ახალშობილთა გარდამავალი ჰიპოგამაგლობულინემია | მკურნალი.გე
  1. ახალშობილთა გარდამავალი ჰიპოგამაგლობულინემია
  2. იმუნოდეფიციტური დაავადებები
  3. იმუნური სისტემის დაავადებები
ახალშობილთა გარდამავალი ჰიპოგამაგლობულინემია

ახალშობილთა გარდამავალი ჰიპოგამაგლობულინემიის დროს ანტისხეულების (იმუნოგლობულინები) ნორმალური რაოდენობით წარმოქმნა შეფერხებულია.

იმუნური სისტემა დაბადებისას ბოლომდე განვითარებული არ არის. ახალშობილის იმუნოგლობულინების უმეტესობა დედის სხეულში წარმოიქმნება და ბავშვის ორგანიზმში პლაცენტის გზით დაბადებამდე გადადის. ბავშვს ინფექციის განვითარებისგან დედის იმუნოგლობულინები მანამ იცავს, სანამ ის საკუთარს არ გამოიმუშავებს, რაც, ჩვეულებრივ, 6 თვის ასაკიდან ხდება. დაახლოებით ამ დროისთვის დედის იმუნოგლობულინების დონე კლებას იწყებს. ახალშობილთა გარდამავალი ჰიპოგამაგლობულინემიის დროს ანტისხეულების (იმუნოგლობულინები) ნორმალური რაოდენობით წარმოქმნა შეფერხებულია. ამის შედეგად იმუნოგლობულინების დონე 3-დან 6 თვემდე პერიოდში იკლებს, ხოლო 12-დან 36 თვემდე დროის მონაკვეთში ნორმალურ მაჩვენებელს უბრუნდება. ეს მდგომარეობა სერიოზული ინფექციების განვითარების მიზეზი ნაკლებად ხდება, რის გამოც ჭეშმარიტ იმუნოდეფიციტად არ მიიჩნევა.

აღნიშნული მდგომარეობა დღენაკლულებში უფრო ხშირია, ვინაიდან მათ დედისგან იმუნოგლობულინების ნაკლები რაოდენობა აქვთ მიღებული. ეს დაავადება არ არის მემკვიდრული, თუმცა დაბადებისთანავე სახეზეა.

სისხლის ანალიზით ისაზღვრება იმუნოგლობულინების დონე და ვაქცინის საპასუხოდ იმუნოგლობულინების წარმოქმნის უნარი. ბავშვების უმეტესობა ანტისხეულების ნორმალურ რაოდენობას წარმოქმნის როგორც ვაქცინის შეყვანის, ისე სხეულში ბუნებრივად მოხვედრილი ინფექციური აგენტის საპასუხოდ. ამდენად, მათ ინფექციასთან მიმართებაში პრობლემა არ აქვთ

და მკურნალობას არ საჭიროებენ. თუმცა, ზოგიერთ ახალშობილს, განსაკუთრებით დღენაკლულს, ხშირი ინფექციები აქვს. ასეთ შემთხვევაში ინფექციის პრევენციისთვის ანტიბიოტიკები გამოიყენება. ზემოხსენებული მდგომარეობა, ჩვეულებრივ, მკურნალობის გარეშე გამოსწორდება ხოლმე.