დეფორმაციები და დისკოლორაცია | მკურნალი.გე
  1. დეფორმაციები და დისკოლორაცია
  2. ფრჩხილის დაავადებები
  3. კანის დაავადებები
დეფორმაციები და დისკოლორაცია

ფრჩხილის დეფორმაციების დაახლოებით 50% განპირობებულია სოკოვანი ინფექციით, დანარჩენი 50% სხვადასხვა წარმოშობისაა. გამომწვევ მიზეზებს შორის არის: ტრავმა, ფსორიაზი, ბრტყელი ლიქენი და ზოგჯერ კიბო. ფრჩხილის ფერის ცვლილება (ქრომონიქია) შესაძლებელია იყოს მედიკამენტების მიღების, ინფექციების ან რომელიმე დაავადების შედეგი. მაგალითად, ბაქტერია pseudomonas-ით გამოწვეული ინფექციის დროს ფრჩხილის ყვითელ-მწვანე დისკოლორაცია ვითარდება.

დიაგნოზი ხშირად კლინიკური სურათის საფუძველზე ხდება, თუმცა, დასადასტურებლად ზოგჯერ დაზიანებული უბნიდან ანაფხეკის აღებას და კულტურალურ კვლევას მიმართავენ. თუ ფრჩხილს გამომწვევი დაავადების მკურნალობის პარალელურად არ უბრუნდება ნორმალური სახე, დეფექტების დაფარვა შესაძლოა მანიკიურის სპეციალისტის მიერ მოხერხდეს.

თანდაყოლილი დეფორმაციები: ზოგიერთი ახალშობილი ფრჩხილების გარეშე (ანონიქია) იბადება. ფრჩხილ-კვირისტავის სინდრომს ახასიათებს ფრჩხილების არარსებობა ან განუვითარებლობა-დეფორმაციები. დარიერის დაავადება იწვევს ფრჩხილებზე წითელი ან თეთრი ზოლებისა და V-ს მსგავსი ნაჭდევების ფორმირებას.

დაავადებებთან ასოცირებული დეფორმაციები: ზოგჯერ დაავადება, რომელიც სხვა ორგანოებს აზიანებს, ასევე შესაძლოა გახდეს ფრჩხილის ცვლილების მიზეზი.

  • პლამერ-ვილსონის სინდრომის დროს ბევრს უვითარდება ჩაზნექილი, კოვზისებური ფრჩხილები (კოილონიქია);

  • რკინის დეფიციტის მქონე ადამიანებს შესაძლოა ასევე ჰქონდეთ კოვზისებური ფრჩხილები;

  • თირკმლის უკმარისობამ შესაძლოა ფრჩხილის ქვედა ნახევრის გათეთრება და ზედა ნახევრის ვარდისფერი ცვლილება გამოიწვიოს ან მისი უფრო პიგმენტირებულად გამოჩენა (ნახევარ-ნახევარი ფრჩხილი);

  • ციროზის დროს ფრჩხილი ხდება თეთრი, თუმცა, მისი უკიდურესი ზედა ნაწილი შესაძლოა ვარდისფერი დარჩეს (ტერის ფრჩხილი). სისხლში ალბუმინის დაბალი დონე (რასაც შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ციროზის დროს) ფრჩხილებზე ჰორიზონტალური თეთრი ხაზების ფორმირებას იწვევს;

  • ფილტვის ზოგიერთი დაავადების დროს გვხვდება ყვითელი ფრჩხილის სინდრომი. მსგავს შემთხვევებში ხდება ფრჩხილის გასქელება, მეტად მოხრა და ფერის ყვითელი ან ყვითელ-მწვანე ცვლილება;

  • ლიმფედემა, რომელსაც ახასიათებს ლიმფის დაგროვება ქსოვილებში, ასევე შესაძლოა ყვითელი ფრჩხილის სინდრომის მიზეზი გახდეს;

  • აივ ინფექციით, ჰიპერთირეოიდიზმით ან კუშინგის სინდრომით დაავადებულ პიროვნებას შესაძლოა ხაზოვანი მელანონიქია ჰქონდეს.

კანის დაავადებებთან ასოცირებული დეფორმაციები: ზოგჯერ კანის დაავადებები აზიანებს ფრჩხილებსაც და მათ დეფორმაციას იწვევს. ასევე, შესაძლოა ფრჩხილის ფირფიტაში განვითარებული ცვლილების მიზეზი კანის დაავადების სამკურნალოდ გამოყენებული მედიკამენტებიც გახდეს, მაგალითად, რეტინოიდებმა, როგორიცაა იზიტრეტინოინი და ეტრეტინატი, შესაძლოა ფრჩხილის გამოშრობა და მსხვრევადობა გამოიწვიოს:

  • ფსორიაზის დროს ფრჩხილზე შესაძლოა განვითარდეს უსწორმასწორო ჩაღრმავებები (მცირე დეპრესიები ფრჩხილის ზედაპირზე), ზეთოვანი ლაქები (მოყვითალო-ყავისფერი ლაქები ფრჩხილქვეშ), ასევე, მოხდეს ფრჩხილის ფირფიტის საწოლისგან განცალკევება (ონიქოლიზისი), მისი გასქელება და მსხვრევადობა.

  • ფრჩხილის საწოლის ბრტყელი ლიქენი იწვევს ნაწიბურის განვითარებას, ფრჩხილის დეფორმაციასა და მტვრევადობას. მოგვიანებით ყალიბდება პტერიგიუმი. ფრჩხილის პტერიგიუმი წარმოადგენს V-ს ფორმის ნაწიბურს ფრჩხილის ფუძიდან გარე მიმართულებით, იწვვევს ფრჩხილის კარგვას.

  • ბუდობრივი ალოპეციით (მდგომარეობა, რომლის დროსაც ხდება თმის მოულოდნელი ცვენა, ყალიბდება მრგვალი, უსწორმასწორო თმაგაცვენილი უბნები) დაავადებულ პროვნებას შესაძლოა ფრჩხილის მუდმივი დეფორმაციები ჰქონდეს.

  • ტრაქიონიქია – უხეში, გაუმჭვირვალე ფრჩხილები – შესაძლოა შეგვხვდეს ბუდობრივი ალოპეციის, ბრტყელი ლიქენის, ატოპიკური დერმატიტისა და ფსორიაზის დროს. ტრაქიონიქია უფრო ხშირია ბავშვებში.

მედიკამენტები: მედიკამენტების სხვადასხვა ჯგუფი იწვევს ფრჩხილის ფერის შეცვლას, როგორც წესი, მათი შეწყვეტა უზრუნველყოფს ნორმალური ფერის აღდგენას.

  • ქიმიოთერაპიის დროს გამოყენებული მედიკამენტები, მაგ: ბლეომიცინი, შესაძლოა ფრჩხილის ფირფიტის გამუქების (ჰიპერპიგმენტაციის) მიზეზი გახდეს. ჰორიზონტალური პიგმენტაცია ან თეთრი ზოლები ასევე შესაძლოა ინახოს პაციენტებში გარკვეული ქიმიოპრეპარატებით მკურნალობის დროს.

  • ქლოროქინი, რომელიც პარაზიტული ინფექციებისა და გარკვეული სახის ავტოიმუნური დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება, შესაძლოა ფრჩხილის საწოლის ლურჯ-შავი დისკოლორაციის მიზეზი გახდეს.

  • ფრჩხილის ფერის მუქლურჯ-ნაცრისფერი ცვლილება შესაძლოა გამოიწვიოს ვერცხლმა, რომელიც აბსორბირდება გარემოდან ან პერორარულად მიღებული კოლოიდური ვერცხლის პროტეინების შემცველი დიეტური დანამატებიდან.

  • ოქროს შემცველი მედიკამენტები, რომლებიც ზოგჯერ რევმატოიდული ართრიტის სამკურნალოდ გამოიყენება, შესაძლოა ფრჩხილის ფერის ღია ან მუქი ყავისფერი ცვლილების მიზეზი გახდეს.

  • მინოციკლინმა (ანტიბიოტიკი) შესაძლოა ლურჯი დისკოლორაცია გამოიწვიოს.

  • აივ ინფექციის სამკურნალო მედიკამენტის – ზიდოვუდინის (AZT) გამოყენებას შესაძლოა ახლდეს სიგრძივი ყავისფერ-შავი ხაზების ფორმირება. მსგავსი ცვლილება ასევე შესაძლებელია შეგვხვდეს აივ ინფიცირებულებში, რომლებიც არ იღებენ ზიდოვუდინს

  • დარიშხანით მძიმე მოწამვლამ შესაძლოა ფრჩხილებზე ჰორიზონტალური თეთრი ხაზების ფორმირება გამოიწვიოს.

ხაზოვანი მელანონიქია: ახასიათებს ყავისფერ-შავი ხაზების არსებობა ფრჩხილის ფირფიტაზე, რაც განპირობებულია პიგმენტ მელანინით. ხაზები ვრცელდება ფრჩხილის ძირიდან თავისუფალ კიდემდე. შავკანიანებში იგი ნორმად ითვლება და არ საჭიროებს მკურნალობას. მსგავსი პიგმენტური ცვლილებები შესაძლოა შეგვხვდეს ხალების ან ფრჩხილქვეშა და ფრჩხილის ირგვლივ სიმსივნეების დროსაც, ამიტომ ირგვლივ მდებარე კანის შეფასება აუცილებელია.

ონიქოგრიფოზი: არის მდგომარეობა, რომლის დროსაც ფრჩხილი – ყველაზე ხშირად ფეხის პირველ თითზე – სქელდება და ხდება მოხრილი, კაუჭისებური (ვერძის რქისებური ფრჩხილი). დეფორმულმა ფრჩხილმა შესაძლოა მეზობელი თითები დააზიანოს. მიზეზი ფრჩხილის სხვადასხვა ნაწილის განსხვავებული სიჩქარით ზრდაა. ონიქოგრიფოზი მოიცავს ფრჩხილის საწოლის დაზიანებასაც, რაც ხშირად განმეორებადი ტრავმატიზაციის შედეგია (მაგ: ცუდად მორგებული ფეხსაცმელი), თუმცა, შესაძლებელია განვითარდეს ისეთი დაავადების დროსაც, როგორიც არის ფსორიაზი. ონიქოგრიფოზი უპირატესად ხანდაზმულებში გვხვდება. ფრჩხილიდან ზედმეტი ნაწილები უნდა ამოიკვეთოს, მეზობელი თითების დაზიანებისგან დასაცავად თითებს შორის შალის ქსოვილს ათავსებენ. მსგავსი მდგომარეობის მქონე პიროვნებამ თავი უნდა აარიდოს მჭიდრო ფეხსაცმლისა და წინდების ტარებას.

ონიქოლიზისი: ონიქოლიზისი არის ფრჩხილის ფირფიტის განცალკევება მისი საწოლისგან ან ფრჩხილის ფირფიტის სრული კარგვა. მიზეზი შესაძლოა იყოს: ტრავმა (ხანგრძლივი ლაშქრობა ან სრიალი ცუდად მორგებული ფეხსაცმლით), ფრჩხილების ზედმეტი წმენდა, დაავადებები, როგორიცაა ფსორიაზი და თირეოტოქსიკოზი, გარკვეული ქიმიკატების ან მედიკამენტების ზემოქმედება. ონიქოლიზისის გამომწვევ მედიკამენტებს მიეკუთვნება: დოქსორუბიცინი, ბლეომიცინი, კაპტოპრილი, 5-ფლუოროურაცილი და ტეტრაციკლინი, ასევე, ონიქოლიზისის მიზეზი შესაძლოა გახდეს ტეტრაციკლინი, ფსორალენსი, ფტორქინოლონები და ქინინი, რაც ხშირია ფრჩხილებზე მზის ექსპოზიციის არსებობისას (ფოტო ონიქოლიზისი).

ონიქოლიზისის დროს მაღალია სოკოვანი ინფექციების განვითარების ალბათობა. სასურველია ფრჩხილის სიმშრალის შენარჩუნება და ადგილობრივად სოკოს საწინააღმდეგო საშუალებების აპლიკაცია. სოკოვანი ინფექციით დაავადებულებში შესაძლოა ნაწილობრივი ონიქოლიზისი განვითარდეს.

ონიქოტილომანია: მსგავსი დარღვევის მქონე ადამიანები საკუთარ ფრჩხილებს იძრობენ და იზიანებენ. ხშირი გამოვლინება არის ჩვევა – ტიკი, რომელიც უმეტესად ცერა თითს მოიცავს. ფრჩხილის ფირფიტა ცენტრალურად საცურაო დაფის ფორმას იღებს. ონიქოტილომანია ასევე შესაძლოა გახდეს ფრჩხილქვეშა სისხლდენის (ფრჩხილქვეშა ჰემორაგია), ფრჩხილის ინფექციისა და ფრჩხილის ფირფიტის სრული დაკარგვის მიზეზიც.