ლარინგიტი | მკურნალი.გე
  1. ლარინგიტი
  2. პირის ღრუს დაავადებები
  3. ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებები
ლარინგიტი

ლარინგიტი არის ხორხის ანთება.

  • ანთებას, როგორც წესი, იწვევს ვირუსი;

  • ტიპური სიმპტომებია: ხმის ჩახლეჩა და დაკარგვა;

  • დიაგნოზი ემყარება სიმპტომებს და ობიექტურ მონაცემებს;

  • როგორც წესი, ხმის გაფრთხილება და ნებისმირი ტიპის გამღიზიანებლისგან თავის არიდება საკმარისია მკურნალობისთვის.

მწვავე ლარინგიტის ყველაზე ხშირი მიზეზია ზედა სასუნთქი გზების ინფექცია, როგორიცაა გაციება. ლარინგიტი ასევე შეიძლება თან ახლდეს ბრონქიტს ან ზედა სასუნთქი გზების სხვა ინფექციურ ან ანთებით დაავადებებს. ხმის გადაძაბვა, ალერგიული რეაქცია და გამღიზიანებლების შესუნთქვა, მაგალითად სიგარეტის კვამლი, იწვევს მწვავე ან ქრონიკულ ლარინგიტს. ხორხის ბაქტერიული ინფექცია ძალიან იშვიათია.

ქრონიკულია ლარინგიტი, როცა სიმპტომები გრძელდება 3 კვირა და მეტი. იგი შეიძლება გამოწვეული იყოს გასტროეზოფაგური რეფლუქსით ან, უფრო იშვიათად, გახანგრძლივებული ბრონქიტებით. ასევე შეიძლება განვითარდეს ბულემიის მქონე პაციენტებში, რომლებიც ხშირად აღებინებენ.

სიმპტომებიდან აღსანიშნავია: ხმის ტემბრის არაბუნებრივი ცვლილება, ჩახლეჩა ან სულ დაკარგვა, რაც რამდენიმე საათში ან ერთი დღე-ღამის განმავლობაში ვითარდება. ყელში შეიძლება იყოს ღიტინის შეგრძნება და პაციენტს აწუხებდეს ამოხველების მუდმივი სურვილი. სიმპტომები განსხვავებულია დაავადების სირთულის შესაბამისად. ცხელება, ზოგადი საერთო სისუსტე, ყლაპვის გაძნელება, ყელის ტკივილი – გვხვდება მწვავე ინფექციებისას.

დიაგნოსტირება ემყარება ტიპურ სიმპტომებსა და ხმის ტემბრის შეცვლას. შესაძლოა საჭირო გახდეს გამოკვლევაც, რომლის დროსაც სარკის მეშვეობით ან თხელი დრეკადი მილის ჩადგმით ხდება ხორხის ლორწოვანის სიწითლის, ხანდახან კი შეშუპების დათვალიერება. ვინაიდან სიმსივნეს ახასიათებს ხმის ჩახლეჩა, თუ სიმპტომები გრძელდება რამდენიმე კვირაზე მეტხანს, უნდა გამოირიცხოს ონკოლოგიური პათოლოგია.

ვირუსული ლარინგიტის მკურნალობა დამოკიდებულია სიმპტომებზე. ხმის მოფრთხილება (საუბრისგან თავის შეკავება), ხველის დამთრგუნველი მედიკამენტების მიღება, დიდი რაოდენობით სითხე და ორთქლით ინჰალაცია – ამსუბუქებს სიმპტომებს და ეხმარება გამოჯანმრთელებაში. ჩურჩულმა ხორხი შეიძლება უარესად გააღიზიანოს. თამბაქოსათვის თავის დანებება და ბრონქიტის მკურნალობა (თუ პაციენტს აქვს ეს პათოლოგია) შეამსუბუქებს ლარინგიტს. ანტიბიოტიკები ინიშნება მხოლოდ ბაქტერიული ინფექციისას. თუ ლარინგიტი გამოწვეულია სხვა მიზეზებით, მაგალითად გასტრეოზაფაგური რეფლუქსი, ბულიმია ან ინდუცირებულია მედიკამენტით, ტარდება შესაბამისი მკურნალობა.