1. ვიტილიგო
  2. პიგმენტაციის დარღვევები
  3. კანის დაავადებები
ვიტილიგო

ვიტილიგო არის დაავადება, რომელსაც ახასიათებს ლოკალურად მელანოციტების კარგვა და შედეგად კანზე თეთრი ლაქების ფორმირება.

  • დაავადებისთვის დამახასიათებელი გაუფერულებული ლაქები სხეულის სხვადასხვა ნაწილზე გვხვდება.

  • დიაგნოზი ხდება კანის ვიზუალური შეფასებით.

  • კანის გამუქება შესაძლებელია კორტიკოსტეროიდების შემცველი კრემების გამოყენებით ან ფოტოთერაპიით (კომბინაციაში მედიკამენტებთან, რომლებიც ზრდიან კანის მგრძნობელობას უი სხივების მიმართ), საჭიროების დროს გამოიყენება კანის გრაფტები.

ვიტილიგოს გამომწვევი მიზეზი უცნობია. შესაძლოა პათოგენეზში გარკვეულ როლს მელანინის მაპროდუცირებელი უჯრედების (მელანოციტები) ავტოიმუნური დაზიანება თამაშობდეს. გვხვდება ოჯახური შემთხვევები. ხშირად ახასიათებს ასოცირება ავტოიმუნურ და ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებთან, მათ შორის კავშირის მიზეზი გაურკვეველია. ასევე, დიაბეტის, ადისონის დაავადებისა და პერნიციოზული ანემიის მქონე პირებში, გარკვეულწილად, მაღალია ვიტილიგოს განვითარების ალბათობა. დაავადება შესაძლოა გაჩნდეს ფიზიკური ტრავმის ან მზისგან გამოწვეული დამწვრობის შემდეგაც.

მიუხედავად იმისა, რომ ვიტილიგო სამედიცინო თვალსაზრისით საფრთხეს არ შეიცავს, იგი შესაძლოა მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური დისტრესის მიზეზი გახდეს.

სიმპტომები

დაავადებულთა ნაწილს უვითარდება ერთი ან ორი მკვეთრი საზღვრების მქონე ლაქა, ნაწილში კი დაზიანება სხეულის მნიშვნელოვან ნაწილს მოიცავს. ცვლილებები უფრო მეტად მუქი კანის შემთხვევაშია შესამჩნევი. დამახასიათებელი ლოკალიზაციაა: სახე, იდაყვები, მუხლები, ხელები, წვივები და გენიტალიები. ლაქები ძალზე მგრძნობიარეა მზის გამოსხივების მიმართ. აღნიშნულ უბნებში მელანოციტების არარსებობის გამო თეთრი თმა იზრდება.

დიაგნოზი

ვიტილიგოს დიაგნოზი კანის ვიზუალური შეფასებით ხდება. ხშირად იყენებენ ვუდის ნათურას, რათა განასხვავონ ვიტილიგო კანის გაღიავებით მიმდინარე სხვა დაავადებებისგან. იშვიათადაა საჭირო კვლევის სხვა მეთოდები, მათ შორის – კანის ბიოფსია.

მკურნალობა

ვიტილიგოს მკურნალობა უცნობია. კანის პიგმენტაცია შესაძლოა აღდგეს სპონტანურად, მცირე ზომის ლაქების შემთხვევაში. ზოგჯერ შედეგიანია ძლიერი კორტიკოსტეროიდების შემცველი კრემების გამოყენება, თუმცა, სახეზე ლოკალიზებული დაზიანების დროს, კორტიკოსტეროიდების შესაძლო გვერდითი ეფექტების გამო, ინიშნება ისეთი მედიკამენტები, როგორიცაა ტაკროლიმუსი და პიმეკროლიმუსი. ზოგჯერ დეფექტის დაფარვა კოსმეტიკური საშუალებებით ხდება, რადგან პაციენტების ნაწილს ლაქის არეში ჯერ კიდევ აქვს შემორჩენილი მელანოციტების გარკვეული რაოდენობა. ხელოვნური ულტრაიისფერი დასხივება (ფოტოთერაპია) ასტიმულირებს პიგმენტის პროდუქციას. პროცედურის დროს გამოიყენება ვიწროტალღოვანი უი სხივები B (ფსორალენის გარეშე) ან უი სხივები Aფსორალენთან (მედიკამენტი, რომელიც ზრდის კანის მგრძნობელობას უი სხივების მიმართ) კომბინაციაში (PUVA). ეფექტის მისაღებად საჭიროა თვეები. ფოტოთერაპია ზოგჯერ განუსაზღვრელი ვადით გრძელდება.

ფოტოთერაპიის უეფექტობის შემთხვევაში მკურნალობა შესაძლოა მოიცავდეს კანის გადანერგვას ან მელანოციტების ტრანსპლანტაციას სხეულის დაუზიანებელი უბნებიდან. ლაქების არე დაცული უნდა იქნეს მზის გამოსხივებისგან, რაც გულისხმობს დამცავი ტანსაცმლის ტარებას, სპეციალური კრემების გამოყენებას.

სხეულის უმეტესი ნაწილის ლაქებით დაზიანების დროს ზოგიერთ პაციენტს ურჩევნია კანის ჯანსაღი უბნის გაღიავება ფერის გათანაბრების მიზნით, რისთვისაც მიმართავენ ჰიდროქინონის შემცველი კრემის განმეორებით აპლიკაციას კვირების ან წლების განმავლობაში. ეფექტი შეუქცევადია.