1. თვალის ბლაგვი ტრავმები
  2. თვალის ტრავმები
  3. მხედველობის სისტემის დაავადებები
თვალის ბლაგვი ტრავმები

ბლაგვი საგნის ზემოქმედებით შეიძლება დაზიანდეს თვალის როგორც წინა ნაწილები (ქუთუთო, კონიუნქტივა, სკლერა, რქოვანა, ფერადი გარსი და ბროლი), ასევე უკანაც (ბადურა და მხედველობის ნერვი). ასეთმა ტრავმამ შეიძლება თვალბუდის ძვლების მოტეხილობაც გამოიწვიოს. ბლაგვი ტრავმების შედეგად ზოგჯერ თვალის ქსოვილების ჭრილობებიც (ლაცერაცია) ვითარდება.

თვალები დაზიანების შემდეგ ძლიერ შუპდება და მათი გახელა ძნელია. მიუხედავად ამისა, ექიმს ეს მაინც სჭირდება პაციენტის გამოსაკვლევად და იმაში დასარწმუნებლად, რომ დაზიანება მხედველობის დაკარგვას არ გამოიწვევს. თვალების გახელა თითქმის ყოველთვის შესაძლებელია ქუთუთოების ნაზად აწევით, თუმცა, ამისთვის ზოგჯერ ინსტრუმენტებიცაა საჭირო.

ჩალურჯებული თვალი

თვალის ბლაგვი ტრავმის შემდეგ სისხლი ქუთუთოსა და მის გარშემო არსებულ ქსოვილში, კანქვეშ შეიძლება გაიჟონოს, რაც თვალის შეშუპებასა და სისხლნაჟღენთის განვითარებას (დაჟეჟილობას) იწვევს. ამას თვალის ჩალურჯებას ეძახიან. სისხლი ერთ-ორ დღეში თვალის ქვეშ გადაინაცვლებს, რის შედეგადაც ქვედა ქუთუთოს ქვემოთ არსებული ქსოვილიც შუპდება და იცვლის ფერს. თავად თვალის ჩალურჯება მხედველობაზე გავლენას არ ახდენს, თუმცა, მას შესაძლოა სხვა, საკმაოდ სერიოზული დაზიანებებიც ახლდეს თან ტრავმის გამო.

თვალის გარშემო არსებული სისხლნაჟღენთი თავისით, მკურნალობის გარეშე გაიწოვება რამდენიმე დღეში ან კვირაში. პირველი 24-48 საათის განმავლობაში შეშუპების შემცირება და ტკივილის შემსუბუქება ცივი კომპრესებით შეიძლება. ამის შემდეგ უკვე უმჯობესია თბილი კომპრესების გამოყენება, რაც სისხლის გაწოვას უწყობს ხელს. თუკი ტკივილი ძალიან ძლიერია, შესაძლოა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (მაგ. იბუპროფენი ან ასპირინი) ან აცეტამინოფენი მიიღოს ადამიანმა.

სისხლჩაქცევა კონიუნქტივაში

კონიუნქტივას (თვალის ზედაპირის უმეტესი ნაწილის მფარავი, თხელი გარსის) სისხლძარღვი შეიძლება გასკდეს, რის შედეგადაც თვალის თეთრ გარსზე სისხლის მკვეთრი, წითელი ლაქა ჩნდება. ზოგჯერ მთელი სკლერა წითელ ფერს იღებს. სისხლჩაქცევა კონიუნქტივას ქვეშაა ანუ ზედაპირულია. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ მდგომარეობა საკმაოდ საშიშს ჰგავს ერთი შეხედვით, პრობლემა უმნიშვნელოა და მკურნალობის გარეშეც გაივლის. გაწოვის პროცესში, რამდენიმე დღეში წითელმა ლაქამ ჯერ მომწვანო და შემდეგ მოყვითალო ფერი შეიძლება მიიღოს. 1-2 კვირაში სისხლჩაქცევა, როგორც წესი, მთლიანად ქრება. კონიუნქტივისქვეშა სისხლჩაქცევა ხშირად თვალის ჩალურჯებას ახლავს თან.

ჰიფემა

ჰიფემა (წინა საკნის ჰემორაგია) სისხლჩაქცევაა თვალის წინა ნაწილში არსებულ სივრცეში, რომელიც სითხითაა ამოვსებული და გამჭვირვალე რქოვანასა და ფერად ირისს შორის მდებარეობს. სისხლდენა შესაძლოა ტრავმიდან რამდენიმე დღის შემდეგ განახლდეს. ჰიფემის გამო მხედველობა შეიძლება სამუდამოდ, ნაწილობრივ ან სრულად დაკარგოს ადამიანმა. ამის მიზეზია: თვალშიდა წნევის გაზრდა (გლაუკომა), რქოვანას შემღვრევა სისხლით ან ორივე.

ჰიფემას განვითარებისას მხედველობა იბინდება და კაშკაშა სინათლის მოქმედება ტკივილს იწვევს. თუ ჰიფემა დიდია, სისხლის ფენა შესაძლოა რქოვანას ქვედა ნაწილის მიღმაც ჩანდეს ფეხზე დგომისას. თუმცა, იგი შეიძლება იმდენად პატარა იყოს, რომ მხოლოდ გამადიდებლით მოხერხდეს დათვალიერება.

მკურნალობა

ჰიფემას მქონე ადამიანი ოფთალმოლოგმა (თვალის ექიმმა) უნდა გამოიკვლიოს რაც შეიძლება მალე. მკურნალობა, როგორც წესი, მოიცავს წოლით რეჟიმსა და საწოლის თავის იმდენად ამაღლებას, რომ ჩაქცეული სისხლი დაილექოს. ინიშნება თვალის წვეთები გუგის გასაფართოებლად (მაგ. ატროპინი) და ანთების სამკურნალოდ (როგორც წესი, კორტიკოსტეროიდები). თვალზე გადაიკვრება დამცავი ფირფიტა (სპეციალურად გამოშვებული ან მუყაოს ჭიქის ძირი) შემდგომი დაზიანებისგან დასაცავად. თვალშიდა წნევა სულ მცირე, დღეში ერთხელ იზომება პირველი რამდენიმე დღის მანძილზე. მისი მომატების შემთხვევაში ოფთალმოლოგმა შესაძლოა თვალის ის წვეთები დანიშნოს, რომლებიც მწვავე გლაუკომის სამკურნალოდ გამოიყენება. ადამიანი რამდენიმე კვირის მანძილზე უნდა მოერიდოს ასპირინისა და სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღებას, რომლებიც სისხლდენის რისკს ზრდიან. ჰიფემა ზრდის სიცოცხლის მანძილზე გლაუკომის განვითარების რისკს, ამიტომ ასეთი დაზიანების შემდეგ აუცილებელია წელიწადში ერთხელ თვალის გამოკვლევა.

ბადურას ჩამოცლა

ბლაგვმა ტრავმამ შესაძლოა ბადურას ნაწილის ან მთელი ბადურას მთლიანობის დარღვევა ან ჩამოცლა გამოიწვიოს თვალის კაკლის უკანა კედლიდან, რომელზეც იგია მიმაგრებული. ხშირად ბადურა ნაწილობრივ ჩამოიცლება (უფრო მეტად მისი გარეთა ანუ პერიფერიული ნაწილი), მაგრამ მკურნალობის დაგვიანების შემთხვევაში მეტი ფართობიც შეიძლება ჩამოიცალოს.

ბადურას ჩამოცლისას თავიდან ადამიანები უსწორმასწორო, მუქ, მცურავ ლაქებს (მცურავებს) ან სინათლის ნათებას ხედავენ. მხედველობის ველის ნაწილი, ხშირად პერიფერიული ანუ გვერდითი, შესაძლოა დაიბინდოს ან გამოვარდეს. თუ ბადურას მეტი ნაწილი ჩამოეცალა თვალის კედელს, მხედველობა უფრო მეტად იბინდება ან იკარგება.

ამ სიმპტომების მქონე ადამიანმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს. დიაგნოზს ოფთალმოლოგი სვამს, რომელიც თვალის უკანა ნაწილს სინათლის მეშვეობით (ოფთალმოსკოპით) შეისწავლის გუგის გაფართოების შემდეგ. ზოგჯერ ულტრაბგერითი კვლევაც ტარდება. ოფთალმოლოგები ხანდახან ჩამოცლილ ბადურას ისევ უკან ამაგრებენ ან თავიდან იცილებენ მდგომარეობის კიდევ უფრო დამძიმებას სხვადასხვა მეთოდით, მაგ. ოპერაციით, ლაზერით ან მოყინვით (კრიოპექსია).

თვალის კაკლის სხვა ბლაგვი ტრავმები

ბლაგვი საგნით ტრავმამ შესაძლოა სხვა დაზიანებებიც გამოიწვიოს, მათ შორის: სისხლდენა თვალის უკანა ნაწილში (სისხლჩაქცევა მინისებრ სხეულში), ფერადი გარსის გაგლეჯა და ბროლის ამოვარდნილობა. ასეთი ტრავმების განვითარებას, როგორც წესი, საკმაოდ დიდი ძალა სჭირდება. დაზარალებულებს თვალის გარეგნულად შესამჩნევი, მძიმე დაზიანებები და მრავალი პათოლოგია აქვთ. მხედველობა ყველა ასეთ შემთხვევაში ქვეითდება. ოფთალმოლოგმა ისინი დაუყოვნებლივ უნდა გამოიკვლიოს და უმკურნალოს.