ყური სმენისა და წონასწორობის ორგანოა. ის შედგება გარეთა, შუა და შიგნითა ყურისგან. გარეთა, შუა და შიგნითა ყური ერთად ფუნქციონირებს, გარდაქმნის ხმოვან ტალღებს ნერვულ იმპულსებად, რომლებიც აღწევს ტვინამდე და აღიქმება როგორც ბგერები. შიგნითა ყური მონაწილეობს სხეულის წონასწორობის დაცვაშიც.
გარეთა ყური შედგება ყურის გარეთა ნაწილისგან (ყურის ნიჟარა) და გარეთა სასმენი მილისგან. ყურის ნიჟარა ხრტილოვანი ორგანოა, რომელიც კანითაა დაფარული, აქვს დამახასიათებელი ფორმა, რომელიც აადვილებს ხმოვანი ტალღების თავმოყრას და სასმენი მილის მეშვეობით მათ გატარებას დაფის აპკამდე (თხელი მემბრანა, რომელიც ერთმანეთისგან ყოფს გარეთა და შუა ყურს).
შუა ყური შედგება დაფის აპკისა და მცირე ზომის ღრუსგან, რომელშიც სამი პატარა ძვლისგან შექმნილი ჯაჭვია. მოთავსებული. ისინი დაფის აპკს შუა ყურთან აკავშირებს. ამ ძვლების სახელწოდება მათ ფორმებს შეესაბამება. ჩაქუჩი მიმაგრებულია დაფის აპკზე, გრდემლი ჩაქუჩსა და უზანგს შორის არის მოთავსებული, უზანგი უკავშირდება ოვალურ სარკმელს (შიგნითა ყურის შესასვლელში მოთავსებული თხელი მემბრანა). დაფის აპკის ვიბრაცია სასმენი ძვლების მეშვეობით ძლიერდება და ოვალურ სარკმელს გადაეცემა. შუა ყურში მოთავსებულია ორი უწვრილესი კუნთი. დაფის აპკის დამჭიმავი კუნთი ჩაქუჩს უმაგრდება. მისი მეშვეობით ბგერითი რხევები სუსტდება ან ძლიერდება (დამცველი ფუნქცია). უზანგის კუნთი მოთავსებულია უზანგსა და ოვალურ სარკმელს შორის. იგი მაღალი სიხშირის ბგერის საპასუხოდ იკუმშება, რაც სასმენ ძვლებს რიგიდულს ხდის, ეს კი ბგერის სიხშირეს ამცირებს. ამ რეაქციას აკუსტიკური რეფლექსი ეწოდება, ის იცავს შიგა ყურს ბგერითი დაზიანებისგან.
ევსტაქის მილი მცირე ზომისაა, აკავშირებს შუა ყურს ცხვირის უკანა ზედაპირთან, მისი გავლით ჰაერი გარემოდან შუა ყურში ხვდება. მილი ყლაპვისას იხსნება, ხელს უწყობს დაფის აპკის ორივე მხარეს ჰაერის თანაბარი წნევის შენარჩუნებას და აფერხებს შუა ყურში სითხის დაგროვებას. არათანაბარი წნევის გამო დაფის აპკი შეიძლება ამოიზნიქოს ან ჩაიზნიქოს, რაც სმენაზე ახდენს გავლენას. თვითმფრინავით ფრენისას წნევის უცაბედ ცვლილებას ასუსტებს ნერწყვის ყლაპვა ან ყურის ზემო და ქვემო მიმართულებებით მოძრაობა. ევსტაქის მილის კავშირი შუა ყურთან გასაგებს ხდის იმ ფაქტს, რომ ზედა სასუნთქი გზების ინფექციამ (როგორიცაა სურდო), რომელიც ევსტაქის მილის დახშობას იწვევს, შეიძლება განაპირობოს შუა ყურის ინფექცია ან წნევის ცვლილებები შუა ყურში, რაც ტკივილის მიზეზი ხდება.
შიგნითა ყური (ლაბირინთი) რთული სტრუქტურაა, რომელიც შედგება ორი ძირითადი ნაწილისგან: ლოკოკინა – სმენის ორგანო – და ვესტიბულური სისტემა – წონასწორობის ორგანო. ვესტიბულური სისტემა წარმოდგენილია მრგვალი და ოვალური პარკებით, რომლებიც სხეულის პოზიციის შეგრძნებას განსაზღვრავს და ნახევრად წრიული არხებით, რომლებიც სხეულის წონასწორობას ინარჩუნებს.
ლოკოკინა სპირალურად დახვეული ძვლოვანი არხია, რომელიც სითხით არის ამოვსებული. ლოკოკინაში მოთავსებულია კორტის ორგანო, რომელიც შედგება დაახლოებით 20000 სპეციალიზებული უჯრედისგან – წამწამისგან. ბგერის ვიბრაცია ვრცელდება უწვრილესი ძვლებიდან შუა ყურში შიგნითა ყურის ოვალურ ფანჯრამდე და იწვევს სითხისა და წამწამების ვიბრაციას. წამწამები ვიბრირებს ლოკოკინას სხვადასხვა ნაწილში და სხვადასხვა სიხშირის ბგერებს გარდაქმნის ნერვულ იმპულსებად, რომლებიც თავის ტვინამდე აღწევს. მრგვალი სარკმელი მდებარეობს ლოკოკინასა და შუა ყურს შორის. ის მცირე ზომის, მემბრანით დაფარული ღარია, რომელიც სითხითაა ამოვსებული. სარკმელი ლოკოკინაში ხმოვანი ტალღებით გამოწვეულ წნევის შემცირებას უწყობს ხელს.
მიუხედავად აკუსტიკური რეფლექსის დაცვითი ეფექტისა, მაღალი სიხშირის ბგერებმა შეიძლება დააზიანოს წამწამები, რომლებიც აღარ აღდგება. ხმამაღალი ბგერების ხანგრძლივად ზემოქმედება მათ პროგრესულ დაზიანებას იწვევს, რაც სმენის დაკარგვით სრულდება, ზოგჯერ ყურებში ხმაურს ან შუილს იწვევს (ტინიტუსი).
ლაბირინთი სითხით სავსე სამი მილია, რომლებიც ერთმანეთის მიმართ მართი კუთხითაა განლაგებული. თავის მოძრაობა მილებში სითხის მოძრაობას იწვევს. თავის მოძრაობის მიმართულების მიხედვით სითხე ერთ-ერთ მილში უფრო მეტად მოძრაობს, ვიდრე დანარჩენში. მილები ამოფენილია ბუსუსებით, რომლებიც სითხის მოძრაობას უწყობს ხელს. ბუსუსები ნევრული იმპულსების მეშვეობით აწვდის ინფორმაციას თავის ტვინს თავის მოძრაობის მიმართულების შესახებ, რაც წონასწორობის შენარჩუნებას ხდის შესაძლებელს.
ზედა სასუნთქი გზების ინფექციების ან სხვა დაავადების დროს ლაბირინთის ფუნქციის მოშლამ შეიძლება წონასწორობის დროებითი ან მუდმივი დარღვევა ან თავბრუხვევა (ვერტიგო) გამოიწვიოს.