1. ბადურას ჩამოცლა
  2. ბადურა გარსის დაავადებები
  3. მხედველობის სისტემის დაავადებები
ბადურას ჩამოცლა

ბადურას ჩამოცლა ნიშნავს მისი ქვეშ მდებარე გარსიდან განცალკევებასა და აშრევებას.

  • ამ დროს ადამიანები ამჩნევენ მცურავი შავი წერტილების რიცხვის სწრაფ ზრდას, მბრწყინავი სინათლის გაჩენას, შეგრძნებას, თითქოს უეცრად თვალზე შავი ფარდა ჩამოეფარათ ან მხედველობა უცებ იკარგება;

  • ექიმი დიაგნოზს თვალის ოფთალმოსკოპით დათვალიერებით სვამს;

  • ბადურას ჩამოცლის შემთხვევათა უმრავლესობაში მკურნალობა შესაძლებელია და მისი დროულად დაწყებით მხედველობაც უმჯობესდება.

ბადურას ჩამოცლა პატარა უბანზე შეიძლება დაიწყოს, რაც ხშირად მისი გახევის შედეგია. თუ ეს ნაწილი მალევე არ მიმაგრდა ქვეშმდებარე გარსზე, მთელი ბადურა შეიძლება აშრევდეს. ბადურას ნახეთქები, რომლებმაც მისი ჩამოცლა შეიძლება გამოიწვიონ, უფრო ხშირად ვითარდება შემდეგი ფაქტორების არსებობისას:

  • ძლიერი ახლომხედველობა (მიოპია)

  • კატარაქტის ოპერაცია

  • თვალის ტრავმა

ჩამოცლილ ბადურას სისხლმომარაგება ნაწილობრივ უწყდება. ამის გამო იგი შესაძლოა გამოუსწორებლად დაზიანდეს, თუ დროულად არ მიმაგრდა უკან. დაზიანებული სისხლძარღვიდან გამოჟონილი სისხლი და სითხე ბადურასა და ქვეშმდებარე გარსს შორის შეიძლება დაგროვდეს, რაც უფრო აუარესებს მხედველობას.

სიმპტომები და დიაგნოზი

ბადურას ჩამოცლა ტკივილს არ იწვევს. ადამიანები ამჩნევენ თვალწინ პატარა, მცურავი წერტილების (მცურავების) რიცხვის უეცარ გაზრდას ან ხედავენ კაშკაშა, მბრწყინავ ნათებას, რაც წამზე ნაკლებ ხანს გრძელდება. თავდაპირველად, როგორც წესი, პერიფერიული მხედველობა იკარგება და ეს პროგრესირებს ბადურას მეტი ფართობის ჩამოცლასთან ერთად. მხედველობის დაკარგვისას ისეთი შეგრძნება ჩნდება, თითქოს უეცრად ფარდა ჩამოეფარა ადამიანს თვალწინ. თუ ყვითელი ხალიც ჩამოეცალა, მხედველობა სწრაფად ქვეითდება და ყველაფერი იბინდება.

გუგის გამაფართოებელი საშუალების ჩაწვეთების შემდეგ ექიმი ბადურას ოფთალმოსკოპით ათვალიერებს, და ხშირად აღმოაჩენს კიდეც ჩამოცლილ უბანსაც. თუ ეს ვერ ხერხდება, თვალის ულტრაბგერით კვლევას მიმართავენ.

პროგნოზი

მხედველობა, როგორც წესი, უმჯობესდება, გარდა შემდეგი შემთხვევებისა:

  • ბადურა რამდენიმე დღის ან კვირის მანძილზე იყო ჩამოცლილი;

  • იყო სისხლდენა ან წარმოიქმნა ნაწიბური;

  • ყვითელი ხალი ჩამოეცალა ან დაზიანდა.

მკურნალობა

ბადურას ჩამოცლის გამოსწორება უმრავლეს შემთხვევაში შესაძლებელია. ქირურგი ამ გარსის მთლიანობას ლაზერის სხივით ან მოყინვით (კრიოპექსიით) აღადგენს. შემდეგ იგი ბადურას თვალის კედელზე ამაგრებს სპეციალური ზონრით, რომელიც თვალს გარშემო ეკვრის (სკლერის ზონარი) ან ბროლის უკან და ბადურას წინ არსებული მინისებრი სხეულის ამოღებით, რასაც ვიტრექტომია ეწოდება. შემდეგ ბადურას ადგილზე დასაფიქსირებლად აირის ბუშტი გამოიყენება.