ეპირეტინალური მემბრანა | მკურნალი.გე
  1. ეპირეტინალური მემბრანა
  2. ბადურა გარსის დაავადებები
  3. მხედველობის სისტემის დაავადებები
ეპირეტინალური მემბრანა

ეპირეტინალური მემბრანა (იგივე ცელოფანის მაკულოპათია, მაკულარული ნაოჭი ან პრემაკულარული ფიბროზი) ბადურაზე წარმოქმნილი თხელი მემბრანაა, რომელიც მხედველობას უშლის ხელს.

ეპირეტინალური მემბრანა ნაწიბუროვანი ქსოვილის თხელი გარსია, რომელიც ბადურაზე ვითარდება, იჭმუხნება და ქვეშ მდებარე ბადურასაც ანაოჭებს. იგი ძირითადად 50 წლის შემდეგ გვხვდება და ყველაზე ხშირად 75 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებში ვლინდება.

ასაკის მატებასთან ერთად მინისებრი სხეული (თვალის უკანა ნაწილში არსებული ჟელესმაგვარი ნივთიერება) იჭმუხნება. ბადურას დანაოჭება შეიძლება გამოიწვიოს ან ხელი შეუწყოს სხვადასხვა მდგომარეობამ, მათ შორის:

  • დიაბეტურმა რეტინოპათიამ

  • უვეიტმა

  • ბადურას ჩამოცლამ

  • თვალის ტრავმამ

თუმცაღა, შემთხვევათა უმრავლესობაში რაიმე თვალსაჩინო მიზეზის პოვნა ვერ ხერხდება.

სიმპტომები მოიცავს მხედველობის დაბინდვასა და დარღვევას (მაგ. სწორი ხაზები შეიძლება დაკლაკნილი ჩანდეს). ეპირეტინალური მემბრანის მქონე ბევრი ადამიანი აღნიშნავს, რომ ისინი ისე ხედავენ, თითქოს პოლიეთიენის პარკში იყურებოდნენ. ექიმი დიაგნოზს ოფთალმოსკოპის მეშვეობით თვალის უკანა კედლის დათვალიერებით სვამს. ასევე მიმართავენ ფლუორესცენტულ ანგიოგრაფიასა და ოპტიკურ-კოჰერენტულ ტომოგრაფიას.

პაციენტთა უმრავლესობას მკურნალობა არ ესაჭიროება. თუ მხედველობა დაქვეითდა, ეპირეტინალური მემბრანა ქირურგიულად შეიძლება ამოიკვეთოს, პროცედურით, რომელსაც მემბრანის ათლას უწოდებენ. იგი ადგილობრივი ანესთეზიით კეთდება საოპერაციოში და, როგორც წესი, დაახლოებით 30 წუთს გრძელდება.