1. ხალები
  2. კანის კეთილთვისებიანი წანაზარდები
  3. კანის დაავადებები
ხალები

ხალი (ნევუსი) არის კანზე არსებული პატარა, ჩვეულებისამებრ, მუქი წარმონაქმნი, რომელიც ვითარდება კანის პიგმენტის მაპროდუცირებელი უჯრედებიდან (მელანოციტები).

  • ხალები აქვს ადამიანთა უმრავლესობას, ატიპიური ხალების განვითარების ტენდენცია მემკვიდრეობითია.

  • ჩვეულებრივი ან ატიპიური ხალი, რომელიც რადიკალურად იცვლება, მელანომის გამორიცხვის თვალსაზრისით ბიოფსიას საჭიროებს.

  • კეთილთვისებიანი ხალების უმეტესობა მკურნალობას არ მოითხოვს, კოსმეტიკურად უსიამოვნო ხალები შესაძლოა მოცილებულ იქნეს სკალპელით, ადგილობრივი ანესთეზიის შემდეგ.

ხალების ზომა განსხვავებულია. იგი შესაძლოა იყოს პატარა წერტილისხელა ან 1 ინჩზე მეტი (დაახლოებით 2.5 სმ-ზე მეტი) დიამეტრის. რამდენიმე ხალი თითქმის ყველა ადამიანს აქვს, ბევრ მათგანში დიდი რაოდენობით გვხვდება. არის ბრტყელი ან კანიდან წამოწეული, გლუვი ან უხეში, ზოგჯერ ამოზრდილი თმით. შეფერილობით, ჩვეულებისამებრ – ყავისფერი ან მუქი ყავისფერი, თუმცა, ხალების ნაწილი ხორცისფერი ან ყვითელია, ასევე, შესაძლოა დასაწყისში იყოს წითელი და თანდათან გამუქდეს.

ხალები ხშირად ბავშვობაში ან მოზარდობის პერიოდში ვითარდება, მაგრამ ადამიანთა ნაწილში პროცესი მთელი სიცოცხლის განმავლობაში გრძელდება. ქალებში ხალები ჰორმონთა დონის ცვლილებაზე რეაგირებენ და შესაძლოა პირველად ორსულობის დროს გამოჩნდნენ, ზომაში მოიმატონ ან გამუქდნენ. რჩებიან სამუდამოდ, ახასიათებთ პიგმენტაციის თანდათანობით დაქვეითება და კანის ზედაპირიდან წამოწევა. თეთრკანიანებში ხალები უპირატესად მზისგან დაუცველ ადგილებზე ვითარდება.

ხალი, როგორც წესი, თვალის შევლებით, მარტივად ამოიცნობა. არ ახასიათებს ქავილი ან ტკივილი და არ მიეკუთვნება კიბოს ფორმას, ზოგჯერ გადაიზრდება ან ემსგავსება მელანომას. რეალურად მრავალი მელანომა ხალიდან იწყება. ამიტომ ყველა საეჭვო შემთხვევაში მიკროსკოპულად უნდა იქნეს შესწავლილი.

მელანომის თვალსაზრისით საყურადღებოა ხალის შემდეგი სახის ცვლილებები:

  • ზომაში მატება, განსაკუთრებით ირგვლივ უსწორმასწორო კიდეებით

  • გამუქება

  • ანთება

  • წერტილოვანი ფერის ცვლილება

  • სისხლდენა

  • კანის მთლიანობის დარღვევა

  • ქავილი

  • ტკივილი

მელანომის განვითარების რისკი გარკვეულწილად მატულობს სხეულზე 10-20-ზე მეტი ხალის არსებობისას, ამიტომ მსგავს შემთხვევებში საჭიროა წარმონაქმნების თვითმონიტორინგი ცვლილებების აღმოჩენის მიზნით. ავთვისებიან გადაგვარებაზე ეჭვის დადასტურების დროს ხალს ირგვლივ მდებარე კანთან ერთად ქირურგიულად აცილებენ.

ხალების უმრავლესობა უვნებელია და მოცილებას არ საჭიროებს. მისი ფორმიდან და მდებარეობიდან გამომდინარე, ზოგჯერ ლამაზადაც კი აღიქმება. ჩვეულებრივი ხალები, რომლებიც ტანსაცმლისგან მუდმივ გაღიზიანებას განიცდიან, შესაძლებელია ამოიკვეთოს სკალპელით, ადგილობრივი ანესთეზიის გამოყენებით.

ატიპიური ხალი (დისპლაზიური ნევუსი): როგორც წესი, არის მრავალფერი, აქვს უსწორმასწორო ფორმა და კიდეები ან ნორმალურ ხალთან შედარებით – დიდი ზომა. განვითარების ტენდენცია მემკვიდრეობითია. რამდენიმე ატიპიური ხალის არსებობისას ადამიანში მელანომის განვითარების რისკი მცირედ მატულობს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ოჯახის წევრს აქვს მელანომა, რისკი მნიშვნელოვნად იზრდება.

პიროვნება ატიპიური ხალებით – განსაკუთრებით მელანომის ოჯახური შემთხვევის დროს – უნდა აკვირდებოდეს წარმონაქმნის ნებისმიერ ცვლილებას, რომელიც შესაძლო გაავთვისებიანებაზე მიუთითებს. ასევე, მდგომარეობის შესაფასებლად, წელიწადში მინიმუმ ერთხელ, დერმატოლოგის კონსულტაცია უნდა გაიაროს. ცვლილებების მონიტორინგისთვის დერმატოლოგიაში ხშირად გამოიყენება მთელი სხეულის ფერადი ფოტოგრაფია. გამოვლენილი შეცვლილი ატიპიური ხალები უნდა ამოიკვეთოს.

მზის სინათლე აჩქარებს ატიპიური ხალების განვითარებას და უკვე არსებული ხალების ცვლილებებს (მზის თუნდაც ზომიერი ექსპოზიცია ბავშვობაში შესაძლოა სახიფათო იყოს მოგვიანებით მელანომის განვითარების თვალსაზრისით). აქედან გამომდინარე, ატიპიური ხალების მქონე პიროვნებამ თავი უნდა აარიდოს მზის გამოსხივებას, მზეზე ყოფნისას ყოველთვის უნდა გამოიყენოს მაღალი დაცვის ფაქტორის (SPF) დამცავი კრემები, რომლებიც კანცეროგენულ ულტრაიისფერ (უი) სხივებს აკავებენ.