიცოცხლის განმავლობაში უწევს.

ჰაშიმოტოს თირეოიდიტი ფარისებრი ჯირკვლის ანთების ყველაზე ხშირი სახე და ჰიპოთირეოიდიზმის ყველაზე ხშირი მიზეზია. უცნობია რატომ, მაგრამ ამ დროს ორგანიზმი საკუთარ თავს აზიანებს (ვითარდება ავტოიმუნური რეაქცია). ფარისებრ ჯირკვალში სისხლის თეთრი უჯრედები (ლეიკოციტები) შეიჭრებიან და წარმოქმნიან ანტისხეულებს, რომლებიც თავს ესხმიან ამ ორგანოს. ჰაშიმოტოს თირეოიდიტის მქონე ადამიანთა 50%-ში ფარისებრის ფუნქცია თავიდანვე დაქვეითებულია. დანარჩენ შემთხვევათა უმრავლესობაში კი საწყის ეტაპზე იგი ნორმალურად მუშაობს (პაციენტთა მცირე ნაწილში იგი ზედმეტად გააქტიურებულიც არის ხოლმე), შემდეგ კი ჯირკვლის ფუნქცია ქვეითდება.

ჰაშიმოტოს თირეოიდიტის დროს ზოგჯერ სხვა ენდოკრინული დაავადებებიც აღინიშნება, მაგ. შაქრიანი დიაბეტი, თირკმელზედა ან ფარისებრახლო ჯირკვლების ფუნქციის ნაკლებობა და სხვა ავტოიმუნური დაავადებები, მაგ. პერნიციოზული ანემია, რევმატოიდული ართრიტი, შოგრენის სინდრომი ან სისტემური წითელი მგლურა.

ჰაშიმოტოს თირეოიდიტი ყველაზე ხშირად ქალებში გვხვდება, განსაკუთრებით უფროს ასაკში და დიდი მნიშვნელობა აქვს ოჯახურ წინასწარგანწყობას. იგი უფრო მეტადაა გავრცელებული ზოგიერთი ქრომოსომული პათოლოგიის მქონე პირებში, მაგ. დაუნის, ტერნერის ან კლაინფელტერის სინდრომით დაავადებულებში.

სიმპტომები

ჰაშიმოტოს თირეოიდიტი ხშირად ფარისებრი ჯირკვლის უმტკივნეულო გადიდებითა და გამაგრებით იწყება ან ყელში სისავსის, სიმძიმის შეგრძნებით. ჯირკვალს რეზინისებური კონსისტენცია აქვს და ზოგჯერ ხელით გასინჯვისას ხორკლიანია. მისი ფუნქციის დაქვეითების შემთხვევაში პაციენტებს აწუხებთ დაღლილობა, სიცივის აუტანლობა და ჰიპოთირეოზის სხვა სიმპტომები. დაავადებულთა იმ მცირე ნაწილს, რომელთაც თავიდან ზედმეტად აქტიური ფარისებრი ჯირკვალი (ანუ თირეოტოქსიკოზი) აქვთ, აღენიშნებათ გულის ფრიალი, აგზნებულობა და სიცხის აუტანლობა.

დიაგნოზი

ექიმები ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის შესაფასებლად სისხლში ფარისებრის ჰორმონების T4-ისა და T3-ის, ასევე თირეოიდმასტიმულირებელი ჰორმონის დონეს განსაზღვრავენ. საბოლოო დიაგნოზი ეფუძნება გასინჯვას და სისხლის ანალიზების შედეგებს, რომლითაც ფარისებრ ჯირკვალზე თავდამსხმელი ანტითირეოიდული ანტისხეულების არსებობა დასტურდება.

მკურნალობა

ჰაშიმოტოს თირეოიდიტისთვის რაიმე სპეციფიკური მკურნალობა არ არსებობს.

პაციენტთა უმრავლესობას დროთა განმავლობაში ჰიპოთირეოზი უვითარდება და მათ ფარისებრი ჯირკვლის ჩანაცვლებითი თერაპიის ჩატარება მთელი სიცოცხლის მანძილზე უწევთ. თირეოიდული ჰორმონები ეფექტურია გადიდებული ჯირკვლის ზომაში შესამცირებლადაც. ჰაშიმოტოს თირეოიდიტის მქონე ადამიანები უნდა მოერიდონ დიდი რაოდენობით იოდის მიღებას ბუნებრივი გზით (მაგ. ლამინარიის ტაბლეტები და წყალმცენარეები), რადგან იოდმა შეიძლება ჰიპოთირეოიდიზმი გამოიწვიოს.