ფრჩხილის დეფორმაციების დაახლოებით 50% განპირობებულია სოკოვანი ინფექციით, დანარჩენი 50% სხვადასხვა წარმოშობისაა. გამომწვევ მიზეზებს შორის არის: ტრავმა, ფსორიაზი, ბრტყელი ლიქენი და ზოგჯერ კიბო. ფრჩხილის ფერის ცვლილება (ქრომონიქია) შესაძლებელია იყოს მედიკამენტების მიღების, ინფექციების ან რომელიმე დაავადების შედეგი. მაგალითად, ბაქტერია pseudomonas-ით გამოწვეული ინფექციის დროს ფრჩხილის ყვითელ-მწვანე დისკოლორაცია ვითარდება.
დიაგნოზი ხშირად კლინიკური სურათის საფუძველზე ხდება, თუმცა, დასადასტურებლად ზოგჯერ დაზიანებული უბნიდან ანაფხეკის აღებას და კულტურალურ კვლევას მიმართავენ. თუ ფრჩხილს გამომწვევი დაავადების მკურნალობის პარალელურად არ უბრუნდება ნორმალური სახე, დეფექტების დაფარვა შესაძლოა მანიკიურის სპეციალისტის მიერ მოხერხდეს.
თანდაყოლილი დეფორმაციები: ზოგიერთი ახალშობილი ფრჩხილების გარეშე (ანონიქია) იბადება. ფრჩხილ-კვირისტავის სინდრომს ახასიათებს ფრჩხილების არარსებობა ან განუვითარებლობა-დეფორმაციები. დარიერის დაავადება იწვევს ფრჩხილებზე წითელი ან თეთრი ზოლებისა და V-ს მსგავსი ნაჭდევების ფორმირებას.
დაავადებებთან ასოცირებული დეფორმაციები: ზოგჯერ დაავადება, რომელიც სხვა ორგანოებს აზიანებს, ასევე შესაძლოა გახდეს ფრჩხილის ცვლილების მიზეზი.
კანის დაავადებებთან ასოცირებული დეფორმაციები: ზოგჯერ კანის დაავადებები აზიანებს ფრჩხილებსაც და მათ დეფორმაციას იწვევს. ასევე, შესაძლოა ფრჩხილის ფირფიტაში განვითარებული ცვლილების მიზეზი კანის დაავადების სამკურნალოდ გამოყენებული მედიკამენტებიც გახდეს, მაგალითად, რეტინოიდებმა, როგორიცაა იზიტრეტინოინი და ეტრეტინატი, შესაძლოა ფრჩხილის გამოშრობა და მსხვრევადობა გამოიწვიოს:
მედიკამენტები: მედიკამენტების სხვადასხვა ჯგუფი იწვევს ფრჩხილის ფერის შეცვლას, როგორც წესი, მათი შეწყვეტა უზრუნველყოფს ნორმალური ფერის აღდგენას.
ხაზოვანი მელანონიქია: ახასიათებს ყავისფერ-შავი ხაზების არსებობა ფრჩხილის ფირფიტაზე, რაც განპირობებულია პიგმენტ მელანინით. ხაზები ვრცელდება ფრჩხილის ძირიდან თავისუფალ კიდემდე. შავკანიანებში იგი ნორმად ითვლება და არ საჭიროებს მკურნალობას. მსგავსი პიგმენტური ცვლილებები შესაძლოა შეგვხვდეს ხალების ან ფრჩხილქვეშა და ფრჩხილის ირგვლივ სიმსივნეების დროსაც, ამიტომ ირგვლივ მდებარე კანის შეფასება აუცილებელია.
ონიქოგრიფოზი: არის მდგომარეობა, რომლის დროსაც ფრჩხილი – ყველაზე ხშირად ფეხის პირველ თითზე – სქელდება და ხდება მოხრილი, კაუჭისებური (ვერძის რქისებური ფრჩხილი). დეფორმულმა ფრჩხილმა შესაძლოა მეზობელი თითები დააზიანოს. მიზეზი ფრჩხილის სხვადასხვა ნაწილის განსხვავებული სიჩქარით ზრდაა. ონიქოგრიფოზი მოიცავს ფრჩხილის საწოლის დაზიანებასაც, რაც ხშირად განმეორებადი ტრავმატიზაციის შედეგია (მაგ: ცუდად მორგებული ფეხსაცმელი), თუმცა, შესაძლებელია განვითარდეს ისეთი დაავადების დროსაც, როგორიც არის ფსორიაზი. ონიქოგრიფოზი უპირატესად ხანდაზმულებში გვხვდება. ფრჩხილიდან ზედმეტი ნაწილები უნდა ამოიკვეთოს, მეზობელი თითების დაზიანებისგან დასაცავად თითებს შორის შალის ქსოვილს ათავსებენ. მსგავსი მდგომარეობის მქონე პიროვნებამ თავი უნდა აარიდოს მჭიდრო ფეხსაცმლისა და წინდების ტარებას.
ონიქოლიზისი: ონიქოლიზისი არის ფრჩხილის ფირფიტის განცალკევება მისი საწოლისგან ან ფრჩხილის ფირფიტის სრული კარგვა. მიზეზი შესაძლოა იყოს: ტრავმა (ხანგრძლივი ლაშქრობა ან სრიალი ცუდად მორგებული ფეხსაცმლით), ფრჩხილების ზედმეტი წმენდა, დაავადებები, როგორიცაა ფსორიაზი და თირეოტოქსიკოზი, გარკვეული ქიმიკატების ან მედიკამენტების ზემოქმედება. ონიქოლიზისის გამომწვევ მედიკამენტებს მიეკუთვნება: დოქსორუბიცინი, ბლეომიცინი, კაპტოპრილი, 5-ფლუოროურაცილი და ტეტრაციკლინი, ასევე, ონიქოლიზისის მიზეზი შესაძლოა გახდეს ტეტრაციკლინი, ფსორალენსი, ფტორქინოლონები და ქინინი, რაც ხშირია ფრჩხილებზე მზის ექსპოზიციის არსებობისას (ფოტო ონიქოლიზისი).
ონიქოლიზისის დროს მაღალია სოკოვანი ინფექციების განვითარების ალბათობა. სასურველია ფრჩხილის სიმშრალის შენარჩუნება და ადგილობრივად სოკოს საწინააღმდეგო საშუალებების აპლიკაცია. სოკოვანი ინფექციით დაავადებულებში შესაძლოა ნაწილობრივი ონიქოლიზისი განვითარდეს.
ონიქოტილომანია: მსგავსი დარღვევის მქონე ადამიანები საკუთარ ფრჩხილებს იძრობენ და იზიანებენ. ხშირი გამოვლინება არის ჩვევა – ტიკი, რომელიც უმეტესად ცერა თითს მოიცავს. ფრჩხილის ფირფიტა ცენტრალურად საცურაო დაფის ფორმას იღებს. ონიქოტილომანია ასევე შესაძლოა გახდეს ფრჩხილქვეშა სისხლდენის (ფრჩხილქვეშა ჰემორაგია), ფრჩხილის ინფექციისა და ფრჩხილის ფირფიტის სრული დაკარგვის მიზეზიც.