1. ჰირსუტიზმი და ჰიპერტრიქოზი
  2. თმის დაავადებები
  3. კანის დაავადებები
ჰირსუტიზმი და ჰიპერტრიქოზი

ჰირსუტიზმი არის უხეში, მუქი თმის ჭარბი ზრდა ქალებში, რომელიც მოიცავს მამაკაცური ტიპის თმიანობისთვის ჩვეულ უბნებს (მაგ: ულვაში, წვერი, მკერდის ცენტრალური ნაწილი, მხრები, მუცლის ქვედა ნაწილი, ზურგი და ბარძაყის მედიალური ზედაპირი). ჰიპერტრიქოზი არის სხეულის ნებისმიერ უბანზე არსებული ჭარბთმიანობა როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში.

  • ჰირსუტიზმის მიზეზი შესაძლოა იყოს მამაკაცური ჰორმონების ჭარბი პროდუქცია ზოგიერთი სახის სიმსივნის დროს ან გარკვეული მედიკამენტების მიღება.

  • ქალებში მამაკაცური ჰორმონების ჭარბი პროდუქციით განპირობებული მომატებული თმიანობა შესაძლებელია ასოცირებული იყოს აკნესთან, ხმის შეცვლასთან და ანდროგენული ტიპის ალოპეციასთან.

  • დიაგნოზში გასათვალისწინებელია მედიკამენტების მოხმარება, პიროვნების გარეგნული ცვლილებები, გენეტიკა და ჰორმონების დონე.

  • მკურნალობა შესაძლოა მოიცავდეს ჰორმონოთერაპიას ან არასასურველი თმის მოცილებას.

ჰირსუტიზმი: არის უხეში, მუქი თმის ჭარბი ზრდა ქალებში, რომელიც მოიცავს მამაკაცური ტიპის თმიანობისთვის ჩვეულ უბნებს – მაგ: ულვაში, წვერი, მკერდის ცენტრალური ნაწილი, მხრები, მუცლის ქვედა ნაწილი, ზურგი და ბარძაყის მედიალური ზედაპირი. ჭარბთმიანობის მიმართ დამოკიდებულება შესაძლოა განსხვავდებოდეს ეთნიკური, კულტურული და პიროვნული ფაქტორების მიხედვით. მამაკაცები სხეულზე არსებული თმის რაოდენობით მნიშვნელოვნად განსხვავდებიან ერთმანეთისგან, თუმცა, მომატებულ თმიანობას სამედიცინო კუთხით იშვიათად იკვლევენ.

ჰიპერტრიქოზი: არის სხეულის ნებისმიერ უბანზე არსებული ჭარბთმიანობა, იგი შესაძლოა გენერალიზებული ან ლოკალური იყოს.

მიზეზები

სხეულზე თმის რაოდენობას განაპირობებს პიროვნების ასაკი, სქესი, რასა, ეთნიკური კუთვნილება და მემკვიდრეობა. იშვიათად ჭარბთმიანობა გვხვდება ახალშობილებში გენეტიკური დაავადებით, უმრავლეს შემთხვევაში მოგვიანებით ვითარდება.

ჰირსუტიზმი: ყველაზე ხშირად ჰირსუტიზმი არის შედეგი:

  • თმიანობის ოჯახური ტენდენციის, განსაკუთრებით ხმელთაშუა ზღვის რეგიონისა და ახლო აღმოსავლეთის მცხოვრებთა შორის

  • პოლიკისტური საკვერცხის სინდრომის

ზოგჯერ ჭარბთმიანობა განპირობებულია ჰიპოფიზის, თირკმელზედა ჯირკვლის, საკვერცხის სიმსივნით ანდა სხვა ისეთი დაავადებით, რომელთაც ახლავს მამაკაცური ჰორმონების (ანდროგენების) გაძლიერებული პროდუქცია. ანაბოლური სტეროიდები, რომლებსაც შესაძლოა მოიხმარდნენ ქალი სპორტსმენები და ბოდიბილდერები, ასევე ანდროგენებია. თმიანობის გარდა, ჭარბი ანდროგენების გავლენით, ქალებში შესაძლოა ადგილი ჰქონდეს კუნთოვანი მასის ზრდას, აკნეს, ხმის ტემბრის ცვლილებას, ანდროგენული ტიპის თმის ცვენას, კლიტორის გადიდებას, მენსტრუალური ციკლის რეგულარობის დარღვევას ან შეწყვეტას. აღწერილ ცვლილებებს ერთიანობაში ვირილიზაცია ეწოდება.

ჰიპერტრიქოზი: ჰიპერტრიქოზი, როგორც წესი, განპირობებულია სისტემური დაავადებით ან გარკვეული მედიკამენტების მიღებით. დაავადებები მოიცავს შემდეგს:

  • დერმატომიოზიტი

  • ზოგადი სისტემური დაავადებები (მაგალითად, აივ ინფექციის შორსწასული ფორმა)

  • ჰიპოთირეოიდიზმი ან სხვა ენდოკრინული დარღვევები

  • კვების დეფიციტი

  • კანის პორფირია

  • ცენტრალური ნერვული სისტემის გარკვეული დაავადებები

  • ჰიპერტრიქოზის გამომწვევ მედიკამენტებს მიეკუთვნება მინოქსიდილი, ფენიტოინი, ციკლოსპორინი და ანაბოლური სტეროიდები.

დიაგნოზი

რადგან ჭარბთმიანობის მიზეზი ზოგჯერ გარკვეული დაავადების არსებობაა, უნდა მოხდეს დიფერენცირება – მომატებულ თმიანობას თითოეულ შემთხვევაში საფუძვლად რაიმე დარღვევა უდევს თუ იგი მხოლოდ მარტივ, კოსმეტიკურ პრობლემას წარმოადგენს.

ექიმმა უნდა შეაფასოს ვირილიზაციის ან კუშინგის სინდრომის სხვა ნიშნების არსებობა (როგორიცაა დიდი მრგვალი სახე და ცხიმოვანი დეპოზიტი მხრებს შორის). ასევე, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ოჯახის წევრების ჭარბთმიანობა, პიროვნების მიერ მედიკამენტების გამოყენების ფაქტი (მათ შორის ანაბოლური სტეროიდების) და თმიანობის გამომწვევი ჯანმრთელობის პრობლემის არსებობა.

გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მომატებული თმიანობის მიზეზი აშკარად რომელიმე კონკრეტული მედიკამენტების გამოყენებაა, ქალებს საჭიროა ჩაუტარდეთ სისხლში სხვადასხვა ჰორმონის დონის შემოწმება, ისევე როგორც ულტრაბგერითი კვლევა ან კომპიუტერული ტომოგრაფია თირკმელზედა ჯირკვლის ან საკვერცხის სიმსივნის გამოსარიცხად.

მკურნალობა

გამომწვევი მიზეზის მიხედვით, ჭარბთმიანობის მკურნალობა განსხვავებულია. მედიკამენტებით განპირობებული თმინობის შემთხვევაში, თუ შესაძლებელია, ხდება მისი შემდგომი გამოყენების შეწყვეტა ან შეცვლა, თავად ჭარბთმიანობის მკურნალობა კი არ არის აუცილებელი, თუ იგი პიროვნებისთვის კოსმეტიკურ პრობლემად არ აღიქმება.

ჰორმონალური თერაპია: როდესაც მომატებული თმიანობის მიზეზი ანდროგენების სიჭარბეა, გამოიყენება ორი სახის ჰორმონალური მედიკამენტი:

  • ორალური კონტრაცეპტივები – რომელთა გავლენითაც მცირდება საკვერცხეში ანდროგენების სინთეზი

  • ანტიანდროგენული საშუალებები – რომლებიც თრგუნავენ ტესტოსტერონის ეფექტს

ანტიანდროგენული მედიკამენეტების მიღებამ (რომელთაც მიეკუთვნება: სპირინოლაქტონი, ფლუტამიდი და ფინასტერიდი) შესაძლოა გამოიწვიოს ნაყოფის განვითარების დეფექტები, ამიტომ ჩვეულებისამებრ, ინიშნება ორალურ კონტრაცეპტივებთან ერთად.

თმის მოცილება: თმის მოცილების მეთოდი შესაძლოა იყოს დროებით ან მუდმივი. დროებით მეთოდებს მიეკუთვნება გაპარსვა ან თმის მოჭრა (პარსვა არ იწვევს თმის გაუხეშებას ან თმის ზრდის დაჩქარებას), ასევე პინცეტის მეშვეობით თმის მოშორება, ვაქსინგი და დეპილატორების გამოყენება (სითხის ან კრემის სახით).

თმის სამუდამოდ მოცილება მისი ფოლიკულების განადგურებას მოითხოვს. ელექტროლიზისის დროს თითოეული თმის ფოლიკულში შედის ელექტრონემსი, რომლის თერმული და ელექტრული გავლენით იგი ზიანდება. თუმცა, ხშირად საჭიროა მრავალჯერადი ჩარევა, რადგან პროცედურის დროს დარჩენილ დაუზიანებელ ფოლიკულებში თმა ხელახლა იზრდება. ასევე, არასასურველ თმას სამუდამოდ აცილებს ლაზეროთერაპიაც. მართალია განმეორებითი პროცედურის დროს მრავალი ფოლიკული ნადგურდება, მაგრამ მათი ნაწილიდან თმა კვლავ ვითარდება.

თმის მოცილების ალტერნატივად განიხილება ასევე, ეფლორნითინის შემცველი კრემები, რომელთა მეშვეობით თმის ზრდა მნიშვნელოვნად ნელდება და მოცილების საჭიროება მცირდება. გამაღიავებელი საშუალებების გამოყენებამ შესაძლოა თმა ნაკლებად შესამჩნევი გახადოს და ჭარბთმიანობა შენიღბოს.