1. ვირილიზაცია
  2. თირკმელზედა ჯირკვლის დაავადებები
  3. ენდოკრინული სისტემის დაავადებები
ვირილიზაცია

ვირილიზაცია მამაკაცური ნიშან-თვისებების ჭარბად განვითარებაა, როგორც წესი, ქალებში და ხშირად თირკმელზედა ჯირკვლების მიერ ანდროგენების (ტესტოსტერონისა და მსგავსი ჰორმონების) დიდი რაოდენობით წარმოქმნის გამო აღმოცენდება.

  • ვირილიზაციას ანდროგენების ჭარბი გამომუშავება იწვევს, როგორც წესი, თირკმელზედა ჯირკვლის გადიდების ან სიმსივნის გამო;

  • სიმპტომები მოიცავს: სხეულსა და სახეზე თმის სიჭარბეს, გამელოტებას, აკნეს, ხმის დაბოხებას, კუნთოვანი მასისა და სქესობრივი ლტოლვის ზრდას;

  • ეს ცვლილებები ექიმებს უადვილებს ვირილიზაციის დიაგნოზის დასმას, დექსამეთაზონის დათრგუნვის ტესტით კი დაავადების მიზეზის დადგენა ხერხდება;

  • სიმსივნის შემცველი თირკმელზედა ჯირკვალი იკვეთება, თუმცა ზოგჯერ წამლებითაც შეიძლება ჰორმონების ჭარბი გამომუშავების დათრგუნვა.

ვირილიზაციის ყველაზე ხშირი მიზეზი თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ჰორმონწარმომქმნელი ნაწილის გადიდებაა (თირკმელზედა ჯირკვლის ჰიპერპლაზია). ზოგჯერ ამას ჰორმონების წარმომქმნელი სიმსივნე (ჯირკვლის ადენომა ან კიბო) იწვევს. ზოგჯერ ვირილიზაცია სხვა ორგანოში არსებული ავთვისებიანი სიმსივნის მიერ წარმოქმნილი ანდროგენების გამო ვითარდება. სპორტსმენებს, რომლებიც კუნთოვანი მასის გასაზრდელად დიდი რაოდენობით იღებენ ანდროგენებს (ანაბოლურ სტეროიდების), ასევე შეიძლება გამოუვლინდეთ ვირილიზაციის სიმპტომები. ამ დარღვევის მიზეზი შესაძლოა გახდეს საკვერცხეების პოლიკისტოზი, მაგრამ ასეთ შემთხვევები შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს. ზოგჯერ ვირილიზაციას იწვევს თირკმელზედა ჯირკვლებში ფერმენტის (ცილის) დეფექტი.

სიმპტომები და დიაგნოზი

ვირილიზაციის სიმპტომებია: სახისა და სხეულის ჭარბთმიანობა (ჰირსუტიზმი), გამელოტება, აკნე, ხმის დაბოხება, კუნთოვანი მასისა და სქესობრივი ლტოლვის ზრდა. ქალებში საშვილოსნო და მკერდი პატარავდება, კლიტორი ზომაში იზრდება და მენსტრუაციული ციკლი ირღვევა.

სხეულზე ამ ცვლილებების კომბინაცია ექიმებს შედარებით უადვილებს დიაგნოზის დასმას. სისხლის ანალიზით მასში ანდროგენების შემცველობა განისაზღვრება. თუკი ეს ჰორმონები ჭარბადაა, დექსამეთაზონის დათრგუნვის ტესტი ინიშნება იმის დასადგენად, პრობლემა თირკმელზედა ჯირკვლებიდან იღებს თუ არა სათავეს და მისი მიზეზი თირკმელზედა ჯირკვლის ადენომაა თუ ჰიპერპლაზია. თუ მიზეზი ჰიპერპლაზიაა, დექსამეთაზონი ხელს უშლის თირკმელზედა ჯირკვლებს ანდროგენების წარმოქმნაში. ადენომის ან ავთვისებიანი სიმსივნის დროს კი ანდროგენების გამომუშავება მხოლოდ ნაწილობრივ ითრგუნება, ან სულაც უცვლელი რჩება. ექიმმა თირკმელზედა ჯირკვლების გამოსახულების მისაღებად შეიძლება კომპიუტერული ტომოგრაფია (კტ) ან მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (მრტ) დანიშნოს.

მკურნალობა

ანდროგენების წარმომქმნელი ადენომებისა და ავთვისებიანი სიმსივნეების მკურნალობა ხშირად დაავადებული ჯირკვლის ამოკვეთას მოიცავს. თირკმელზედა ჯირკვლის ჰიპერპლაზიის დროს კორტიკოსტეროიდები, მაგ. დექსამეთაზონი ინიშნება მცირე დოზით, რაც ანდროგენების წარმოქმნას ამცირებს. საკვერცხეების პოლიკისტოზით გამოწვეულ მსუბუქი ხარისხის ვირილიზაციას მკურნალობა შესაძლოა არც დასჭირდეს. საჭიროების შემთხვევაში ინიშნება წამლები, რომლებიც ამცირებენ თავისუფალი ტესტოსტერონის დონეს, მაგ., ჩასახვის საწინააღმდეგო აბები ან მედიკამენტები, რომლებიც ამ ჰორმონის მოქმედებას თრგუნავენ.