1. მშრალი კერატოკონიუნქტივიტი
  2. რქოვანას დაავადებები
  3. მხედველობის სისტემის დაავადებები
მშრალი კერატოკონიუნქტივიტი

მშრალი კერატოკონიუნქტივიტი (მშრალი თვალის სინდრომი) კონიუნქტივისა და რქოვანას სიმშრალეს ნიშნავს.

  • მიზეზი შეიძლება იყოს ცრემლის წარმოქმნის დაქვეითება ან მისი სწრაფად აორთქლება;

  • თვალი გაღიზიანებულია, აღინიშნება მომატებული მგრძნობელობა სინათლეზე, ხშირად წვა და ქავილიც;

  • ცრემლის წარმოქმნის შეფასება შეიძლება ქუთუთოს კიდეზე სპეციალური ქაღალდის მოთავსებით;

  • სიმპტომებს ხელოვნური ცრემლის გამოყენება ამსუბუქებს.

თვალის სიმშრალე ცრემლის არასაკმარისად წარმოქმნამ შეიძლება გამოიწვიოს (თხევადი ცრემლის ნაკლებობით განპირობებული მშრალი თვალის სინდრომი). ამ შემთხვევაში საცრემლე ჯირკვალი ვერ გამოიმუშავებს იმდენ ცრემლს, რომ მთელი კონიუნქტივა და რქოვანა ცრემლის გარსით დაიფაროს. ყველაზე ხშირად ეს ფორმა მენოპაუზის შემდგომ ქალებს აღენიშნებათ. თვალის სიმშრალის მიზეზი შეგრენის სინდრომიცაა შემთხვევათა ნაწილში. იშვიათად, თხევადი ცრემლის ნაკლებობით გამოწვეული მშრალი თვალის სინდრომი სხვა დაავადების გამოვლინებაც შეიძლება იყოს, მაგ, რევმატოიდული ართრიტის ან სისტემური წითელი მგლურასი.

თვალის სიმშრალის მეორე სახეს განაპირობებს ცრემლის შემადგენლობის არასრულფასოვნება, რის გამოც იგი მალე ორთქლდება ზედაპირიდან (აორთქლებით გამოწვეული მშრალი თვალის სინდრომი). საცრემლე ჯირკვალი ამ დროს საკმარისად გამოიმუშავებს ცრემლს, მაგრამ აორთქლების სიჩქარე იმდენად მაღალია, რომ თვალის მთელი ზედაპირი მაინც ვერ იფარება ცრემლის ფენით ზოგიერთი საქმიანობისას და ზოგ გარემოში.

სიმპტომები

მშრალი თვალის სინდრომის დროს ვლინდება: გაღიზიანება, წვა, ქავილი, ქაჩვისა და უცხო სხეულის ჩავარდნის შეგრძნება, თვალის უკან ზეწოლის გრძნობა. თვალის ზედაპირის დაზიანება ზრდის დისკომფორტსა და მგრძნობელობას ძლიერ სინათლეზე. სიმპტომებს აუარესებს:

  • საქმიანობები, რომელთა დროსაც ხამხამი იშვიათდება, განსაკურებით კი თვალის ხანგრძლივი დაძაბვის შემთხვევაში – მაგ. კითხვა, კომპიუტერთან მუშაობა, მანქანის მართვა ან ტელევიზორის ყურება;

  • ცივ, ქარიან, მტვრიან და გამონაბოლქვიან ადგილებში ყოფნა, მშრალი გარემო, მაგ. თვითმფრინავის ან სავაჭრო ცენტრის, გარემო დაბალი ტენიანობით, სადაც გამოიყენება ჰაერის კონდიცირება (განსაკუთრებით მანქანაში), ვენტილატორები ან გამათბობლები;

  • მედიკამენტების გამოყენება, მათ შორის იზოტრეტინოინისა და ზოგი ტრანკვილიზატორის, შარდმდენების, ანტიჰიპერტენზიული საშუალებების, ჩასახვის საწინააღმდეგო აბების, ანტიჰისტამინების ან ანტიქოლინერგული ეფექტის მქონე სხვა წამლების.

სიმპტომები მსუბუქდება გრილ, წვიმიან ან ნისლიან ამინდში, ტენიან გარემოში, მაგ. შხაპის მიღებისას.

თვალის ძლიერი სიმშრალის დროსაც კი იშვიათია მხედველობის დაკარგვა. თუმცა, ზოგი ადამიანისთვის მხედველობის დაბურვა ან თვალის გაღიზიანება იმდენად მძიმე, ხშირი და ხანგრძლივია, რომ მათ ხელი ეშლებათ საქმიანობაში. ზოგჯერ, ძლიერი სიმშრალის დროს რქოვანას ზედაპირი სქელდება ან წყლულდება და ნაწიბურდება. ხანდახან ამ გამჭვირვალე გარსზე სისხლძარღვები იზრდება. ნაწიბური და სისხლმილები მხედველობას უშლის ხელს.

დიაგნოზი

მშრალი თვალის სინდრომის დიაგნოსტირება ექიმს სიმპტომებზე დაყრდნობითაც შეუძლია, მაგრამ ცრემლის წარმოქმნის შესაფასებლად შირმერის ტესტი გამოიყენება, რომლის დროსაც ფილტრის ქაღალდი ქუთუთოს კიდეზე თავსდება. ოფთალმოლოგი თვალს ბიომიკროსკოპითაც დაათვალიერებს, რათა დაადგინოს, დაზიანებული ხომ არ არის იგი.

მკურნალობა

სიმპტომების მნიშვნელოვნად შემსუბუქება რამდენიმე საათში ერთხელ ხელოვნური ცრემლის ჩაწვეთებით შეიძლება. ხელოვნური ცრემლი ხსნარია, რომელიც ნამდვილი ცრემლის მსგავსი ნივთიერებებისგან მზადდება ან ადამიანის ცრემლზე დამატებისას თვალს სინოტივეს უკეთესად უნარჩუნებს. დამატენიანებელი მალამოები ძილის წინ გამოიყენება, უფრო დიდხანს ძლებს, ვიდრე ხელოვნური ცრემლი და ხელს უწყობს თვალის სიმშრალის თავიდან აცილებას დილით. მალამოებს დღის განმავლობაში, როგორც წესი, არ იყენებენ, რადგან მათი წასმის შემდეგ მხედველობა იბურება.

ციკლოსპორინის შემცველი წვეთებით სიმშრალით გამოწვეული ანთების შემცირება შეიძლება. ისინი საკმაოდ მწარეა და შედეგის გამოვლენას თვეები სჭირდება. ანთება მნიშვნელოვნად იკლებს, თუმცა, ეს წვეთები არც ისე ბევრ შემთხვევაშია ეფექტური. მშრალი თვალის სინდრომის დროს ადამიანები, უმჯობესია, მოერიდონ ცივ, ქარიან გარემოს და გამონაბოლქვს, გამოიყენონ ჰაერის დამატენიანებლები.

ზოგჯერ მცირე ოპერაცია ტარდება, რომლის მეშვეობითაც ხელოვნურად აქვეითებენ ცრემლის ჩადინებას ცხვირში, საცრემლე არხით. ამ გზით უფრო მეტი ცრემლი რჩება თვალში მის დასატენიანებლად. ძლიერი სიმშრალის დროს ხანდახან ქუთუთოებსაც აკერებენ ერთმანეთს ნაწილობრივ, რათა შემცირდეს ცრემლის აორთქლება.