1. ნუშურა ჯირკვლების ცელულიტი და აბსცესი
  2. პირის ღრუს დაავადებები
  3. ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებები
ნუშურა ჯირკვლების ცელულიტი და აბსცესი

ნუშურა ჯირკვლების ცელულიტი არის ტონზილების გარშემო მდებარე ქსოვილების ბაქტერიული ინფექცია. ნუშურა ჯირკვლების აბსცესი კი ჩირქის გროვაა ნუშურა ჯირკვლების უკან.

  • ბაქტერია, რომელიც აინფიცირებს ხახას, ვრცელდება ღრმად – გარშემო მყოფ ქსოვილებზე;

  • ტიპური სიმპტომები მოიცავს ყელის ტკივილს, ტკივილს ყლაპვისას, ცხელებას, შეშუპებას და სიწითლეს;

  • დიაგნოზი ემყარება ყელის გამოკვლევას და ხანდახან ინსტრუმენტული კვლევის შედეგებსაც;

  • ანტიბიოტიკები ინიშნება ინფექციის აღმოსაფხვრელად.

  • აბსცესის დრენირება ხდება ნემსით ან მცირე ზომის განაკვეთის გაკეთებით.

ბაქტერია (უფრო ხშირად, სტრეპტოკოკი და სტაფილოკოკი), რომელიც აინფიცირებს ხახას, შეიძლება გავრცელდეს უფრო ღრმად, გარშემო მყოფ ქსოვილებშიც. ამ მდგომარეობას ეწოდება ცელულიტი. თუ ბაქტერია ვრცელდება უკონტროლოდ, ყალიბდება ჩირქის გროვები (აბსცესი). აბსცესი გვხვდება ნუშურა ჯირკვლებთან (პერიტონზილარული) ან ხახის გვერდით (პარაფარინგეალური) მიდამოში. ნუშურა ჯირკვლების ცელულიტი და აბსცესი ყველაზე ხშირია მოზარდებსა და ახალგაზრდებში.

სიმპტომები

ნუშურა ჯირკვლების ცელულიტი ან აბსცესი ყლაპვისას იწვევს მწვავე ტკივილს, რომელიც ხშირად გადაეცემა ყურს, იწვევს ძლიერ ყელის ტკივილს, ცხელებას, დისკომფორტის შეგრძნებას, პაციენტი ამოძრავებს თავს სხვადასხვა მიმართულებით ტკივილის შესამსუბუქებლად. საღეჭი კუნთების სპაზმი პირის მოძრაობას ართულებს (ტრიზმი). ცელულიტისას გამოხატულია სიწითლე და შეშუპება ნუშურა ჯირკვლების ზემოთ და რბილ სასაზე. აბსცესი აწვება ტონზილებს, ხოლო სასის ნაქი (მცირე ზომის რბილი ქსოვილი, რომელიც დაკიდებულია ხახის უკანა კედელზე) შეიძლება შეშუპდეს და მიებჯინოს აბსცესის მოპირდაპირე მხარეს. სხვა სიმპტომებიდან აღსანიშნავია ე.წ. ცხელი კარტოფილის დამახასითებელი ხმა (საუბრისას თითქოს ცხელი საგანია პირში მოთავსებული), ნერწყვდენა და უსიამოვნო სუნი პირიდან (ჰალიტოზი).

დიაგნოზი და მკურნალობა

დიაგნოსტირება ხდება ყელის დათვალიერებით. გამოკვლევებს ჩვეულებრივ არ მიმართავენ, მაგრამ თუ ექიმი არ არის დარწმუნებული დიაგნოზში, ინიშნება კომპიუტერული ტომოგრაფია (CT) ან ექოსკოპია დაავადების იდენტიფიცირებისთვის. თუ ეჭვობენ ჩირქის არსებობას, მაშინ სპეციალისტი ნემსით ცდილობს მის ამოქაჩვას.

ანტიბიოტიკები – პენიცილინი ან კლინდამიცინი ინიშნება ინტრავენურად. აბსცესის არარსებობისას ანტიბიოტიკი ორგანიზმის ინფექციისგან გათავისუფლებას 48 საათში იწყებს. ხოლო მისი არსებობისას აუცილებელია ნემსით ჩირქის ამოქაჩვა ან დრენირება. მიდამო მუშავდება ადგილობრივი საანესთეზიო სპრეით ან კეთდება ინექცია. მკურნალობა გრძელდება ორალური ანტიბიოტიკებით.

პერიტონზილარულ აბსცესს ახასიათებს ტენდენცია განმეორებისადმი. რეციდივები შეიძლება თავიდან იქნას აცილებული ტონზილების ამოკვეთით (ტონზილექტომია), რომელიც როგორც წესი, კეთდება გამოჯანმრთელებიდან 4-6 კვირაში ან სანამ ინფექციას ანტიბიოტიკებით კონტროლი დასჭირდება.