ქვემწვავე თირეოიდიტი | მკურნალი.გე
  1. ქვემწვავე თირეოიდიტი
  2. ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები (ენდოკრინული სისტემის დაავადებები)
  3. ენდოკრინული სისტემის დაავადებები
ქვემწვავე თირეოიდიტი

ქვემწვავე თირეოიდიტი (გრანულომატოზური თირეოიდიტი) ფარისებრი ჯირკვლის მწვავე ანთებაა, რომელსაც, სავარაუდოდ, ვირუსი იწვევს.

ქვემწვავე თირეოიდიტი, როგორც წესი, უეცრად იწყება. ამ დაავადების დროს ფარისებრი ჯირკვლის ანთების გამო მისი ჰორმონები ჭარბად გამოთავისუფლდება, რაც ჰიპერთირეოზს იწვევს. ამას თითქმის ყოველთვის მოჰყვება გარდამავალი ჰიპოთირეოზი და საბოლოოდ ჯირკვლის ფუნქცია ნორმას უბრუნდება.

ქვემწვავე თირეოიდიტი ხშირად ვირუსული დაავადების შემდეგ ვითარდება და იწყება სიმპტომებით, რომელთაც ადამიანები აღწერენ, როგორც ყელის ტკივილს, თუმცა სინამდვილეში ტკივილი ფარისებრი ჯირკვლის არეში წარმოიქმნება. ქვემწვავე თირეოიდიტის დროს მრავალი პაციენტი უჩივის ძლიერ დაღლილობას. ჯირკვალი ნელ-ნელა მტკივნეული ხდება, ვითარდება დაბალი ცხელება (37-38°C), ტკივილი შესაძლოა ყელის ერთი ნახევრიდან მეორეზე ინაცვლებდეს, გადაეცემოდეს ქვედა ყბასა და ყურებს, ძლიერდებოდეს თავის მობრუნებისა და ყლაპვისას. ქვემწვავე თირეოიდიტი თავიდან ხშირად კბილის პრობლემაში, ყელის ან ყურის ინფექციაში ეშლებათ.

თირეოიდიტის ამ სახის გადატანის შემდეგ ადამიანთა უმრავლესობა სრულიად გამოჯანმრთელდება. ჯირკვლის ანთება თავისით გაივლის რამდენიმე თვეში, თუმცა ხანდახან ის თავიდან ვითარდება ან უფრო იშვიათად, იმდენად აზიანებს ფარისებრ ჯირკვალს, რომ სამუდამო ჰიპოთირეოიდიზმს იწვევს.

ტკივილისა და ანთების შესამცირებლად ასპირინი ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (აასს) გამოიყენება. მძიმე შემთხვევებში ექიმმა შესაძლოა კორტიკოსტეროიდები დანიშნოს, მაგ. პრედნიზოლონი, რომელთა დოზაც 6-8 კვირის მანძილზე ნელ-ნელა მცირდება. თუკი ეს წამლები ძალიან მალე ან უეცრად მოიხსნა, სიმპტომები მთელი სიმძლავრით ვლინდება თავიდან. ჰიპერთირეოიდიზმის მძიმე სიმპტომების შემთხვევაში შეიძლება ბეტა-ბლოკერი დაინიშნოს.