ძარღვოვანი წარმონაქმნები და მალფორმაციები (ანგიომები) | მკურნალი.გე
  1. ძარღვოვანი წარმონაქმნები და მალფორმაციები (ანგიომები)
  2. კანის კეთილთვისებიანი წანაზარდები
  3. კანის დაავადებები
ძარღვოვანი წარმონაქმნები და მალფორმაციები (ანგიომები)

ანგიომა არის კანში ან კანქვეშ ლოკალიზებული, ხშირად სისხლძარღვებიდან ან ლიმფური ძარღვებიდან განვითარებული მალფორაცია, რომელსაც ახასიათებს წითელი ან ვარდისფერი დისკოლორაცია.

  • ანგიომები ხშირად ვლინდება დაბადებისას ან დაბადებიდან მოკლე პერიოდში.

  • დიაგნოზი ხდება კლინიკური გამოკვლევის საფუძველზე.

  • მკურნალობა დამოკიდებულია ანგიომის ტიპზე.

ძარღვოვან წარმონაქმნებსა და მალფორმაციებს მიეკუთვნება: ჰემანგიომა, პორტ-ვეინის ლაქები, ლიმფანგიომა, პიოგენური გრანულომა და ობობას მსგავსი ანგიომა. ხშირად ვლინდება დაბადებისთანავე ან დაბადებიდან მოკლე პერიოდში. გარეგნულად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან, ამიტომ სადიფერენციაციოდ ბიოფსიის ჩატარება იშვიათად ხდება საჭირო. ახალშობილთა დაახლოებით 1/3-ს აქვს ანგიომის რომელიმე ტიპი, რომელთა უმრავლესობა თავისთავად ქრება.

ჰემანგიომა

ჰემანგიომა არის სისხლძარღვებიდან განვითარებული შეფერილობით წითელი ან ვარდისფერი პათოლოგიური წარმონაქმნი, რომელიც შესაძლოა მდებარეობდეს კანზე ან სხეულის სხვა ნაწილში.

ჰემანგიომა ბავშვებში დაბადებიდან მოკლე პერიოდში ვითარდება და, როგორც წესი, ახასიათებს სწრაფი ზრდა სიცოცხლის პირველი 6-18 თვის განმავლობაში. ამის შემდეგ ზომაში შემცირებას იწყებს. შემთხვევების დაახლოებით 3/4-ში ჰემანგიომა ქრება 7 წლის ასაკისთვის. მის ადგილას კანი ხშირად ფერშეცვლილი ან ნაწიბუროვანია. იგი შესაძლოა განვითარდეს შუა ხნის ასაკში ან უფრო მოგვიანებითაც (უპირატესად ტანზე).

ადრეული ჰემანგიომები: ახასიათებს კანშიდა და კანქვეშა ზრდა. წარმონაქმნი შესაძლოა იყოს იასამნისფერი ან, ღრმად მდებარეობის შემთხვევაში – ხორცისფერი. ზომით ინჩის 1/4-დან 2 ინჩამდე (დაახლოებით 0.5 სმ-დან 5 სმ-მდე), თუმცა, ზოგჯერ ბევრად უფრო დიდიც. შემთხვევების 50%-ზე მეტში ლოკალიზებულია თავსა და კისერზე. გვხვდება შინაგან ორგანოებზეც, მაგალითად, ღვიძლზე.

ჰემანგიომას არ ახლავს ტკივილი, თუმცა, გარკვეულ შემთხვევებში იხსნება (წყლულდება) და სისხლმდენი ხდება. თვალის ირგვლივ მდებარე დიდი ზომის წარმონაქმნი აფერხებს ხედვას. იგი შესაძლოა მხედველობის სამუდამოდ დაკარგვის მიზეზი გახდეს. ცხვირსა და ყელში მდებარე ჰემანგიომა იწვევს სუნთქვის გაძნელებას.

რადგან ადრეულ ჰემანგიომებს თვითგანკურნება ახასიათებთ, მათ მოსაცილებლად ჩარევა საჭირო არაა. ამ მხრივ გამონაკლისია: წარმონაქმნი სწრაფი ზრდით, მისი ულცერაცია, ჰემანგიომით განპირობებული ხედვისა და სუნთქვის დაბრკოლება, კოსმეტიკურად უსიამოვნო მდგომარეობა.

საჭიროების შემთხვევაში ინიშნება პერორალური ან საინექციო კორტიკოსტეროიდები ან ლაზეროთერაპია. როგორც წესი, ჰემანგიომის ქირურგიულად ამოკვეთა რეკომენდებული არ არის, თუმცა, მოზრდილ ბავშვებში ზომაში მნიშვნელოვნად შემცირებული წარმონაქმნის არსებობისას ოპერაციამ შესაძლოა კანის მდგომარეობა გააუმჯობესოს.

ზედაპირული ჰემანგიომა: (ალუბლისებრი ანგიომა ან მარწყვისებრი ჰემანგიომა) ძალზე გავრცელებულია. ჩვეულებისამებრ, ტანზე ვლინდება კანიდან წამოწეული, წითელი წანაზარდები, რაოდენობით – ერთეულიდან ათეულამდე. ზედაპირული ჰემანგიომა უვნებელია. კოსმეტიკურად უსიამოვნო შემთხვევებში ხდება მისი მოცილება სკალპელის ან ელექტრონემსის მეშვეობით.

პორტ-ვეინის ლაქები

პორტ-ვეინის ლაქა (კაპილარული მალფორმაცია) არის დაბადებიდან არსებული ბრტყელი ვარდისფერი, წითელი ან იისფერი დისკოლორაცია, განპირობებული სისხლძარღვოვანი მალფორმაციით.

პორტ-ვეინის ლაქა არის მუდმივი, უვნებელი წარმონაქმნი, თუმცა, შემაწუხებელია კოსმეტიკური თვალსაზრისით და ზოგჯერ დამანგრეველი ფსიქოლოგიური სტრესის მიზეზი ხდება. კანზე ვითარდება გლუვი, ბრტყელი ვარდისფერი, წითელი ან იისფერი ლაქა. ზომით შესაძლოა იყოს პატარა ან სხეულის მნიშვნელოვან ნაწილს მოიცავდეს. ლაქებს ახალშობილის კისერზე მოიხსენიებენ ყარყატის ნაკბენის სახელით. სახეზე არსებული პორტ-ვეინის ლაქები იშვიათად ასოცირებულია სტარგ-ვებერის სინდრომთან – იშვიათი თანდაყოლილი დაავადება, ახასიათებს ისეთი ნევროლოგიური პრობლემები, როგორიცაა კრუნჩხვა და გონებრივი ჩამორჩენილობა (ინტელექტუალური ინვალიდობა).

მცირე ზომის დეფექტების დაფარვა შესაძლებელია კოსმეტიკური კრემების გამოყენებით. შედეგიანია ლაზეროთერაპია.

ლიმფანგიომა

ლიმფანგიომა (ლიმფური მალფორმაცია) არის ლიმფური ძარღვების გაფართოების შედეგად განვითარებული წარმონაქმნი (ლიმფური ძარღვების მეშვეობით მთელ სხეულში მიედინება ლიმფა – გამჭვირვალე, სისხლთან დაკავშირებული სითხე).

ლიმფანგიომა იშვიათი დაავადებაა. როგორც წესი, ვლინდება დაბადებისას ან 2 წლამდე ასაკში. წარმონაქმნი ზომით შესაძლოა იყოს პატარა ან დიდი და დეფორმული. იგი არ არის კიბოს ფორმა, არ ახლავს ტკივილი ან ქავილი. შეფერილობით ხშირად მოყვითალო-ყავისფერია, იშვიათად – მოწითალო. ტრავმის ან ჩხვლეტის შედეგად მისგან გამჭვირვალე სითხე გადმოედინება.

ლიმფანგიომა, როგორც წესი, მკურნალობას არ საჭიროებს. ოპერაცია ხშირად არ არის შედეგის მომტანი, რადგან ქირურგიული ჩარევის შემდეგ ლიმფანგიომა იწყებს ზრდას სიღრმეში, ხოლო კანქვეშ – სიფართეში.

პიოგენური გრანულომა

პიოგენური გრანულომა არის ალისფერი ან მოწითალო-ყავისფერი კანიდან ოდნავ წამოწეული წარმონაქმნი, რომელიც განპირობებულია კაპილარების (უწვრილესი სისხლძარღვები) პროლიფერაციით და ირგვლივ მდებარე ქსოვილის შეშუპებით.

პიოგენური გრანულომა ვითარდება სწრაფად და, როგორც წესი, წინ უსწრებს კანის დაზიანება (დაზიანება ზოგჯერ შეუმჩნეველია). გაურკვეველი მიზეზით იგი ასევე შესაძლოა განვითარდეს ორსულობისას და მოიცვას ღრძილებიც (ორსულობის სიმსივნეები). ზომით ინჩის 1/4-დან 1/2-მდე (დაახლოებით 0,5 სმ-დან 2,5 სმ-მდე) მერყეობს, წარმონაქმნი კანის ზედაპირიდან წამოწეულია, არ ახლავს ტკივილი, მაგრამ ადვილად სისხლმდენია, რადგან თითქმის მთლიანად კაპილარული შენებისაა.

პიოგენური გრანულომა ზოგჯერ თავისთავად ქრება. პერსისტირების შემთხვევაში მისი მოცილება ოპერაციულად ან ელექტრონემსის გამოყენებით (ელექტროკოაგულაცია) ხდება, მასალა შესაძლოა გაიგზავნოს გამოსაკვლევად კანის კიბოს გამორიცხვის მიზნით. მკურნალობის შემდეგ პაციენტების ნაწილში განმეორებითი შემთხვევები გვხვდება.

ობობას მსგავსი ანგიომა

ობობას მსგავსი ანგიომა (ასევე უწოდებენ ვასკულურ ობობას,) არის პატარა ღია წითელი ფერის ლაქა, რომელიც შედგება ცენტრალური დილატირებული სისხლძარღვისგან და ირგვლივ მდებარე მსუბუქად დილატირებული კაპილარებისგან, რომლებიც ობობას ფეხებს ემსგავსებიან.

ობობას მსგავსი ანგიომა სახეზე ძირითადად ღია ფერის ადამიანებშია შესამჩნევი. განვითარების ზუსტი მიზეზი ხშირად უცნობია, თუმცა, მრავლობითი წარმონაქმნები გვხვდება როგორც ციროზით დაავადებულებში, ასევე ორსულებსა და ორალური კონტრაცეპტივების მომხმარებელ ქალებში. ობობას მსგავსი ანგიომა თანდაყოლილი არ არის.

წარმონაქმნი, ჩვეულებისამებრ, ზომით ინჩის 1/4-ზე (დაახლოებით 0.5 სმ-ზე) ნაკლებია. არის უვნებელი და უსიმპტომო. იგი შესაძლოა პრობლემური კოსმეტიკური თვალსაზრისით იყოს. ობობას მსგავსი ანგიომა, რომელიც ორსულობისას ან ორალური კონტრაცეპტივების მიღების ფონზე ვითარდება, როგორც წესი, თავისით ქრება მშობიარობიდან ან კონტრაცეპტივების გამოყენების შეწყვეტიდან 6-9 თვეში. კოსმეტიკური პრობლემის არსებობისას მიმართავენ ცენტრალური სისხლძარღვის დესტრუქციას ლაზერის სხივების ან ელექტრონემსის გამოყენებით.