თვალის სარტყლისებური ჰერპესი | მკურნალი.გე
  1. თვალის სარტყლისებური ჰერპესი
  2. რქოვანას დაავადებები
  3. მხედველობის სისტემის დაავადებები
თვალის სარტყლისებური ჰერპესი

თვალის სარტყლისებურ ჰერპესს ვარიცელა-ზოსტერის ვირუსი იწვევს.

ვარიცელა-ზოსტერ ვირუსი ჩუტყვავილას გამომწვევიცაა. ინფიცირების შემდეგ ვირუსი მთვლემარე მდგომარეობაში რჩება ნერვთა ფესვებში. ზოგჯერ იგი ხელახლა აქტიურდება და ვრცელდება კანზე, რაც სარტყლისებრი ჰერპესის ანუ სარტყლისებრი ლიქენის სახით ვლინდება. შუბლის ან ცხვირის ინფიცირების შემთხვევაში დაავადება თვალზეც გადადის შემთხვევათა ნახევარში, იმავე მხარეს, საითაც კანია დაზიანებული.

შუბლისა და ზოგჯერ ცხვირის წვერის კანიც პატარა, ძლიერ მტკივნეული, წითელი ბუშტუკებით იფარება. თვალის ინფიცირება კი ტკივილს, სიწითლეს, სინათლისადმი მგრძნობელობის მომატებასა და ქუთუთოს შეშუპებას იწვევს. თვეების ან წლების შემდეგ რქოვანაც შუპდება, ძლიერ ზიანდება და ნაწიბურდება. შეიძლება განვითარდეს მის უკან მდებარე სტრუქტურების ანთებაც (უვეიტი), თვალშიდა წნევის მომატება (გლაუკომა) და რქოვანას მგრძნობელობის დაკარგვა, რის გამოც იგი უფრო ხშირად ზიანდება. აქტიური სარტყლისებრი ჰერპესის შესახედაობა, დამახასიათებელი გამონაყარის არსებობა წარსულში ან ძველი გამონაყარისგან დარჩენილი ნაიარევი უადვილებს ექიმს დიაგნოზის დასმას.

სხეულის ნებისმიერ ნაწილში მდებარე სარტყლისებრი ლიქენის მსგავსად, თვალის ინფექციის შემთხვევაშიც, მტკივნეული გამონაყარის უფრო მალე გაქრობას ხელს უწყობს ანტივირუსული საშუალებით მკურნალობა, მაგ. აციკლოვირით, ვალაციკლოვირით ან ფამციკლოვირით (ისინი დასალევად ინიშნება). თუ ჰერპეს ზოსტერის ინფექცია სახეზეა და თვალის ჩართვის საშიშროებაც არსებობს, ანტივირუსული საშუალებით მკურნალობა ამცირებს ამ მხრივ გართულებების რისკს. თვალის ანთების შემთხვევაში კორტიკოსტეროიდების გამოყენება ხდება საჭირო, როგორც წესი, წვეთების სახით. გუგის გასაფართოებლად, გლაუკომის მძიმე ფორმის თავიდან ასაცილებლად და ტკივილის გასაყუჩებლად ინიშნება სხვა სახის წვეთებიც, მაგ, ატროპინი.