დაბერების ეფექტები (პირის ღრუს ბიოლოგია) | მკურნალი.გე
  1. დაბერების ეფექტები (პირის ღრუს ბიოლოგია)
  2. პირის ღრუს ბიოლოგია
  3. პირის ღრუს და კბილების დაავადებები
დაბერების ეფექტები (პირის ღრუს ბიოლოგია)

ასაკის მატებასთან ერთად, გემოვნების რეცეპტორები ნაკლებად მგრძნობიარე ხდება, აქედან გამომდინარე, ხანდაზმული ადამიანები მოიხმარენ სანელებლების (განსაკუთრებით მარილი) ჭარბ რაოდენობას ან შეიძლება ჩათვალონ, რომ საკვები უგემურია. ხანდაზმულ ადამიანებს შეიძლება ასევე ჰქონდეთ რაიმე დარღვევები ან იღებდნენ წამლებს, რომლებიც გემოს შეგრძნების უნარზე მოქმედებენ. ზემოთ აღნიშნული დარღვევები მოიცავს შემდეგს: პირის ღრუს, ცხვირის ან სინუსების ინფექციები; ღრძილების დაავადება; პირის ღრუს კიბო; ღვიძლის ან თირკმელების ქრონიკული დაავადება. წამლები, რომლებიც გავლენას ახდენს გემოვნების შეგრძნებაზე, მოიცავს ზოგიერთ მაღალი არტერიული წნევის (კაპტოპრილი), მაღალი ქოლესტერინის (მაგალითად, სტატინები) და დეპრესიის სამკურნალო პრეპარატებს.

ბევრი ხანდაზმული ადამიანი ინარჩუნებს საკუთარ კბილებს, განსაკუთრებით კი ისინი, რომელთაც არ უვითარდებათ კარიესი ან პერიოდონტული დაავადებები, ღრძილებისა და საყრდენი სტრუქტურების დესტრუქციული დაავადებები, რომლებიც ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ბაქტერიის აკუმულაციითაა გამოწვეული.

ზოგიერთი ხანდაზმული ადამიანი ნაწილობრივ და/ან მთლიანად კარგავს საკუთარ კბილებს და, აქედან გამომდინარე, ნაწილობრივ ან სრულ პროთეზირებას საჭიროებს. კბილების დაკარგვა ძირითადი მიზეზია იმისა, რომ ასაკოვან ადამიანებს უჭირთ საჭმლის ღეჭვა და შესაბამისად, საკმარის ნუტრიენტებს ვეღარ იღებენ. ასაკის მატებასთან ერთად კბილის მინანქარი (ემალი) ცვდება, რის შედეგადაც კბილები დაუცველია და ადვილად ზიანდება.

თუმცა, კბილების კარგვის ძირითადი მიზეზი პერიოდონტული დაავადებაა. პერიოდონტული დაავადების მიზეზი კი, სავარაუდოდ, – პირის ღრუს ცუდი ჰიგიენა; აღნიშნული დაავადება უვითარდებათ ასევე მწეველებსა და ისეთი დაავადებების მქონე პაციენტებს, როგორიცაა დიაბეტი, ცუდი კვება, ლეიკემია ან შიდსი (შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი). ასაკის მატებასთან ერთად ფიქსირდება ნერწყვის პროდუცირების ზომიერი შემცირება. ზოგიერთი ექსპერტის აზრით, ამ შემთხვევაში საყლაპავი უფრო მგრძნობიარე ხდება და, შესაბამისად, მისი დაზიანების რისკი იზრდება.