ჰიპერტენზიული რეტინოპათია | მკურნალი.გე
  1. ჰიპერტენზიული რეტინოპათია
  2. ბადურა გარსის დაავადებები
  3. მხედველობის სისტემის დაავადებები
ჰიპერტენზიული რეტინოპათია

ჰიპერტენზიული რეტინოპათია ბადურას დაზიანებაა, რომელსაც მაღალი არტერიული წნევა იწვევს.

მაღალმა არტერიულმა წნევამ შეიძლება ბადურა დააზიანოს. იგი უარყოფითად მოქმედებს წვრილ სისხლძარღვებზე, რომელთა კედლებიც სქელდება და მცირდება შიგ გამავალი სისხლის რაოდენობა. შედეგად, ბადურას სისხლმომარაგებაც ირღვევა და მისი ზოგი უბანი ზიანდება. ჰიპერტენზიული რეტინოპათიის პროგრესირებასთან ერთად სისხლძარღვებიდან შეიძლება სისხლი გამოიჟონოს. ეს ცვლილებები მხედველობის თანდათან დაქვეითებას იწვევს, განსაკუთრებით კი მაშინ, თუ ბადურას ცენტრალურ ნაწილში, ყვითელ ხალზე ვითარდება. მსუბუქმა ჰიპერტენზიამაც კი შეიძლება დააზიანოს ბადურას სისხლძარღვები, თუ იგი წლების მანძილზე იყო უმკურნალებელი.

ოფთალმოსკოპის მეშვეობით ექიმი მაღალი არტერიული წნევისთვის დამახასიათებელ თავისებურებებს აღმოაჩენს ბადურაზე. ჰიპერტენზია ამ გარსის სისხლძარღვებს ისევე აზიანებს, როგორც სხვა ორგანოებისას, მაგ. თავის ტვინის, გულისა და თირკმელების. როცა არტერიული წნევა ძალიან მაღალია, ექიმმა სხვა ცვლილებებიც შეიძლება აღმოაჩინოს ბადურაზე, მაგალითად მხედველობის ნერვის წინა ნაწილის შეშუპება.

მკურნალობის მიზანი არტერიული წნევის შემცირებაა. თუ ჰიპერტენზია ძალიან მძიმე და სიცოცხლისთვის სახიფათოა, მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს მხედველობის შესანარჩუნებლად და სხვა გართულებების თავიდან ასაცილებლად, როგორიცაა ინსულტი, გულის უკმარისობა, თირკმლის უკმარისობა და გულის შეტევა.