ბლეფარიტი | მკურნალი.გე
  1. ბლეფარიტი
  2. ქუთუთოებისა და საცრემლე აპარატის დაავადებები
  3. მხედველობის სისტემის დაავადებები
ბლეფარიტი

ბლეფარიტი ქუთუთოების კიდეების ანთებაა, რომლის დროსაც ზოგჯერ ვითარდება ქერცლი, ქერქი, ზედაპირული წყლულები ან სიწითლე და შეშუპება.

  • ანთებას ზოგიერთი ინფექცია, ალერგიული რეაქცია და კანის დაავადება იწვევს;

  • ქუთუთოები გაღიზიანებული, წითელი და შეშუპებულია, შესაძლოა წვა და ქავილიც განვითარდეს;

  • დიაგნოსტიკა, როგორც წესი, სიმპტომებსა და ქუთუთოების გარეგნულ დათვალიერებას ემყარება;

  • ინიშნება განმაპირობებელი დაავადებების მკურნალობა, ზოგჯერ ანტიბიოტიკის მალამოები, ხელოვნური ცრემლი ან ორივე.

მიზეზები

დაავადებებს, რომელთაც ბლეფარიტის გამოწვევა შეუძლიათ, მიეკუთვნება: ქუთუთოებისა და ღრმად მდებარე ჯირკვლების სადინრების (რომლებიც ქუთუთოების კიდეებზე იხსნებიან) სტაფილოკოკური ანთება, ზოგი ვირუსული ინფექცია და ალერგიული რეაქციები (მცენარეთა მტვერზე ან ზოგჯერ თვალის წვეთებზე). კანის დაავადებები, როგორიცაა სებორეული დერმატიტი და როზაცეა სახეს და ქუთუთოებსაც აზიანებს, რაც ანთებასა და ბლეფარიტს იწვევს. ზოგჯერ ამის მიზეზის დადგენა ვერც ხერხდება.

სიმპტომები

ბლეფარიტი შეიძლება თვალში რაღაცის ჩავარდნის შეგრძნებით გამოვლინდეს. აღინიშნება თვალებისა და ქუთუთოების ქავილი, წვა, ქუთუთოების კიდეების შეწითლება. პაციენტებს ასევე აწუხებთ ცრემლდენა და მომატებული მგრძნობელობა ძლიერ სინათლეზე. ქუთუთოები შეიძლება შეშუპდეს და წამწამების ნაწილი დაცვივდეს. ზოგჯერ ჩირქის შემცველი პატარა ბუშტუკები (პუსტულები) ჩნდება ქუთუთოების კიდეებზე და მათგან ზედაპირული წყლულები ყალიბდება (წყლულოვანი ბლეფარიტი). შესაძლოა ასევე ჩამოყალიბდეს ქუთუთოების კიდეებზე მყარად მიკრული ქერქი. მისი მოშორების შემდეგ შესაძლოა სისხლდენა განვითარდეს ქვეშმდებარე ზედაპირიდან. ძილის დროს გამონაჟონი სითხე ანუ სეკრეტი შრება და ქუთუთოები ერთმანეთს ეწებება.

ბლეფარიტს ახასიათებს განმეორებით განვითარება და ჯიუტი დაუმორჩილებლობა მკურნალობისადმი. ეს მდგომარეობა საკმაოდ შემაწუხებელი და ცუდი შესახედავია, მაგრამ, როგორც წესი, რქოვანა არ ზიანდება და მხედველობა არ ირღვევა. ზოგჯერ წყლულოვანი ბლეფარიტის გამო წამწამები შეიძლება დაცვივდეს, ნაწიბური წარმოიქმნას ქუთუთოების კიდეებზე და იშვიათად, ანთება რქოვანაზეც კი გადავიდეს.

დიაგნოზი

დიაგნოსტიკა სიმპტომებსა და ქუთუთოების შესახედაობას ეფუძნება. ექიმმა შესაძლოა ბიომიკროსკოპიც გამოიყენოს მათ უფრო კარგად დასათვალიერებლად. ზოგჯერ ქუთუთოების კიდეებიდან ნაცხს იღებენ და თესავენ, რათა დადგინდეს, რომელი ბაქტერია იწვევს ანთებას და რომელი ანტიბიოტიკი იმოქმედებს მასზე.

მკურნალობა

ხელოვნურმა ცრემლმა და თვალის დამატენიანებელმა მალამოებმა (ღამით გამოსაყენებლად) შესაძლოა შვება მოჰგვაროს ადამიანს. თუკი შესაძლებელია, გამომწვევ ფაქტორს მკურნალობენ. მაგალითად, თუ თვალის წვეთებია ბლეფარიტის სავარაუდო მიზეზი, მათი გამოყენება წყდება. სიმპტომების შემსუბუქება და გამოჯანმრთელების დაჩქარება შეუძლია დახუჭულ თვალზე თბილი კომპრესების დადებას. სებორეული დერმატიტით გამოწვეული ბლეფარიტის შემთხვევაში მკურნალობა მოიცავს თვალის სისუფთავის დაცვას ქუთუთოების კიდეების ყოველდღიურად გაწმენდით პირსახოცით ან ბამბის ბურთულით, რომელიც ბავშვის შამპუნის განზავებულ ხსნარშია დასველებული (შამპუნის 2-3 წვეთი ნახევარ ჭიქა თბილ წყალში). ქუთუთოების კიდეზე მდებარე ცხიმოვანი ჯირკვლების ანთებას თბილი კომპრესები ამცირებს, ამსუბუქებს ქავილსა და წვასაც. ზოგჯერ ექიმი ნიშნავს ანტიბიოტიკის მალამოს, მაგ. ბაქტრიცინსა და პოლიმიქსინ -ს, გენტამიცინის, ერითრომიცინის ან სულფაცეტამიდის შემცველს, ზოგჯერ კი დასალევი ანტიბიოტიკი ინიშნება, მაგ. დოქსიციკლინი. თუ მიზეზი სებორეული დერმატიტია, საჭიროა სახისა და თავის კანის მკურნალობაც, იმ შემთხვევაში კი, როცა ბლეფარიტს როზაცეა იწვევს – მისი შესაბამისი მკურნალობა ინიშნება.