1. დიაბეტური რეტინოპათია
  2. ბადურა გარსის დაავადებები
  3. მხედველობის სისტემის დაავადებები
დიაბეტური რეტინოპათია

დიაბეტური რეტინოპათია ბადურას დაზიანებაა, რომელსაც შაქრიანი დიაბეტი იწვევს.

  • ამ დროს ბადურას სისხლძარღვებიდან სითხე შეიძლება ჟონავდეს;

  • წარმოიქმნება ახალი სისხლძარღვები, რაც ზოგჯერ სისხლდენას (ჰემორაგია), ნაწიბურის განვითარებას ან ბადურას ჩამოცლას იწვევს;

  • დიაგნოზი ეფუძნება თვალის გამოკვლევას გუგის სპეციალური წვეთებით გაფართოების შემდეგ;

  • დიაბეტური რეტინოპათიის მქონეთათვის და მათთვის, ვისაც ამ გართულების რისკი მაღალი აქვს, მნიშვნელოვანია სისხლში შაქრის დონისა და არტერიული წნევის კონტროლი;

  • უფრო მეტი დაზიანების თავიდან აცილება ზოგჯერ ლაზერით მკურნალობითაა შესაძლებელი.

ამერიკის შეერთებულ შტატებსა და სხვა განვითარებულ ქვეყნებში შაქრიანი დიაბეტი სიბრმავის ერთ-ერთი უპირველესი მიზეზია. ბადურაზე ცვლილებები ყველა დაავადებულს უვითარდება მეტ-ნაკლებად, იმის მიუხედავად, მკურნალობენ თუ არა ისინი ინსულინით. დიაბეტური რეტინოპათიის განვითარების რისკი ბევრად დიდია, თუ ადამიანს მაღალი არტერიული წნევაც აწუხებს, რადგან ეს ორივე დაავადება აზიანებს ბადურას. ორსულობამ დიაბეტური რეტინოპათია კიდევ უფრო შეიძლება დაამძიმოს.

სისხლში შაქრის (გლუკოზის) მაღალი დონე ასუსტებს წვრილი სისხლძარღვების კედლებს, მათ შორის ბადურაზე მდებარესაც და შესაბამისად, უფრო მოწყვლადს ხდის დაზიანებისადმი. ასეთი სისხლმილებიდან სისხლი და სითხე ჟონავს და ბადურას ქვეშ გროვდება.

რეტინოპათიისა და მხედველობის დაკარგვის ხარისხს ძირითადად ქვემოთ ჩამოთვლილი ფაქტორები განსაზღვრავს:

  • რამდენად კარგად კონტროლდება სისხლში შაქრის დონე;

  • რამდენად კარგად კონტროლდება არტერიული წნევა;

  • რამდენი ხანია, რაც ადამიანს შაქრიანი დიაბეტი აქვს.

ზოგადად, რეტინოპათია პირველი ტიპის დიაბეტის ჩამოყალიბებიდან 5 წელში ვითარდება. მეორე ტიპის შემთხვევაში კი დაავადება ადამიანს წლების მანძილზე შეიძლება ჰქონდეს, სანამ დიაგნოზი დაისმებოდეს, ამიტომ რეტინოპათია დიაბეტის დიაგნოსტირების დროს შესაძლოა უკვე არსებობდეს.

სიმპტომები

შაქრიანი დიაბეტი თვალში ორი ტიპის დაზიანებას იწვევს:

არაპროლიფერაციული დიაბეტური რეტინოპათიის დროს ბადურას წვრილი სისხლძარღვებიდან სითხე ან სისხლი ჟონავს და მათზე შესაძლოა პატარა გამობერილობებიც გაჩნდეს. ბადურას ის უბნები, სადაც სითხე გამოიჟონა, შუპდება, რაც მხედველობის დაქვეითებით ვლინდება ველის შესაბამის ნაწილებში. თავდაპირველად მხედველობა მცირედ ირღვევა, თუმცა, თანდათან ეს უფრო მეტად გამოიხატება. შესაძლოა გაჩნდეს ბრმა ლაქები, მაგრამ ამას, როგორც წესი, ადამიანი თავად ვერ ამჩნევს და მხოლოდ გამოკვლევით დგინდება. თუ სითხე ყვითელი ხალის მახლობლად გამოიჟონა, შესაძლოა ცენტრალური მხედველობა დაქვეითდეს. ყვითელი ხალის ანუ მაკულას შეშუპებამ სისხლძარღვებიდან სითხის ჟონვის გამო მხედველობის მნიშვნელოვანი დაკლება შეიძლება გამოიწვიოს.

პროლიფერაციული რეტინოპათიის დროს ბადურას დაზიანება ახალი სისხლძარღვების განვითარების მიზეზი ხდება. ისინი ნორმალური სისხლმილებისგან განსხვავდება, ამიტომ ზოგჯერ მდგომარეობა სისხლდენით ან ნაწიბურის წარმოქმნით რთულდება. დიდი რაოდენობით ნაწიბუროვანმა ქსოვილმა ბადურას ჩამოცლა შეიძლება გამოიწვიოს. პროლიფერაციული რეტინოპათიის დროს მხედველობა უფრო მეტად ქვეითდება, ვიდრე არაპროლიფერაციულის შემთხვევაში. სრული ან თითქმის სრული სიბრმავე შეიძლება განვითარდეს მინისებრ სხეულში (თვალის უკანა ნაწილში მდებარე ჟელესმაგვარ ნივთიერებაში) დიდი სისხლჩაქცევის შედეგად ან მაშინ, თუ ბადურა ჩამოიშალა დაქაჩვის გამო. ახალი სისხლძარღვების ზრდამ გლაუკომაც შეიძლება გამოიწვიოს. ყვითელი ხალის შეშუპება და მხედველობის მნიშვნელოვანი დაქვეითება პროლფერაციული რეტინოპათიის დროსაც შეიძლება განვითარდეს.

დიაგნოზი

ექიმები პროლიფერაციული და არაპროლიფერაციული რეტინოპათიის დიაგნოზს ბადურას ოფთალმოსკოპით ან ბიომიკროსკოპით დათვალიერებით სვამენ. ფლუორესცენტული ანგიოგრაფია გამოიყენება სისხლძარღვებიდან ჟონვის, დარღვეული სისხლის მიმოქცევისა და ახალი, პათოლოგიური სისხლმილების წარმოქმნის უბნების აღმოსაჩენად.

პრევენცია

დიაბეტური რეტინოპათიის თავიდან აცილების საუკეთესო საშუალება დიაბეტის მკურნალობა და არტერიული წნევის ნორმის ფარგლებში შენარჩუნებაა. დაავადებულებს ესაჭიროებათ თვალის ყოველწლიური გამოკვლევა, რომლის დროსაც გუგას სპეციალური წვეთებით აფართოებენ, რათა რეტინოპათიის დადგენა მოხერხდეს და შესაბამისი მკურნალობა დროულად დაიწყოს. შაქრიანი დიაბეტის მქონე ორსულმა ქალებმა ეს გამოკვლევა სამ თვეში ერთხელ უნდა ჩაიტარონ.

მკურნალობა

მკურნალობა გულისხმობს ლაზერულ ფოტოკოაგულაციას, რომლის დროსაც ბადურაზე ლაზერის სხივით მოქმედებენ ახალი, პათოლოგიური სისხლძარღვების ზრდის შესანელებლად და მათგან ჟონვის შესამცირებლად. ლაზერული ფოტოკოაგულაციის ჩატარება განმეორებითაც შეიძლება გახდეს საჭირო. თუ სისხლდენა დაზიანებული სისხლძარღვებიდან ძალიან ძლიერია, შესაძლოა გაკეთდეს პროცედურა – ვიტრექტომია. ამ დროს მინისებრი სხეულის სივრციდან ჩაღვრილ სისხლს იღებენ. მინისებრ სხეულში სისხლჩაქცევის გამო ჩატარებული ვიტრექტომიის შემდეგ მხედველობა ხშირად უმჯობესდება. მაგრამ თუ ეს ოპერაცია ბადურას დაქაჩვით გამოწვეული ჩამოცლის სამკურნალოდ ჩატარდა, ეფექტი მხოლოდ ზოგჯერ მიიღწევა. ლაზერით მკურნალობა იშვიათად აუმჯობესებს მხედველობას, თუმცა, ხელს უშლის მის უფრო მეტად დაქვეითებას.

უფრო ახალი მეთოდები, რომლებზეც კვლევები მიმდინარეობს, წამლების თვალშიდა ინექციებს გულისხმობს. ისინი ძლიერ დაქვეითებული მხედველობის მქონე ადამიანებს შეიძლება დაეხმაროს.