სისხლის შემადგენლობა | მკურნალი.გე
  1. სისხლის შემადგენლობა
  2. სისხლის ბიოლოგია
  3. სისხლის დაავადებები
სისხლის შემადგენლობა

პლაზმა

პლაზმა სისხლის თხევადი ნაწილია, რომელიც შეიცავს თეთრ, წითელ უჯრედებს და თრომბოციტებს. პლაზმა სისხლის მოცულობის ნახევარზე მეტს შეადგენს და ძირითადად წყლისგან, მასში გახსნილი მარილებისგან (ელექტროლიტები) და ცილებისგან შედგება. სისხლის მთავარ ცილას ალბუმინი ეწოდება. ის უზრუნველყოფს პლაზმის სისხლძარღვებში დარჩენას – აფერხებს მის გაჟონვას სისხლძარღვის კედელში და ქსოვილებში გადასვლას. გარდა ამისა, ამ ალბუმინის ფუნქციაა სხვადასხვა ნივთიერებებთან, მაგალითად, ჰორმონებთან და ზოგიერთ მედიკამენტთან შეკავშირება და მათი გადატანა. პლაზმის სხვა ცილებია: ანტისხეულები (იმუნოგლობულინები), რომლებიც აქტიურად იცავს ორგანიზმს ვირუსებისგან, ბაქტერიებისგან, სოკოებისგან, სიმსივნური უჯრედებისგან, აგრეთვე შედედების ფაქტორები, რომლებიც სისხლის შედედებას არეგულირებს.

პლაზმას სხვა ფუნქციებიც აქვს; ის რეზერვუარია, რომელსაც შეუძლია წყლის დანაკლისის შევსება ან ქსოვილებიდან ჭარბი სითხის შესრუტვა. საჭიროებისას სხეულის ქსოვილები სითხეს პირველ რიგში პლაზმიდან იღებს წყლის სახით. პლაზმა ავსებს სისხლძარღვების სანათურს, მუდმივად გადაადგილდება მათში, რითიც არ აძლევს სისხლძარღვებს ჩაფუშვის, დახშობის საშუალებას, რაც აუცილებელია სისხლის წნევისა და მიმოქცევის შესანარჩუნებლად. პლაზმის ცირკულაცია არეგულირებს სხეულის ტემპერატურას: მას ორგანიზმის ცენტრალურ ქსოვილებში წარმოქმნილი სითბო იმ ნაწილებში გადააქვს, რომლებიც იოლად კარგავენ მას, სახელდობრ: ხელებში, ფეხებსა და თავში.

სისხლის წითელი უჯრედები

სისხლის წითელი უჯრედები (ერითროციტები) სისხლის მოცულობის 40%-ს შეადგენს. ერითროციტები შეიცავს ჰემოგლობინს – ცილა, რომელიც სისხლს წითელ ფერს აძლევს და გადააქვს ჟანგბადი ფილტვებიდან ორგანიზმის ყველა ქსოვილისკენ. ჟანგბადს უჯრედები სხეულისთვის საჭირო ენერგიის გამოსამუშავებლად იყენებს, რის შედეგადაც ნარჩენი ნივთიერება – ნახშირორჟანგი წარმოიქმნება. ეს უკანასკნელი სისხლის წითელ უჯრედებს ქსოვილებიდან ფილტვებში გადააქვს. როცა წითელი უჯრედების რაოდენობა შემცირებულია (ანემია), სისხლით ნაკლები ჟანგბადი გადაიტანება, რაც სისუსტესა და დაღლილობას იწვევს. ერითროციტების სიჭარბის შემთხვევაში (პოლიციტემია), სისხლი შეიძლება ძალიან შესქელდეს, რაც მის ადვილად შედედებას უწყობს ხელს. ამ დროს გულის შეტევისა და ინსულტის ალბათობა იზრდება.

სისხლის თეთრი უჯრედები

სისხლის თეთრი უჯრედების (ანუ ლეიკოციტების) რაოდენობა წითელი უჯრედებისაზე უფრო მცირეა; ერთ თეთრ უჯრედზე დაახლოებით 600-700 ერითროციტი მოდის. თეთრი უჯრედების უმთავრესი ფუნქცია ორგანიზმის ინფექციებისგან დაცვაა. სისხლის თეთრი უჯრედების ხუთი ძირითადი სახე არსებობს:

ნეიტროფილები ყველაზე მეტია, მათი ფუნქციაა ადამიანის დაცვა ინფექციისგან; ნეიტროფილები ბაქტერიებს, სოკოებს კლავს და შთანთქავს მათ და უცხო ნივთიერებებს.

ლიმფოციტები სამი სახისაა: T ლიმფოციტები, ბუნებრივი მკვლელი უჯრედები, რომლებიც ვირუსული ინფექციებისგან იცავს ორგანიზმს, შეუძლია აღმოაჩინოს და გაანადგუროს ზოგი სიმსივნური უჯრედიც და B ლიმფოციტები, რომლებიც ანტისხეულების წარმომქმნელ უჯრედებად გადაიქცევა.

მონოციტები შთანთქავს მკვდარ ან დაზიანებულ უჯრედებს და ორგანიზმს მიკრობებისგან იცავს.

ეოზინოფილები პარაზიტებს კლავს, ანადგურებს სიმსივნურ უჯრედებს და ჩართულია ალერგიულ რეაქციებში.

ბაზოფილებიცალერგიულ რეაქციებში მონაწილეობს.

ზოგი თეთრი უჯრედი სისხლის ნაკადს მიჰყვება, ბევრი კი სისხლძარღვის კედელს ემაგრება ან მის მიღმაც კი გადადის სხვა ქსოვილებში. როცა ლეიკოციტები ინფექციის ან სხვა დაზიანების კერას მიაღწევს, ისინი გამოათავისუფლებენ ნივთიერებებს, რომლებიც კიდევ უფრო მეტ თეთრ უჯრედს მიიზიდავს ამ უბნისკენ. ლეიკოციტები ჯარისკაცებივითაა: მთელ ორგანიზმშია განაწილებული, ნებისმიერ დროს გროვდება და შეებრძოლება შემოჭრილ მიკროორგანიზმს. სისხლის თეთრი უჯრედები ამას მიკრობის შთანთქმით და მონელებით ახერხებს და, გარდა ამისა, წარმოქმნის ანტისხეულებს, რომლებიც ემაგრება მიკროორგანიზმს და აადვილებს მის განადგურებას.

როცა ლეიკოციტების რიცხვი ძალიან შემცირებულია (ლეიკოპენია), ინფექციები უფრო ხშირად ვითარდება. თეთრი უჯრედების სიჭარბე (ლეიკოციტოზი) სიმპტომებს არ იწვევს, მაგრამ დაავადების – ინფექციის ან ლეიკემიის – არსებობის შესაძლებლობაზე მიუთითებს.

თრომბოციტები

თრობოციტები, ანუ სისხლის ფირფიტები, უჯრედისმაგვარი ნაწილაკებია, უფრო მცირე ზომის, ვიდრე სისხლის წითელი ან თეთრი უჯრედები, უფრო ცოტა, ვიდრე ერითროციტები: 1 თრომბოციტზე დაახლოებით 20 წითელი უჯრედი მოდის. მათი ფუნქცია სისხლის შედედებაა, რაც სისხლდენის ადგილზე მათი შეგროვებით და ერთმანეთთან შეწებებით ხერხდება. მოხსენიებულის შედეგად საცობი წარმოიქმნება და სისხლძარღვის დაზიანებული მონაკვეთი იხშობა. იმავდროულად, თრომბოციტები შედედების შემდგომი ეტაპებისთვის საჭირო ნივთიერებებსაც გამოათავისუფლებს. თუ თრომბოციტების რაოდენობა ძალიან მცირეა (თრომბოციტოპენია), სისხლჩაქცევებისა და მომეტებული სისხლდენის ალბათობა მაღალია. თრომბოციტების სიჭარბისას (თრომბოციტემია) სისხლი საჭიროზე მეტად დედდება, რამაც შესაძლოა გულის შეტევა ან ინსულტი გამოიწვიოს.