1. ერლიქიოზი
  2. რიკეტსიული და მასთან დაკავშირებული ინფექციები
  3. ინფექციები
ერლიქიოზი

ერლიქიოზები წარმოადგენენ ტკიპით გადაცემულ ინფექციებს, რომლებიც იწვევენ ცხელებას, შემცივნებასა და თავის ტკივილებს. ადამიანები თავს გრძნობენ შეუძლოდ (დაღლილობა). ეს სიმპტომები ვითარდება მოულოდნელად.

ერლიქიის ბაქტერიას, რიკეტსიების მსგავსად, შეუძლია მხოლოდ ადამიანისა ან ცხოველის უჯრედის შიგნით ცხოვრება. თუმცა, რიკეტსიებისაგან განსხვავებით, ერლიქიის ბაქტერიები სახლდებიან სისხლის თეთრ უჯრედებში (როგორებიცაა, მაგ. გრანულოციტები და მონოციტები). განსხვავებული სახეობები სახლდებიან სისხლის თეთრი უჯრედების სხვადასხვა ტიპში.

ერლიქიოზები ყველაზე ხშირია შეერთებული შტატების სამხრეთ-აღმოსავლეთ და სამხრეთის ცენტრალურ ნაწილში. ისინი აგრეთვე გვხვდება ევროპაშიც. უფრო ხშირია გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე პერიოდში, როდესაც ტკიპები ყველაზე აქტიურები არიან. ინფექცია ადამიანებს გადაეცემათ ტკიპის ნაკბენით, რასაც იწვევს ძაღლის ყავისფერი ან ირმის ტკიპის მტარებელ ცხოველებთან კონტაქტი.

სიმპტომები

ჩვეულბრივ, სიმპტომები ვითარდება ტკიპის კბენიდან 1-2 კვირის შემდეგ. პირველ სიმპტომებს მიეკუთვნება ცხელება, შემცივნება, თავის ძლიერი ტკივილი, სხეულის ტკივილი და დაღლილობა. როდესაც ინფექცია პროგრესირებს, შესაძლოა განვითარდეს სხვა სიმპტომები, როგორიცაა:

  • ღებინება

  • ფაღარათი

  • კრუნჩხვები

  • დაბნეულობა

  • კომა

  • ხველება

  • სუნთქვის გართულება

კანზე გამონაყარი ბევრად იშვიათია, ვიდრე რიკეტსიულ ინფექციებში. სიკვდილი იშვიათია, მაგრამ შესაძლოა დაიღუპონ ადამიანები დასუსტებული იმუნური სისტემით ან ისინი, რომელთა მკურნალობაც დროულად არ დაიწყო.

დიაგნოზი და მკურნალობა

ექიმები აკეთებენ სისხლის გამოკვლევებს, რომელთა მეშვეობითაც დგინდება სისხლის თეთრი უჯრედებისა და თრომბოციტების დაბალი რაოდენობისა და სისხლის პათოლოგიური შედედების არსებობა. მაგრამ ეს პათოლოგიები ვლინდება ბევრი სხვა დაავადების დროსაც. შესაძლოა დაგვეხმაროს სისხლის ანალიზები, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია ამ ბაქტერიების ანტისხეულების აღმოჩენა, მაგრამ შედეგები ჩვეულებრივ უარყოფითია, სანამ დაავადების დაწყებიდან არ გავა რამდენიმე კვირა. უფრო გამოსადეგია პოლიმერაზული ჯაჭვის რეაქცია (PCR). ის ზრდის ბაქტერიის დნმ-ის რაოდენობას, რითიც აადვილებს ბაქტერიების ამოცნობას. ზოგჯერ, სისხლის თეთრი უჯრედები შეიცავენ დამახასიათებელ ლაქებს (მორულებს), რომელთა დანახვაც შესაძლებელია მიკროსკოპის ქვეშ. მორულების არსებობა ადასტურებს ერლიქიოზის დიაგნოზს.

თუ ადამიანებს, რომლებიც სავარაუდოდ შეხებაში იყვნენ დაინფიცირებულ ტკიპებთან, აქვთ ტიპური სიმპტომები, მკურნალობა იწყება სიმპტომებზე დაყრდნობით, სანამ ცნობილი გახდება გამოკვლევების შედეგები. ეფექტურია დოქსიციკლინი, ქლორამფენიკოლი და ტეტრაციკლინი. როდესაც მკურნალობა იწყება ადრე, ადამიანების უმეტესობა მას პასუხობს სწრაფად და კარგად. მკურნალობის დაწყების გადადებამ შესაძლოა მიგვიყვანოს სერიოზულ გართულებებამდე, მათ შორის სიკვდილამდეც კი, ადამიანების 2-5%-ში.