1. ინფექციები (ფრჩხილის დაავადებები)
  2. ფრჩხილის დაავადებები
  3. კანის დაავადებები
ინფექციები (ფრჩხილის დაავადებები)

ინფექცია შესაძლებელია მოიცავდეს ფრჩხილის საწოლს, თავად ფრჩხილს ან ფრჩხილის ირგვლივ მდებარე კანს. მათი უმრავლესობა სოკოვანი ეტიოლოგიისაა (ონიქომიკოზი), თუმცა, გვხვდება ბაქტერიული და ვირუსული ინფექციებიც. ბაქტერიულმა პროცესმა შესაძლოა კუტიკულა ან ფრჩხილის ირგვლივ არსებული მორგვი (პარონიქია) მოიცვას.

ონიქომიკოზი

ონიქომიკოზი არის ფრჩხილის სოკოვანი ინფექცია.

გვხვდება მოსახლეობის დაახლოებით 10%-ში. ხელის ფრჩხილებთან შედარებით ხშირად ფეხის ფრჩხილებსაც აზიანებს. სოკოს გავრცელება შესაძლოა მოხდეს დაინფიცირებულ პიროვნებასთან კონტაქტით ან აბაზანის დაბინძურებული იატაკიდან. იგი ხშირად "ათლეტის ტერფის" შემადგენელი ნაწილია. სოკოვანი ინფექციებისადმი უპირატესად მიდრეკილნი არიან ასაკოვანი ადამიანები, დიაბეტით დაავადებულები და პაციენტები ტერფის დაქვეითებული სისხლის მომოქცევით.

სიმპტომები

დაზიანებული ფრჩხილი გარეგნულად იცვლება, მაგრამ არ არის მტკივნეული და არ ახლავს ქავილი. საშუალო სიმძიმის ინფექციის დროს ფრჩხილზე ვითარდება თეთრი ან ყვითელი ლაქები, უფრო მძიმე პროცესს ფრჩხილის ფირფიტის გასქელება, დეფორმაცია და ფერის შეცვლა ახასიათებს, ხდება მისი განცალკევება საწოლისგან.

დიაგნოზი და მკურნალობა

დიაგნოზი, როგორც წესი, დაზიანებული ფრჩხილის დათვალიერებითაა შესაძლებელი. დიაგნოზის დასადასტურებლად ზოგჯერ საჭიროა ფრჩხილიდან აღებული ნიმუშის მიკროსკოპული შესწავლა, გამომწვევის იდენტიფიცირების მიზნით მასალის კულტურალურ კვლევას მიმართავენ.

სოკოვანი ინფექციისგან განკურნება რთულია. მკურნალობის სახე დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მძიმე და შემაწუხებელია სიმპტომები. პერორალურად გამოიყენება იტრაკონაზოლი ან ტერბინაფინი. მათი მიღება ხდება ხანგრძლივად (დაახლოებით 3 თვე), შეწყვეტიდან გარკვეული პერიოდის განმავლობაში მედიკამენტი რჩება ფრჩხილის ფირფიტაში და ეფექტიც ნარჩუნდება. ციკლოპიროქსი არის სოკოს საწინააღმდეგო საშუალება, რომელიც სამკურნალო ლაქის შემადგენლობაში შედის, მისი გამოყენება ნაკლებად შედეგიანია (განსაკუთრებით მონოთერაპია), მაგრამ შესაძლოა პერორალურ მედიკამენტებთან კომბინაციაში შედეგი გაუმჯობესდეს. ასევე, ციკლოპიროქსი ინიშნება იმ პაციენტებისთვის, რომლებთანაც ჯანმრთელობის სხვა პრობლემების გამო პერორალური საშუალებების გამოყენება ვერ ხერხდება.

რეციდივის თავიდან ასაცილებლად სასურველია: ფრჩხილების მოკლედ დაჭრა, ბანაობის შემდეგ ფეხის საგულდაგულოდ გამშრალება, ბუნებრივი მასალისგან დამზადებული წინდების ტარება, სოკოს საწინააღმდეგო ფხვნილების გამოყენება. ხშირია შემთხვევები, როდესაც ძველ ფეხსაცმელებში სოკოს სპორები რჩება, ამიტომ, თუ შესაძლებელია, ისინი ახლით უნდა შეიცვალოს.

პარონიქია

პარონიქია არის კუტიკულას ინფექცია.

პარონიქია, ჩვეულებისამებრ, მწვავე ინფექციაა, მაგრამ შესაძლოა ქრონიკული ფორმითაც განვითარდეს. კანის მთლიანობის დარღვევის შედეგად, რისი მიზეზიცაა ფრჩხილის მორგვის ტრავმატიზაცია, ფრჩხილების კვნეტა, კუტიკულას დაზიანება ან ქრონიკული გაღიზიანება (წყალი, სარეცხი), ბაქტერიები (ძირითადად staphylococcus aureus ან steptococci) კანში აღწევენ. პარონიქია ხშირია მათში, ვინც ფრჩხილებს იკვნეტს ან თითებს წოვს. ფეხის თითებზე პროცესი ხშირად ფრჩხილის ჩაზრდით იწყება.

პარონიქია მოიცავს ფრჩხილის ირგვლივ მორგვს. მისი დაწყებიდან რამდენიმე საათში ან დღეში დაზიანების ადგილას დამახასიათებელი სიმპტომები ვითარდება: ტკივილი, ტემპერატურის მატება, სიწითლე და შეშუპება. ჩირქი, როგორც წესი, კანქვეშ, ფრჩხილის კიდის გასწვრივ, ზოგჯერ კი ფრჩხილის ქვეშ გროვდება. იშვიათად, უპირატესად დიაბეტით დაავადებულებში ან დაქვეითებული სისხლის მიმოქცევის მქონე პაციენტებში, ანთებითი პროცესი ღრმა შრეებში ვრცელდება. შედეგად შესაძლოა მთლიანი თითი ან კიდური დაზიანდეს.

დიაგნოზი კლინიკური სურათის საფუძველზე ხდება. პარონიქიის სამკურნალოდ ადრეულ ეტაპზე გამოიყენება ანტიბიოტიკები (დოქსიციკლინი, ცეფალექსინი ან კლინდამიცინი) პერორალურად და თბილი კომპრესები – სისხლის მიწოდების გაუმჯობესების მიზნით. თუ მოხდა ჩირქის კუმულაცია, საჭიროა დრენირება – ადგილობრივი ანესთეზიის შემდეგ (გამოიყენება ლიდოკაინი) სპეციალური ინსტრუმენტით ფრჩხილის მორგვის აწევა ხდება. კანის გაკვეთა, როგორც წესი, საჭირო არ არის. დრენირების ადგილას იდება მცირე დოლბანდი 24-48 სთ-ის განმავლობაში.

ქრონიკული პარონიქია

ქრონიკული პარონიქია არის ფრჩხილის მორგვის განმეორებითი ან პერსისტული ინფექცია. დაზიანება, როგორც წესი, მოიცავს ხელის თითებს.

უპირატესად გვხვდება ადამიანებში, რომელთაც ხელები ქრონიკულად სველი აქვთ (მაგ: ჭურჭლის მრეცხავები, ბარმენები და შინამოსამსახურეები), განსაკუთრებით დიაბეტის ან სუსტი იმუნური სისტემის მქონე პირებში. ხშირად ვლინდება საფუარასებრი სოკო Candida-ს არსებობა, მაგრამ მისი როლი ქრონიკული პარონიქიის განვითარებაში საბოლოოდ ნათელი არ არის, რადგან Candida-ს სრული ელიმინაცია ყოველთვის არ იწვევს განკურნებას. კანდიდას კოლონიზაციის გარდა ქრონიკული პარონიქიის მიზეზი ასევე შესაძლოა კანის ანთება (დერმატიტი) იყოს.

მწვავე პარონიქიის მსგავსად, ამ შემთხვევაშიც ფრჩხილის მორგვი მტკივნეული და წითელია, თუმცა, როგორც წესი, არ ახასიათებს ჩირქის კუმულაცია. ხშირია კუტიკულას დაკარგვა და ფრჩხილის ფირფიტის განცალკევება მორგვისგან, წარმოქმნილ სივრცეში კი მიკროორგანიზმები ადვილად იჭრებიან. შესაძლოა ფრჩხილმა ფორმა შეიცვალოს.

დიაგნოზი კლინიკური სურათის საფუძველზე ხდება.

ხელების სიმშრალის შენარჩუნებამ და დაცვამ შესაძლოა უზრუნველყოს კუტიკულას აღდგენა და ფრჩხილის მორგვსა და ფირფიტას შორის წარმოქმნილი სივრცის დახურვა. წყალთან კონტაქტის აუცილებლობისას გამოიყენება ხელთათმანები და დამცავი კრემები, შედეგიანია ასევე კორტიკოსტეროიდების შემცველი საშუალებების აპლიკაციაც. ანტიფუნგალური საშუალებები ეფექტიანია მხოლოდ სოკოვანი ინფექციის დროს. თიმოლის ეთანოლის ხსნარის აპლიკაცია დღეში რამდენჯერმე განაპირობებს დაზიანებული უბნის სიმშრალესა და დაცვას მიკრობებისაგან.

მწვანე ფრჩხილის სინდრომი

მწვანე ფრჩხილის სინდრომი არის Pseudomonas-ით განპირობებული ინფექცია.

მწვანე ფრჩხილის სინდრომი არის Pseudomonas-ით განპირობებული ინფექცია. როგორც წესი, ხშირად ემართებათ ონიქოლიზისით დაავადებულ ადამიანებსა და მათ, ვისაც ხელები ხშირად აქვთ სველი. ონიქოლიზის არეში ფრჩხილი მწვანე ფერს იღებს. სამკურნალოდ შესაძლოა ეფექტიანი იყოს დაზიანებული უბნის გაჟღენთა 1%-იანი ძმარმჟავას ხსნარით დღეში ორჯერ ან ფრჩხილის ამოჭრა და ანტიბაქტერიული საშუალებების გამოყენება.

ვულგარული მეჭეჭები

ვულგარული მეჭეჭის გამომწვევი ადამიანის პაპილომა ვირუსია. ხშირად აზიანებს კუტიკულას, ზოგჯერ ფრჩხილის ქვეშ მდებარე უბანს. ფრჩხილების კვნეტამ (ონიქოფაგია) შესაძლოა ინფექციის გავრცელებას ხელი შეუწყოს. აღნიშნული ლოკალიზაციის მეჭეჭები ძნელად ექვემდებარება მკურნალობას. შესაძლოა ეფექტი იქონიოს თხევადი აზოტით მოყინვამ (კრიოთერაპია).