1. ჯიბლიბო
  2. ქუთუთოებისა და საცრემლე აპარატის დაავადებები
  3. მხედველობის სისტემის დაავადებები
ჯიბლიბო

ჯიბლიბო (ჰორდოლეუმ) ქუთუთოს კიდეზე ან მის ქვეშ მდებარე ერთი ან მეტი პატარა ჯირკვლის სწრაფად განვითარებული ინფექციაა, რომელიც ზოგჯერ ჩირქგროვის ჩამოყალიბებას იწვევს.

  • ინფექციას, როგორც წესი, სტაფილოკოკური ბაქტერიებიდან რომელიმე იწვევს;

  • ქუთუთოს კიდეზე აღინიშნება ტკივილი, სიწითლე და შეშუპება;

  • მკურნალობა თბილი კომპრესების ხშირად დადებას მოიცავს;

  • შიგნითა ჯიბლიბოს გახსნასა და დაცლას შესაძლოა ექიმი დასჭირდეს.

ჯიბლიბოს, როგორც წესი, სტაფილოკოკური ინფექცია იწვევს. ზოგჯერ მასთან ერთად ბლეფარიტიც ვლინდება. ადამიანს ცხოვრებაში შეიძლება ერთხელ ან ორჯერ ჰქონდეს ჯიბლიბო, მაგრამ ზოგს უფრო ხშირად უვითარდება იგი. იშვიათად, ჯიბლიბო ქუთუთოს უფრო ღრმად მდებარე ჯირკვლიდან ვითარდება (შიგნითა ჯიბლიბო).

სიმპტომები

ჯიბლიბო, როგორც წესი, იწყება ქუთუთოს კიდის სიწითლითა და ტკივილით. შემდეგ პატარა, მრგვალი, მტკივნეული, შეშუპებული უბანი წარმოიქმნება. შესაძლოა აღინიშნებოდეს ცრემლდენა, მგრძნობიარობა ძლიერი სინათლისადმი და თვალში უცხო სხეულის ჩავარდნის შეგრძნება. ხშირად ქუთუთოს მხოლოდ პატარა ნაწილი შუპდება, ზოგჯერ კი – მთლიანად. შემდეგ შეშუპებული უბნის ცენტრში პატარა, მოყვითალო წერტილი ვითარდება, უფრო მეტად – ქუთუთოს კიდეზე. 2-4 დღეში ჯიბლიბო სკდება, გადმოიღვრება მცირე რაოდენობით ჩირქი და ეს პრობლემაც გაივლის.

შიგნითა ჯიბლიბოს შემთხვევაში ტკივილი და სხვა სიმპტომები უფრო მეტადაა გამოხატული, ვიდრე გარეთას დროს. ტკივილი, სიწითლე და შეშუპება ქუთუთოს ქვეშ უფრო მეტად ვლინდება. ზოგჯერ ანთება მძიმედ მიმდინარეობს და შესაძლოა თან ახლდეს შემცივნება და ცხელებაც.

მკურნალობა

ჯიბლიბოს სამკურნალოდ ზოგჯერ ანტიბიოტიკებიც ინიშნება, მაგრამ ისინი მაინცდამაინც ეფექტური არ არის. საუკეთესო მეთოდია ცხელი კომპრესების დადება თვალზე 5-10 წუთით 2-3-ჯერ დღეში. სითბოს მოქმედებით ჯიბლიბო უფრო იოლად იკეთებს თავს, სკდება და იცლება. შიგნითა ჯიბლიბოს თავისით გასკდომა იშვიათია, ამიტომ შესაძლოა ექიმს მოუწიოს მისი გახსნა და ჩირქისგან დაცლა. შიგნითა ჯიბლიბოები უფრო ხშირად ვითარდება განმეორებით.