ქრონიკული ოტიტი | მკურნალი.გე
  1. ქრონიკული ოტიტი
  2. შუა და შიგნითა ყურის დაავადებები
  3. ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებები
ქრონიკული ოტიტი

ქრონიკული ოტიტი არის შუა ყურის ხანგრძლივად მიმდინარე ინფექცია.

  • ქრონიკული ოტიტი გამოწვეულია ქოლესტეატომით ან დაფის აპკის პერფორაციით, რომელიც არ განიკურნა;

  • დაავადების მოულოდნელი გამწვავება შეიძლება აღინიშნოს ყურის ინფექციის ან შუა ყურში წყლის მოხვედრის შემდეგ;

  • პაციენტს შეიძლება ჰქონდეს გამონადენი ჩირქის სუნით;

  • ექიმი ასუფთავებს სასმენ მილს და ნიშნავს წვეთებს.

ქრონიკული ოტიტი უმეტესწილად ევსტაქის მილის დისფუნქციის შედეგია; შეიძლება გამოიწვიოს დაფის აპკის პერფორაციამ, რომელიც არ შეხორცდა ტრავმის ან შუა ყურის მწვავე ინფექციის შემდეგ, ქოლესტეატომამ – კეთილთვისებიანმა სიმსივნემ. პერფორაციის მქონე პაციენტს შეიძლება არაფერი აწუხებდეს, ზოგს ქრონიკული ბაქტერიული ინფექცია უვითარდება.

ქრონიკული ოტიტის მოულოდნელი გამწვავების პროვოცირება შეუძლია ცხვირის ან ყელის ინფექციას, გაციებას, შუა ყურში წყლის მოხვედრას შხაპის მიღებისას ან ცურვის დროს. მოულოდნელ გამწვავებას ახასიათებს უსიამოვნო სუნის ჩირქოვანი გამონადენი ყურიდან. ქრონიკული გამწვავებების ერთ-ერთი მიზეზია ზედაპირიდან ამობურთული წანაზარდი (პოლიპი), რომელიც შუა ყურიდან სასმენ მილში ვრცელდება. ქრონიკული ინფექციის დროს მოსალოდნელია შუა ყურში მოთავსებული მცირე სასმენი ძვლების დაზიანება, რომლებიც დაფის აპკს შიგნითა ყურთან აკავშირებს და ატარებს ბგერებს გარეთა ყურიდან შიგნითა ყურში. მოხსენიებული დაზიანება კონდუქციური სმენის დაკარგვას იწვევს. სხვა სერიოზული გართულებებია შუა ყურის ანთება, სახის ნერვის დამბლა და თავის ტვინის ინფექცია. ქრონიკული ოტიტის მქონე პაციენტების ნაწილს ქოლესტეატომა უვითარდება, რომელიც ძვლებს შლის და მკვეთრად ზრდის სერიოზული გართულებების რისკს.

ქრონიკული ოტიტის დიაგნოზი ეფუძნება ჩირქის დაგროვების კონსტატაციას დაფის აპკის ჯიბეში ან ხვრელში.

მკურნალობა

ქრონიკული ოტიტის გამწვავებისას აუცილებელია სასმენი მილის და შუა ყურის გასუფთავება ასპირაციით და მშრალი ბამბის ტამპონით. ამის შემდეგ ინიშნება ჰიდროკორტიზონის ან ანტიბიოტიკის შემცველი ყურის წვეთები. პერფორაციის დროს ყურში წყლის მოხვედრა დაუშვებელია.

დაფის აპკი შესაძლებელია აღდგეს პროცედურით, რომელსაც ტიმპანოპლასტიკა ეწოდება. თუ სასმენი ძვლების ჯაჭვი დარღვეულია, შესაძლებელია მისი აღდგენაც. ქოლესტეატომას ქირურგიული გზით აცილებენ; წინააღმდეგ შემთხვევაში სერიოზული გართულებებია მოსალოდნელი.