1. სიმპტომები (ავთვისებიანი სიმსივნის სიმპტომები და დიაგნოზი)
  2. ავთვისებიანი სიმსივნის სიმპტომები და დიაგნოზი
  3. ავთვისებიანი სიმსივნეები
სიმპტომები (ავთვისებიანი სიმსივნის სიმპტომები და დიაგნოზი)

თავდაპირველად, როცა სიმსივნე უჯრედების პატარა გროვით არის წარმოდგენილი, პაციენტს არაფერი აწუხებს. ზომაში მატებასთან ერთად სიმსივნე აწვება მეზობელ ქსოვილებს და აზიანებს მათ. ამასთან, ზოგი სიმსივნე სპეციფიკურ ნივთიერებებსაც გამოიმუშავებს ან იმუნურ რეაქციას იწვევს, რაც მისგან დაშორებული ორგანოების დაზიანების სიმპტომებით ვლინდება (ე.წ. პარანეოპლაზიური სინდრომები).

მეზობლად მდებარე ქსოვილებში ჩაზრდა ან მათზე ზეწოლა, ამ ქსოვილების გაღიზიანების შედეგად, ტკივილს იწვევს. ზეწოლამ შესაძლოა ქსოვილების ნორმალურ ფუნქციონირებასაც შეუშალოს ხელი. მაგალითად, შარდის ბუშტის კიბო ან სიმსივნური ლიმფური კვანძი მუცელში შეიძლება დააწვეს თირკმლისა და შარდის ბუშტის დამაკავშირებელ მილს (შარდსაწვეთს) და მასში შარდის დინება შეაფერხოს. ფილტვის კიბოს გამო შესაძლოა შეწყდეს ჰაერის მოძრაობა ფილტვის ერთ-ერთ სეგმენტში, რაც ამ ორგანოს ნაწილობრივ დაჩუტვას გამოიწვევს; ეს კი ინფექციის რისკს ზრდის. სხეულის ნებისმიერ ნაწილში სიმსივნე შეიძლება სისხლძარღვს დააწვეს და დაახშოს ის ან სისხლდენა გამოიწვიოს. როცა წარმონაქმნი ისეთ ადგილზე იზრდება, სადაც მის გარშემო თავისუფალი სივრცეა, მაგალითად, მსხვილი ნაწლავის კედელზე, შესაძლებელია სიმპტომები საერთოდ არ გამოვლინდეს მანამ, სანამ სიმსივნე დიდი ზომის არ გახდება. ამის საპირისპიროდ, უფრო მცირე მოცულობის სივრცეში განვითარებისას, მაგალითად, სახმო იოგზე, შედარებით პატარა სიმსივნემაც კი შეიძლება სიმპტომები გამოიწვიოს (მაგალითად, ხმის ჩახლეჩა). თუ სიმსივნე სხეულის სხვა ნაწილებში გავრცელდა (მეტასტაზირება), ადგილობრივი გაღიზიანებისა და ზეწოლის მოვლენების ამსახველი სიმპტომები იქაც განვითარდება; ამასთან, სიმპტომები შესაძლოა განსხვავებული იყოს. სიმსივნეები, რომლებიც ფილტვების მფარავ გარსზე (პლევრაზე) ან გულის გარშემო არსებულ ჩანთისებურ გარსზე – პერიკარდიუმზე ვითარდება, ხშირად სითხის გაჟონვას და ამ ორგანოების ირგვლივ მის დაგროვებას იწვევს. დიდი რაოდენობით სითხემ შესაძლოა შეაფერხოს სუნთქვა ან გულის მუშაობა.

ტკივილი

ავთვისებიანი სიმსივნეები თავიდან, როგორც წესი, უმტკივნეულოა. მათ ზრდასთან ერთად დასაწყისში მხოლოდ მსუბუქი დისკომფორტი ვლინდება, რომელიც შეიძლება თანდათან გაუარესდეს და ძლიერ ტკივილად გარდაიქმნას. ტკივილის მიზეზია სიმსივნის ზეწოლა ნერვებსა და სხვა ქსოვილებზე ან მათში ჩაზრდა. ამავე დროს, ყველა სიმსივნე არ იწვევს ძლიერ ტკივილს. შესაბამისად, ტკივილის არარსებობა არ ნიშნავს იმას, რომ სიმსივნე არ იზრდება ან არ ვრცელდება.

სისხლდენა

თავიდან სიმსივნური წარმონაქმნი შესაძლოა მცირედ სისხლმდენი იყოს, რადგან მისი უჯრედები მჭიდროდ არ არის ერთმანეთთან დაკავშირებული და სისხლძარღვებიც მცირე ზომის არის. მოგვიანებით, მოცულობის მატებასთან და მიმდებარე ქსოვილებში ჩაზრდასთან ერთად, სიმსივნე შეიძლება სისხლძარღვშიც შეიჭრას და სისხლდენა გამოიწვიოს. ეს უკანასკნელი ზოგჯერ მსუბუქია, შეუმჩნეველია და მხოლოდ სპეციალური გამოკვლევებით დასტურდება. ზემოხსენებული საკმაოდ ხშირია მსხვილი ნაწლავის კიბოს ადრეულ სტადიაში. სისხლდენა შეიძლება საკმაოდ ძლიერიც იყოს, მასობრივი და სიცოცხლისთვის სახიფათოც კი, განსაკუთრებით სიმსივნის შორსწასული სტადიის დროს.

სიმსივნის მდებარეობა განსაზღვრავს სისხლდენის ადგილს. საჭმლის მომნელებელ ტრაქტში ნებისმიერ ადგილზე არსებული წარმონაქმნი შესაძლოა განავალში სისხლის არსებობით გამოვლინდეს. საშარდე სისტემის ნებისმიერი ნაწილის სიმსივნიდან სისხლდენა კი სისხლიანი შარდის მიზეზი ხდება. სხვა შემთხვევაში შეიძლება შინაგანი სისხლდენა განვითარდეს სხეულში, რაც მაგალითად, ფილტვებში ლოკალიზაციისას, სისხლიან ხველას იწვევს.

წონაში კლება და დაღლილობა

ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებული ადამიანები ხშირად წონაში იკლებენ და დაღლილობას უჩივიან. დაავადების პროგრესირებასთან ერთად ჩივილები უფრო ინტენსიური ხდება. ზოგი პაციენტი ამჩნევს, რომ კარგი მადის მიუხედავად მაინც იკლებს წონაში, სხვებს უმადობა და საკვების მიღებისას გულისრევა ან ყლაპვის გაძნელება აწუხებს. დაავადებულები მკვეთრად იკლებენ წონაში. კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილის შემცირება განსაკუთრებით შესამჩნევია სახეზე. შორსწასული სიმსივნის დროს ხშირია ძლიერი დაღლილობა, პაციენტებს დიდხანს სძინავთ. თუ ანემია განვითარდა, დაღლილობა ან ქოშინი მსუბუქი ფიზიკური დატვირთვის დროსაც აღინიშნება.

ლიმფური კვანძების გადიდება

სიმსივნის ორგანიზმში გავრცელებისას იგი დასაწყისში პირველადი კერის ახლოს მდებარე ლიმფურ კვანძებში შეიძლება შეიჭრას, რაც მათ ზომაში მომატებას იწვევს. გადიდებული ლიმფური კვანძები ზოგჯერ უმტკივნეულოა, ზოგჯერ მტკივნეული, მაგარი ან რეზინისებრი კონსისტენციის. ისინი შეიძლება თავისუფლად მოძრაობდეს ან, უფრო შორსწასულ სტადიაზე, ზემოთ მდებარე კანთან, ქვემოთ მდებარე ქსოვილებთან ან ერთმანეთთან იყოს მიხორცებული.

დეპრესია

ავთვისებიანი სიმსივნე ხშირად იწვევს დეპრესიას, რომელიც ან დაავადების სიპტომებთან, ან სიკვდილის, ან სხვაზე დამოკიდებულების შიშთან არის დაკავშირებული. ამასთან, ზოგი სიმსივნე ისეთ ნივთიერებებსაც გამოიმუშავებს, რომლებიც პირდაპირ მოქმედებენ ტვინზე და დეპრესიას იწვევს.

ნევროლოგიური და კუნთოვანი სიმპტომები

ავთვისებიანი სიმსივნე შეიძლება ჩაიზარდოს ნერვებში ან დააწვეს მათ, რაც ნევროლოგიურ და/ან კუნთოვან სიმპტომებს იწვევს, მათ შორის მგრძნობელობის დარღვევას (მაგალითად, ჩხვლეტის შეგრძნებას) ან კუნთების სისუსტეს. თუ სიმსივნე ტვინში იზრდება, აღინიშნება ცნობიერების დაბინდვა, თავბრუხვევა, თავის ტკივილი, გულისრევა, მხედველობის დარღვევა და გულყრები. ნევროლოგიური სიმპტომები შესაძლოა პარანეოპლაზიური სინდრომების ნაწილიც იყოს.

სასუნთქი სისტემის დაზიანების სიმპტომები

სიმსივნე შეიძლება დააწვეს ან დაახშოს სასუნთქი გზები, რაც ქოშინს, ხველას, ფილტვების ანთებას იწვევს. ქოშინი შესაძლოა მაშინაც განვითარდეს, თუ ან სიმსივნის გამო დიდი რაოდენობით გამონაჟონი დაგროვდა პლევრის ღრუში, ან ფილტვებში სისხლდენა დაიწყო, ან ანემია განვითარდა.