1. ჰოჯკინის ლიმფომა
  2. ლიმფომები
  3. სისხლის დაავადებები
ჰოჯკინის ლიმფომა

ჰოჯკინის ლიმფომა არის ლიმფომის ტიპი, რომელიც გამოირჩევა მასში რიდ-შტერნბერგის უჯრედებად წოდებული განსაკუთრებული სახის სიმსივნური უჯრედების არსებობით.

  • დაავადების მიზეზი უცნობია;

  • ლიმფური კვანძები გადიდებულია, მაგრამ უმტკივნეულოა;

  • იმის მიხედვით, თუ სად იზრდება სიმსივნური უჯრედები, პაციენტს შეიძლება ჰქონდეს კუნთოვანი სისუსტე, ცხელება და ქოშინი;

  • დიაგნოზისთვის ლიმფური კვანძის ბიოფსიაა საჭირო;

  • სამკურნალოდ ქიმიოთერაპია და სხივური თერაპია გამოიყენება;

  • დაავადებულთა უმრავლესობა იკურნება.

აშშ-ში ყოველწლიურად ჰოჯკინის ლიმფომის 8000 ახალი შემთხვევა აღირიცხება. ის მამაკაცებს შორის უფრო ხშირია; ყოველ 3 დაავადებულ მამაკაცზე ორი ავადმყოფი ქალი მოდის, იშვიათია 10 წლამდე ასაკში, ხშირია 15-40 წლის ასაკში, თუმცა 50 წელზე მეტი ასაკის პირებიც ხდებიან ავად.

ჰოჯკინის ლიმფომის გამომწვევი მიზეზი უცნობია. არსებობს სარწმუნო მტკიცებულებები, რომ ზოგჯერ ებშტეინ-ბარის ვირუსი იწვევს B ლიმფოციტების გადაგვარებას და მათ გარდაქმნას რიდ-შტერნბერგის უჯრედებად. ჰოჯკინის ლიმფომა ერთზე მეტ ოჯახის წევრს შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ ავადმყოფობა გადამდები არ არის.

სიმპტომები

დაავადებული შეამჩნევს ერთ ან რამდენიმე გადიდებულ ლიმფურ კვანძს, უფრო ხშირად კისრის არეში, ზოგჯერ იღლიაში ან საზარდულის მიდამოში. კვანძები, როგორც წესი, უმტკივნეულოა, თუმცა ზოგჯერ ტკივილი ალკოჰოლიანი სასმლის მიღებიდან რამდენიმე საათის განმავლობაში აღინიშნება.

პაციენტი უჩივის ცხელებას, ღამით ოფლიანობას, წონაში კლებას, ზოგჯერ ქავილს და დაღლილობას. ზოგ პაციენტს პელ-ებშტეინის ცხელება აქვს – მაღალი ტემპერატურა რამდენიმე დღის განმავლობაში, რასაც მოჰყვება ნორმული ან ნორმაზე დაბალი ტემპერატურა მომდევნო დღეების ან კვირების განმავლობაში. გამოხატულია სხვა სიმპტომებიც, იმის მიხედვით, თუ სად იზრდება სიმსივნური უჯრედები. მაგალითად, გულმკერდის ლიმფური კვანძების გადიდებამ შესაძლოა ნაწილობრივ შეავიწროოს ან გააღიზიანოს სასუნთქი გზები, რაც ხველას, გულმკერდში უსიამოვნო შეგრძნებას ან ქოშინს იწვევს. ელენთის ან მუცლის ლიმფური კვანძების გადიდებამ შესაძლოა მუცელში დისკომფორტი გამოიწვიოს.

დიაგნოზი

ჰოჯკინის ლიმფომაზე ეჭვი იბადება უმტკივნეულო, გადიდებული ლიმფური კვანძების ხანგრძლივად, რამდენიმე კვირის განმავლობაში არსებობისას ინფექციის გარეშე. ეჭვს აძლიერებს ცხელება, ღამით ოფლიანობა და წონაში დაკლება. ლიმფური კვანძების სწრაფად გადიდება და მტკივნეულობა, რაც ხშირია, მაგალითად, გრიპის ან ზოგიერთი სხვა ინფექციის დროს, არ არის ჰოჯკინის ლიმფომისთვის დამახასიათებელი. ზოგჯერ გულმკერდის ღრუში ღრმად მდებარე, გადიდებულ ლიმფურ კვანძებს შემთხვევით აღმოაჩენენ რაიმე მიზეზით გადაღებულ გულმკერდის რენტგენოგრამაზე ან კომპიუტერული ტომოგრაფიის (კტ) მეშვეობით.

სისხლის უჯრედების რაოდენობის ცვლილებები და სხვა ანალიზების შედეგები დაავადების არსებობაზე უფრო გარკვევით მიანიშნებს, მაგრამ დიაგნოზის დასადასტურებლად ექიმმა გადიდებული ლიმფური კვანძის ბიოფსია უნდა ჩაატაროს მისი გადაგვარების ან რიდ-შტერნბერგის უჯრედების არსებობის დასადგენად. ეს უკანასკნელი დიდი, ავთვისებიანი უჯრედებია, რომლებსაც ერთზე მეტი ბირთვი აქვს. ზემოხსენებული ლიმფური კვანძის ქსოვილის ნიმუშის მიკროსკოპით შესწავლისას ხდება თვალსაჩინო.

ბიოფსიის ტიპი იმაზეა დამოკიდებული, რომელი კვანძია შეცვლილი და რა მოცულობის ქსოვილია გამოსაკვლევად საჭირო. კვანძიდან ამოკვეთილი ქსოვილი საკმარისი უნდა იყოს იმისათვის, რომ შესაძლებელი გახდეს ჰოჯკინის ლიმფომის გარჩევა სხვა დაავადებებისგან, რომლებიც აგრეთვე იწვევს ლიმფური კვანძების გადიდებას. ეს დაავადებებია: არაჰოჯკინური ლიმფომა, ინფექციები, სხვა ავთვისებიანი სიმსივნეები.

საკმარისი მოცულობის ქსოვილის ამოკვეთის საუკეთესო მეთოდია ექსციზიური ბიოფსია. ამ დროს კანზე პატარა განაკვეთს აკეთებენ და ლიმფური კვანძის ნაწილს ამოჭრიან. ზოგჯერ, თუ კვანძი სხეულის ზედაპირთან ახლოს მდებარეობს, ნემსის კანის გავლით კვანძში შეყვანითაც შეიძლება საკმარისი ქსოვილის აღება (ნემსით ბიოფსია). თუკი კვანძი მუცლის ან გულმკერდის ღრუშია, მისი ქსოვილის ამოსაკვეთად შეიძლება ოპერაცია გახდეს საჭირო.

სტადიები

მკურნალობის დაწყებამდე უნდა განისაზღვროს სხეულში ლიმფომის გავრცელების ხარისხი, ანუ დაავადების სტადია. ამაზეა დამოკიდებული მკურნალობის მეთოდის შერჩევა და პროგნოზი. გასინჯვით მხოლოდ ერთი გადიდებული ლიმფური კვანძი შეიძლება აღმოჩნდეს, მაგრამ დაავადების გავრცელების განსაზღვრისთვის ჩატარებული კვლევებით სხვა კვანძებსაც პოულობენ ხოლმე.

გავრცელების ხარისხის მიხედვით ლიმფომის ოთხი სტადიაა გამოყოფილი – I, II, III და IV. პირველი სტადიით მინიმალური გავრცელება აღინიშნება, მეოთხე სტადიით – მაქსიმალური. რაც მეტია სტადიის აღმნიშვნელი რიცხვი, მით მეტადაა დაავადება გავრცელებული. ეს ოთხი სტადია ქვესტადიებად იყოფა, იმის მიხედვით, ვლინდება (B) თუ არა (A) ერთი ან მეტი სიმპტომი ქვემოთ ჩამოთვლილთაგან:

აუხსნელი ცხელება (37.5ºC-ზე მეტი 3 დღის განმავლობაში მიყოლებით);

  • ოფლიანობა ღამით;

  • წინა 6 თვის განმავლობაში სხეულის მასის (წონის) აუხსნელი შემცირება 10%-ზე მეტად.

მაგალითად, თუ ლიმფომის II სტადიის მქონე ადამიანს ღამით ოფლიანობაც აწუხებს, მას ავადმყოფობის IIB სტადია აქვს.

ჰოჯკინის ლიმფომის შესაფასებლად ან სტადიის განსაზღვრისთვის რამდენიმე პროცედურა ტარდება. ყველა შემთხვევაში გამოიყენება სისხლის ძირითადი ანალიზები, მათ შორის ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციების განმსაზღვრელი, გულმკერდის, მუცლისა და მცირე მენჯის რენტგენოგრაფია და კომპიუტერული ტომოგრაფია (კტ). ეს უკანასკნელი სასარგებლოა გადიდებული ლიმფური კვანძების აღმოსაჩენად, ლიმფომის ღვიძლში თუ სხვა ორგანოებში გავრცელების დასადგენად.

ჰოჯკინის ლიმფომის სტადიის განსაზღვრისთვის და მკურნალობის ეფექტურობის შესაფასებლად ყველაზე ზუსტი კვლევა პოზიტრონულემისიური ტომოგრაფიაა (პეტ). ამ მეთოდით მიღებულ გამოსახულებაზე ცოცხალი ქსოვილი ჩანს, ექიმებს შეუძლიათ, ერთმანეთისგან გაარჩიონ აქტიური ლიმფომა და მკურნალობის შემდეგ განვითარებული ნაწიბუროვანი ქსოვილი. ჰოჯკინის ლიმფომის მქონე პაციენტების უმრავლესობას ქირურგიული ჩარევა არ ესაჭიროება იმის დასადგენად, დაავადება არის თუ არა გავრცელებული მუცლის ღრუში; ყველა პაციენტს უტარდება ქიმიოთერაპია, რომელიც ლიმფომის უჯრედებს ყველგან კლავს, მიუხედავად ლოკალიზაციისა.

მკურნალობა და პროგნოზი

ქიმიოთერაპიის გამოყენებით, სხივური თერაპიით ან მის გარეშე, ჰოჯკინის ლიმფომით დაავადებულთა უმრავლესობა იკურნება.

ქიმიოთერაპია ყველა სტადიაზე ინიშნება. ჩვეულებრივ, პაციენტს ერთზე მეტი მედიკამენტი ეძლევა. შესაძლებელია სხვადასხვა კომბინაციის გამოყენება. პროცესში ჩართული უბნის სხივური თერაპია (სხივდება სხეულის მხოლოდ ის ნაწილები, რომლებშიც სიმსივნური უჯრედებია, რაც თავიდან გვაცილებს დანარჩენი უბნების ზედმეტად დასხივებას) ზოგჯერ ქიმიოთერაპიის შემდეგ ტარდება. მკურნალობა ამბულატორიაში მიმდინარეობს, დაახლოებით 4 კვირის განმავლობაში.

I ან II სტადიის მქონე პაციენტების 80% იკურნება ქიმიოთერაპიისა და პროცესში ჩართული უბნის დასხივების შემდეგ. III სტადიაზე განკურნების მაჩვენებელი 70%-80%-ს შეადგენს, IV სტადიაზე ასეთი მაღალი არ არის, მაგრამ 50%-ს მაინც აჭარბებს.

ქიმიოთერაპია განკურნების ალბათობას მნიშვნელოვნად ზრდის, მაგრამ გვერდითი მოვლენები საკმაოდ მძიმე შეიძლება იყოს. სახელდობრ, მედიკამენტები იწვევს დროებით ან მუდმივ უნაყოფობას, ინფექციის ალბათობის გაზრდას, თმის გაცვენას, რაც შექცევადია; შესაძლებელია სხვა ორგანოების, მაგალითად, გულის ან ფილტვების დაზიანებაც. სხივური თერაპიიდან 10 წლის ან მეტი ხნის შემდეგ იზრდება ფილტვის, სარძევე ჯირკვლის, კუჭის და ყველა იმ ორგანოს ავთვისებიანი სიმსივნის განვითარების ალბათობა, რომლებიც მკურნალობის დროს დასხივდა. ზოგჯერ ჰოჯკინის ლიმფომის განკურნებიდან მრავალი წლის შემდეგ არაჰოჯკინის ლიმფომა ვითარდება, იმის მიუხედავად, თუ რომელი მეთოდი იყო გამოყენებული სამკურნალოდ.

საწყისი თერაპიით რემისიის მიღწევის (დაავადება კონტროლს ექვემდებარება) შემდეგ ზოგჯერ ლიმფომა ხელახლა მწვავდება (ლიმფომის უჯრედები ისევ ჩნდება), თუმცა ამ დროსაც შესაძლებელია განკურნება მეორე რიგის სამკურნალო საშუალებებით. განკურნების მაჩვენებელი გამწვავების შემდეგ სულ მცირე 50%-ს შეადგენს. თუ გამწვავება დაავადების პირველი 12 თვის განმავლობაში განვითარდა, ეს რიცხვი შედარებით დაბალია, უფრო გვიან გამწვავების შემთხვევებში კი განკურნების ალბათობა მეტ-ნაკლებად მაღალია. საწყისი მკურნალობის შემდეგ გამწვავებისას ე.წ. "მხსნელი" ქიმიოთერაპიის კურსს მიმართავენ, შემდეგ კი მაღალი დოზები გამოიყენება. ამ უკანასკნელის შემდეგ ზოგჯერ ავტოლოგიური, ანუ პაციენტის ღეროვანი უჯრედების გადანერგვა ტარდება. მაღალი დოზების გამოყენება და ღეროვანი უჯრედების გადანერგვა ზოგადად უსაფრთხო პროცედურაა, სიკვდილის რისკი 1-2%-ზე ნაკლებია.