სეკრეციული ოტიტი არის სითხის დაგროვება შუა ყურში.
სეკრეციული (სეროზული) ოტიტი ვითარდება მწვავე ოტიტის შემდეგ, თუ პროცესი ბოლომდე არ ალაგდა ან ევსტაქის მილია დახშული (ის შუა ყურს და ცხვირის უკანა ნაწილს აკავშირებს). ევსტაქის მილის დახშობის ხშირი მიზეზია ალერგია. სეკრეციული ოტიტი ნებისმიერ ასაკში შეიძლება განვითარდეს, მაგრამ უფრო ხშირია ბავშვებს შორის.
ნორმაში წნევა შუა ყურში წუთში 3-4-ჯერ თანაბრდება, ვინაიდან ევსტაქის მილი ყლაპვის დროს იხსნება. თუ ის დახშულია, შუა ყურში წნევა ქვეითდება, რადგან შუა ყურიდან ჟანგბადი სისხლძარღვებში გადადის. წნევის დაქვეითებისას შუა ყურში სითხე გროვდება, რაც აფერხებს დაფის აპკის მოძრაობას. ჩვეულებრივ, თუმცა ყოველთვის არა, სითხე ბაქტერიებს შეიცავს, მაგრამ მწვავე ინფექციის სიმპტომები (როგორიცაა სიწითლე, ტკივილი და ჩირქი) იშვიათია. პაციენტები ხშირად უჩივიან სისავსის შეგრძნებას დაზიანებულ ყურში, ყლაპვისას ტკაცუნის ხმა ესმით. სმენის დაკარგვა გარდამავალია – დროებითი.
დიაგნოზისთვის ყურის დათვალიერებაა საჭირო; შუა ყურში სითხის არსებობის დასადგენად ტიმპანომეტრია გამოიყენება.
ცხვირის გაჭედვის შესამცირებლად დეკონგენსატები, როგორიცაა ფენილეფრინი და ეფედრინი, ალერგიული პაციენტებისთვის – ანტიჰისტამინური საშუალებები იხმარება, მაგრამ ისინი არ მოქმედებს ექსუდაციურ ოტიტზე. ანტიბიოტიკები არ არის ეფექტური. შუა ყურში დაბალი წნევა შეიძლება დროებით გაიზარდოს, თუ ჰაერი დახშულ ევსტაქის მილში გააღწევს. ამისათვის პაციენტი უნდა შეეცადოს ამოსუნთქვას დახურული პირით, ნესტოებზე ხელმოჭერილმა.
თუ სიმპტომები ქრონიკულია (გრძელდება 3 თვეზე მეტხანს) ტარდება მირინგოტომია – დაფის აპკზე კეთდება მცირე ზომის განაკვეთი, რაც, ასევე მცირე ზომის საწრეტი მილის საშუალებით, სითხის შუა ყურიდან გამოსვლას ხდის შესაძლებელს (ტიმპანოსტომია). მოხსენიებული აადვილებს ჰაერის გადასვლას შუა ყურში.