ფოტოსენსიბილიზაცია | მკურნალი.გე
  1. ფოტოსენსიბილიზაცია
  2. მზის გამოსხივება და კანის დაზიანება
  3. კანის დაავადებები
ფოტოსენსიბილიზაცია

  • მზის გამოსხივებამ შესაძლოა იმუნური რეაქციები გამოიწვიოს.

  • მზის გამოსხივებისგან დაუცველ უბნებზე შესაძლოა განვითარდეს გამონაყარი თანმხლები ქავილით ან წითელი, ანთებადი ელემენტები.

  • როგორც წესი, გამონაყარი მკურნალობის გარეშე თავისით გაივლის.

ფოტოსენსიბილიზაცია, რასაც ზოგჯერ მზის ალერგიის სახელითაც მოიხსენიებენ, არის მზის სხივებით გამოწვეული იმუნური სისტემის რეაქცია. იგი მოიცავს: მზისმიერ ჭინჭრის ციებას, ქიმიურ ფოტოსენსიბილიზაციასა და სინათლით განპირობებულ პოლიმორფულ დაზიანებას. ჩვეული ლოკალიზაციაა გამოსხივებისგან დაუცველი უბნები, ახლავს ქავილი. გარკვეულწილად ავლენს მემკვიდრეობით ხასიათს. შესაძლოა ასოცირებული იყოს ზოგიერთ სხვა დაავადებასთან (მაგალითად, სისტემური წითელი მგლურა, პორფირია).

მზისმიერი ჭინჭრის ციება: ვითარდება მზის ექსპოზიციიდან რამდენიმე წუთში. ახასიათებს ფართო, წითელი ელემენტების ფორმირება, ახლავს ქავილი. გამონაყარი ჩნდება გამოსხივების ზემოქმედებიდან ათ წუთში და, როგორც წესი, მხოლოდ რამდენიმე საათს გრძელდება. ფართო დაზიანების დროს ასევე, შესაძლოა გამოხატული იყოს თავის ტკივილი, თავბრუხვევა, სისუსტე და გულისრევა.

ქიმიური ფოტოსენსიბილიზაცია: მზის ხანმოკლე ექსპოზიციის შემდეგ გამოსხივებისგან დაუცველ უბნებზე ვითარდება სიწითლე და ანთებითი დაზიანება, ზოგჯერ – კანის ყავისფერი ან ლურჯი დისკოლორაცია. მზით განპირობებული დამწვრობისგან აღნიშნული მდგომარეობა იმით განსხვავდება, რომ ვითარდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც პიროვნება გარკვეულ მედიკამენტს (მაგ: ტეტრაციკლინი) ან ქიმიურ ნივთიერებას მიიღებს ან მათი კანზე აპლიკაცია (პარფიუმერია, პარსვის შემდგომი საშუალებები) მოხდება. აღნიშნული ნივთიერებები ადამიანთა ნაწილში ზრდის კანის მგრძნობელობას უი სხივების მიმართ.

სინათლით განპირობებული პოლიმორფული გამონაყარი: წარმოადგენს მზის გამოსხივებაზე უჩვეულო რეაქციას, რომლის მიზეზიც უცნობია. იგი მზით გამოწვეული ყველაზე გავრცელებული პრობლემაა, ხშირია ქალებში და ჩრდილოეთით მცხოვრებთა შორის (მზის ზემოქმედებას არარეგულარულად განიცდიან). მზისგან დაუცველ უბნებზე ვითარდება მრავლობითი წითელი შესივება და ლაქა, ახლავს ქავილი. გამონაყარი ჩნდება ექსპოზიციის შემდეგ 30 წუთიდან რამდენიმე საათში, თუმცა, ზოგჯერ ახალი ელემენტები მოგვიანებითაც ვითარდება (რამდენიმე დღის შემდეგ). გამონაყარი ქრება რამდენიმე დღეში ან კვირაში. როგორც წესი, მსგავს შემთხვევებში მზის თანდათანობითი მზარდი ექსპოზიცია კანს ნაკლებად მგრძნობიარეს ხდის.

დიაგნოზი

ფოტოსენსიბილიზაციის სადიაგნოსტიკო სპეციფიკური ტესტი არ არსებობს. მისი არსებობა მოიაზრება, როდესაც გამონაყარი სხეულის მზის გამოსხივებისგან დაუცველ უბნებს მოიცავს. გასათვალისწინებელია რომელიმე დაავადების არსებობა, მედიკამენტის მიღება ან კანზე ადგილობრივი საშუალებების (მედიკამენტი ან კოსმეტიკა) გამოყენება. ზოგჯერ ტარდება საეჭვო დაავადების (მაგალითად, სისტემური წითელი მგლურა) გამოსარიცხი ტესტები.

პრევენცია და მკურნალობა

მზეზე მომატებული მგრძნობელობისას პიროვნებამ უნდა ატაროს დამცავი ტანსაცმელი, შეძლებისდაგვარად თავი აარიდოს მის გამოსხივებას და გამოიყენოს მზისგან დამცავი კრემები. თუ შესაძლებელია, ექიმთან შეთანხმებით უნდა შეწყდეს ფოტოსენსიბილიზაციის გამომწვევი მედიკამენტების ან ქიმიური ნივთიერებების შემდგომი გამოყენება.

მზის გამოსხივებით განპირობებული პოლიმორფული გამონაყარისა და სისტემური წითელი მგლურას დროს ზოგჯერ ეფექტიანია კორტიკოსტეროიდების აპლიკაცია კანზე ან ჰიდროქსიქლოროქინის ან კორტიკოსტეროიდების მიღება პერორალურად. გარკვეულ შემთხვევებში მიმართავენ დესენსიბილიზაციას უი გამოსხივების თანდათან მზარდი დოზის ზემოქმედებით.