1. ბადურას ცენტრალური არტერიებისა და ვენების დახშობა
  2. ბადურა გარსის დაავადებები
  3. მხედველობის სისტემის დაავადებები
ბადურას ცენტრალური არტერიებისა და ვენების დახშობა

ბადურას რომელიმე სისხლძარღვის დახშობა მხედველობის უეცარ, უმტკივნეულო დაქვეითებას იწვევს.

  • ექიმები დიაგნოზს თვალის ოფთალმოსკოპით დათვალიერებისას და ზოგჯერ სხვა კვლევების მეშვეობით სვამენ;

  • მკურნალობა ხშირად არაეფექტურია.

ბადურაზე შეიძლება დაიხშოს მთავარი არტერია, ვენა ან მათი რომელიმე ტოტი (არტერიებს სისხლი მიაქვთ ქსოვილებისკენ, ვენებს კი – გააქვთ მათგან).

ბადურას ცენტრალური არტერია მთავარი სისხლძარღვია, რომელიც კვებავს ამ გარსს. იგი შეიძლება დააცოს რაიმე ნაწილაკმა, მაგ. ათეროსკლეროზული ფოლაქისგან მომწყდარმა ან სისხლის თრომბმა, რომელიც წარმოქმნის ადგილიდან სხვაგან გადაიტანება, სანამ რომელიმე სისხლძარღვში არ გაიჭედება და დაახშობს მას (ემბოლია). გიგანტურუჯრედოვანი არტერიიტი – სისხლძარღვების ანთებაც ასევე შეიძლება იყოს ბადურას არტერიის დაცობის მიზეზი.

ბადურას ვენები შეიძლება დაეხშოს გლაუკომის, დიაბეტის, მაღალი არტერიული წნევის მქონე ადამიანებს. ეს ძირითადად ხანში შესულებს ემართებათ ხდება.

სიმპტომები

თუ ბადურას ცენტრალური არტერია დაიხშო, შესაბამის თვალში უეცრად, მაგრამ უმტკივნეულოდ ქვეითდება მხედველობა, ნაწილობრივ ან მთლიანად. მხედველობა შესაძლოა მსუბუქად დაქვეითდეს ან მთლიანად დაიკარგოს.

ბადურას ცენტრალური ვენის დახშობა მსგავს სიმპტომებს იწვევს, თუმცა, ეს თანდათანობით, დღეების ან კვირების მანძილზე ხდება. ხშირია მისი ხელახლა განვითარება.

ბადურას ცენტრალური არტერიის ან ვენის დაცობამ შესაძლოა ახალი სისხლძარღვების ზრდა გამოიწვიოს ბადურაზე ან ფერად გარსზე. ზოგჯერ მათგან სისხლდენა იწყება ან გლაუკომა ვითარდება.

დიაგნოზი

ოფთალმოსკოპის გამოყენებით ექიმი ბადურას სისხლძარღვებს დაათვალიერებს. თუ ცენტრალური არტერიაა დახშული, ბადურა შესაძლოა ფერმკრთალი იყოს. თუ ვენა დაიცო, სხვა ვენები ფართოვდება და იკლაკნება, მხედველობის ნერვის წინა ნაწილი კი შუპდება.

ბადურას დაზიანების ხარისხის ზუსტად დასადგენად და მკურნალობის დასაგეგმად ფლუორესცენტული ანგიოგრაფია გამოიყენება, პროცედურა, რომლის დროსაც ექიმს ვენაში საღებავი შეჰყავს და შემდეგ ბადურას სურათებს იღებს. ზოგჯერ დოპლერულ ულტრაბგერით სკანირებასაც მიმართავენ სისხლძარღვებში სისხლის დინების შესასწავლად.

თუ არტერია დაიხშო ემბოლიით, ექიმები მისი წარმოქმნის ადგილს ეძებენ. ამისთვის ხშირად ტარდება კვლევები, როგორიცაა ექოკარდიოგრაფია ან საძილე არტერიების ულტრასონოგრაფია.

მკურნალობა

მთავარი არტერიის, ვენის ან მათი ტოტების დახშობის მკურნალობა, როგორც წესი, მაინცდამაინც ეფექტური არ არის. უფრო მნიშვნელოვანი და შედეგიანია ამის თავიდან აცილება, რისკ-ფაქტორების (მაგ. მაღალი არტერიული წნევის, შაქრიანი დიაბეტის ან ათეროსკლეროზის განმაპირობებელი სხვა დარღვევების) მკურნალობის გზით.

არტერიის დახშობა:დახშული არტერიის გამავლობის აღსადგენად დაუყოვნებლივ იწყება მკურნალობა. თუმცა, ეს იშვიათადაა ეფექტური. თვალშიდა წნევის შემცირება შესაძლებელია დახუჭული თვალის თითებით მასაჟით, დროდადრო. ამისთვის ასევე მიმართავენ პროცედურას, რომელსაც წინა საკნის პარაცენტეზი ეწოდება. თავდაპირველად თვალის ანესთეზია კეთდება სპეციალური წვეთებით, შემდეგ წინა საკანში ნემსი შეიყვანება და მისგან მცირე რაოდენობით სითხეს იღებენ. ეს სწრაფად ამცირებს თვალშიდა წნევას. პარაცენტეზის მეშვეობით წნევის დაქვეითებით ან თვალის მასაჟით გაჭედილი თრომბი ან ემბოლი შესაძლოა დაიძრას და უფრო პატარა სისხლძარღვში გადავიდეს, რაც შეამცირებს ბადურას დაზიანების ფართობს.

ვენის დახშობა:ბადურას ვენის ტოტის დახშობა სისხლძარღვებიდან სისხლის ჟონვას იწვევს, რასაც ლაზერის სხივით მკურნალობენ მხედველობის გაუმჯობესების მიზნით. მიმდინარეობს კვლევები მკურნალობის სხვა მეთოდზე – თვალშიდა საინექციო წამლებზე.

სისხლძარღვების პათოლოგიური ზრდა:ფერად გარსზე ან მასსა და რქოვანას შორის კუთხეში წარმოქმნილი ახალი, პათოლოგიური სისხლძარღვების მოსაწვავად ლაზერის სხივი გამოიყენება.